აშშ-ში 3 ნოემბერს პრეზიდენტს აირჩევენ. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, “რესპუბლიკელების” ლიდერი, დონალდ ტრამპი და “დემოკრატების” ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან.
მოახლოებულ არჩევნებს ინტერესით აკვირდება მსოფლიო და კვლავ აქტუალურია არჩევნებში უცხო ქვეყნების გავლენის საკითხი. ბრიტანული გამოცემა BBC აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს სათაურით – “აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები – ვისი გამარჯვება სურთ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს,” სადაც განხილულია ამ სამი ქვეყნის მცდელობები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. გთავაზობთ სტატიის შემცირებულ ვერსიას.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკელ მაღალჩინოსანთა შეფასებით, უცხო ქვეყნის ძალები მიმართავენ “ფარულ და ცხად მცდელობებს“ ამომრჩეველთა მოსაზრებაზე გავლენის მოსახდენად და ამ უცხო ქვეყნებში ისინი რუსეთს, ჩინეთსა და ირანს გულისხმობენ.
მათივე შეფასებით, ეს სამი ქვეყანა არ მოქმედებს ურთიერთშეთანხმებულად. აშშ-ის დაზვერვის სამსახურში თვლიან, რომ ყველა მათგანს აქვს საკუთარი მიზანი და მოქმედების საკუთარი გეგმა.
- რუსეთი
რას ამბობს აშშ-ის დაზვერვა? – როგორც BBC წერს, 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რუსეთს “სცენის ქურდის“ როლი ჰქონდა. აშშ-ის დაზვერვას მიაჩნია, რომ რუსეთმა სცადა ამომრჩეველზე გავლენა მოეხდინა, რათა მათ არჩევანი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გაეკეთებინათ, რაზეც მეტყველებს შემდეგი ფაქტები:
- კიბერ-შეტევა ტრამპის მაშინდელ ოპონენტ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასა და “დემოკრატებზე”.
- შეხვედრა ტრამპის გუნდსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის.
- ის ფაქტი, რომ რუსეთის სამიზნე იყო შეერთებული შტატების ამომრჩევლების მონაცემთა ბაზები.
- ყალბი მასალების ინტერნეტით გავრცელება..
2020 წელს ჰილარი კლინტონის ნაცვლად დონალდ ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენია და რუსეთი ამჯერად ბაიდენის საწინააღმდეგოდ ცდილობს საზოგადოების აზრის ფორმირებას.
“რუსეთი იყენებს რიგ ზომებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის “გასაშავებლად“, – ამის შესახებ აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უილიამ ევანინამ განაცხადა.
FBI-ის დირექტორის, კრიტოფერ რეის აზრით კი, რუსეთს არასდროს შეუწყვეტია აშშ-ის პოლიტიკაში ჩარევა. მისი თქმით, ქვეყანას ჰქონდა მცდელობა 2018 წლის კონგრესის არჩევნებში ჩარევის და ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების “დიდი შოუსთვის”.
რუსეთი მუდმივად უარყოფს მსგავს ბრალდებებს. 2020 წლის დასაწყისში კრემლის პრეს-სპიკერმა ყოველივეს “პარანოიკული განცხადებები“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს საერთო არაფერი ჰქონდა სიმართლესთან.
ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის მიზანია, დაბნეულობისა და ქაოსის შექმნით, დესტაბილიზაციის გამოწვევა.
რაც შეეხებათ უშუალოდ საპრეზიდენტო კანდიდატებს, ჯო ბაიდენი რუსეთს ამერიკის “მოწინააღმდეგეს“, ხოლო დონალდ ტრამპს “პუტინის ლეკვს” უწოდებს. პრეზიდენტი ტრამპი კი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი ამერიკის შიდა საქმეებში ერეოდეს, რითაც წინააღმდეგობაში მოდის საკუთარი დაზვერვის სამსახურის წრმომადგენლების განცხადებებთან.
- ჩინეთი
რას ამბობენ აშშ-ის დაზვერვის სამსახურში? – ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ რუსეთზე უფრო მეტ საფრთხეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩინეთისგან უნდა ელოდონ.
“ჩინეთს ურჩევნია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელსაც პეკინი არაპროგნოზირებადად მიიჩნევს, არჩევნებში მეორე ვადით არ გაიმარჯვოს“, – ამბობს აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, უილიამ ევანინა.
მისივე თქმით, ჩინეთი ცდილობს გავლენის გაფართოებას და ძალისხმევას არ იშურებს აშშ-ში სასურველი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ევანინა აღნიშნავს, რომ ჩინეთი წინაააღმდეგია იმ პოლიტიკოსების, რომლებიც ამ ქვეყანას აკრიტიკებენ და მისი ინტრესების წინააღმდეგნი არიან. ასევე, ჩინეთს აქვს მეთოდები, გავლენა მოახდინოს მოსაზრებებზე, მათ შორის, სოციალური მედიის გამოყენებით. ამერიკის დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ჩინეთის განზრახვა შესაძლოა, გაცილებით უფრო მეტი იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ჩინეთმა უარყო სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის შესახებ ბრალდება და ოფიციალურად განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევის “არც ინტერესი აქვთ და არც სურვილი“.
რას ამბობენ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები? – პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტერზე“ დაწერა, რომ ჩინეთის ფავორიტი არჩევნებში ჯო ბაიდენია. “რა თქმა უნდა, მათ ბაიდენი სურთ. ჩინეთი გაატარებს თავის ინტერესებს ამერიკაში, თუ ბაიდენი გაიმარჯვებს“, – დაწერა ტრამპმა. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის შეეცადა ტრამპის ბრალდებისგან თავი დაეღწია და განაცხადა, რომ როდესაც საქმე ეხება აშშ-ის არჩევნებში ჩარევას, რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც იქცევა აგრესიულად.
- ირანი
რას ამბობენ აშშ-ის დაზვერვის სამსახურში? – ევანინა თავის განცხადებაში ამბობს, რომ ირანი წინააღმდეგია დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის. ირანს სჯერა, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს გამოიწვევს ირანზე აშშ-ის ზეწოლის გაგრძელებას ირანში არსებული რეჟიმის შეცვლის მცდელობის კუთხით.
მისი თქმით, ირანი არჩევნების პერიოდში კონცენტრირებული იქნება სოციალურ მედიაში დეზინფორმაციისა და ანტიამერიკული კონტენტის გავრცელებაზე. ამასთან, კომპიუტერული გიგანტი Microsoft აცხადებს, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები ცდილობენ, დიდი როლი შეასრულონ აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენის კუთხით. ყოველივეს ადასტურებენ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურშიც.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, ირანელ ჰაკერთა ჯგუფი თეთრი სახლის ოფიციალური პირებისა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ანგარიშებზე წვდომას შეეცადა მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის პერიოდში, თუმცა წარუმატებლად.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა ბრალდებებს ფარსი უწოდა. “ირანი არ არის დაინტერესებული იმით, თუ ვინ შევა თეთრი სახლის საპრეზიდენტო რეზიდენციაში“, – განაცხადა საედ ხათიბზადემ.
ექსპერტთა შეფასებით, ირანის მიზანი რეგიონალური უპირატესობის მოპოვებაა.
“ირანის მიერ ციფრულ მედიაში გავრცელებული დოკუმენტები პირდაპირ ასახავს ამ ქვეყნის მსოფლმხედველობას და საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. შესაბამისად, ირანის ამოცნობა სხვა მოთამაშეებთან შედარებით უფრო მარტივია“, – ნათქვამია ატლანტიკური საბჭოს მოხსენებაში.
წყარო – ამბები.ჯი
კომენტარები