წალენხიჯის მერიის პასუხი ალტ–ინფოს ბანერების განთავსებაზე წალენჯიხის მუნიციპალიეტის ცენტრში – “ალია” ექსკლუზიურად გაგაცნობთ დოკუმენტს, რომელიც წყარომ მოგვაწოდა, სადაც, წალენხიჯის მერია, ოპოზიციონერი მერის, გია ხარჩილავას ხელმოწერით, ალტ–ინფოს დაფუძნებული პარტიის წარმომადგენელს პასუხობს და წერს, რომ “პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის ოფისის გახსნა და ბანერის განთავსება, საფრთხის შემცველია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ევროპული მომავლისთვის, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონში, სადაც დიდია რუსეთიდან მომდინარე რისკები.”
წერილში მერია იშველიებს კონსტიტუციის 78–ე მუხლს, სადაც წერია:
“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”
გია ხარჩილავას ხელმოწერილ წერილში, ვკითხულობთ:
“მუნიციპალიტეტის მიერ, ზემოაღნიშნული ძალებისთვის ყოველგვარი ხელშეწყობა განიხილება როგორც საქართველოს ევროპული მომავლისა და ჩვენი ტერიტორიის მთლიანობის ხელყოფა.” – ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მუნიციპალიტეტებში რაიმე ტიპის ხელშეწყობით სარგებლობს “ალტ–ინფოს” დაფუძნებული კონსერვატიული მოძრაობა, ეს დანაშაულად შეიძლება იქნეს გადაკვალიფიცირებული და იმ მუნიციპალიტეტების მერების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?
“ალიას” ასევე მოაწოდეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ კონსერვატიული მოძრაობის და მსგავსი პარტიების საქმიანობის აკრძალვის შესახებ, გია ხარჩილავა გეგმავს უზენაეს სასამართლოში სარჩელის შეტანას.
საქართველოში წლებია გვიმტკიცებენ, რომ თვითმმართველობებს, მერებს არაფერი შეუძლიათ, მათ არავინ არაფერს ეკითხებათ და ცენტრალური ხელისუფლების ნებას უნდა დაჰყვნენ – ალბათ, თქვენი მუნიციპალიტეტის მერიც შლის ხოლმე ხელებს, აიჩეჩავს მხრებს და გეტყვით, აბა, რა ვქნა, ზემოდანაა ბრძანება… თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე არაა და თვითმმართველობას ძალაც აქვს და ფასიც, თუ მას უნდა რამის გაკეთება და ეს წალენჯიხის მაგალითზე კარგად გამოჩნდა.
კომენტარები