ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში, წერდა, რომ მე-18 დაწესებულებში ადამიანებს აწამებენ, მათ არ მიეწოდებათ მედიკამენტები და თუ პატრონი არ ჰყავთ, განწირულები არიან. დღეს მარიამ გვეუბნება, რომ იგივე დგომარეობაა ყველა ციხეში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში პატიმარი სასიკვდილოდ სცემეს, შემდეგ კი, ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანა ის ციხის ადმინისტრაციამ ვივამედში და ადვოკატის თქმით, მაშინ, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სახის ძვლების არც ერთი ნაწილი მთელი არ აქვს, ციხის ექიმმა გარეგანი დაზიანებებიც კი არ აღწერა.
დღეს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი წარმომადგენლები ესაუბრებიან პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და რომ ენდობიან ციხის სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებულ კვლევებს და ამ კვლევების პასუხებს.
“ალია” კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მარიამ კუბლაშვილს და ვკითხეთ, შეიცვალა, თუ არა, სიტუაცია ციხეში, სამედიცინო კუთხით, ადვოკატმა გვიპასუხა, რომ არა, მდგომარეობა უცვლელია. ვკითხეთ მას, იგივე მდგომარეობაა, თუ არა, სხვა ციხეებშიც, თუ მხოლოდ მე–18 დაწესებულების სამედიცინო მომსახურებაზე აქვს ინფორმაცია, რაზეც გვიპასუხა, რომ იგივე მდგომარეობაა ყველა ციხეში.
“ალია” გთავაზობთ, მარია კუბლაშვილის 2020 წლის წერილს, რომლის შემდეგაც, ადვოკატის თქმით არაფერი შეცვლილა და როგორი მდგომარეობაც, უფლებადამცველს ყველა ციხეში ხვდება:
“საშინელი განუკითხაობა და ადამიანთა წამება ხდება სასჯელაღსრულების N18-ე დაწესებულებაში.
არაადამიანური ტკივილები აქვს ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების ქვეშ, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს.
ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება, ექიმი არ არის ელემენტარული რომ დაგჭირდეს, რა ვქნათო, ანალგინი ან ვალერიანი შეიძლება მიაწოდონ…
რა ჩვენი ბრალია, ესაა რაც გაგვაჩნიაო…
ელოდებიან როდის ვეღარ გაუძლებს და ტკივილისგან ხორცს დაიჭამს…
რა უბედურებაა ეს მინდა ხმამაღლა ვიყვირო უსამართლობის გამო.
რამდენჯერ წერილი მივწერე სამედიცინო დეპარტამენტს, ყავარჯენი მოვითხოვე, წამალი მე თავად ვუყიდე, მაგრამ გაუსაძლისია, ტკივილები იმატებს და ყველაზე დიდი უბედურება გულგრილობაა, სიბნელეში ვართ სიბნელეშიიიიიიი!!!!!!!!!!”
იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადვოკატის წერილს უპასუხა და არგუმენტად თქვა რომ პატიმარს ბევრჯერ ჩაუტარდა მკურნალობა და ოპერაცია, თითქოს რაოდენობა ხარისხსს განსაზღვრავდეს, ან თუ სამჯერ გაეწია ადამიანს სამედიცინო მომსახურება, მეოთხედ აღარ უნდა გაეწიოს და თქვა იცის, რომ ამ კონკრეტული პატიმრის მკურნალობა 66 537 ლარი დაჯდა, თითქოს, ბიუჯეტიდან აღებული თანხა, ხარისხიანი მომსახურების გარანტი იყოს. არადა, პირიქით, თუ ბიუჯეტიდან ამდენი თანხის აღების და ამდენი ოპერაციის შემდეგაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იქნებ, სწორედ სისტემაში უნდა ეძებნა მინისტრს პრობლემა?
ადვოკატმა, მინისტრის წერილს მაშინვე უპასუხა და დაწერა:
“სამწუხაროა, პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუეშიც დამადანაშაულა. პატიმარმა ჟურნალისტებსაც (მაგ: Anuna Akhalaia) დაურეკა, აღნიშნა, რომ გაუსაძლის მდგომარეობაშია და რამდენიმე დღეა შიმშილობს. გატარებულ ღონისძიებებს და ისტორიას არც უარყოფს, სჯობდა მე დამკავშირებოდნენ ვიდრე ბრმად სამედიცინო ისტორიას გადმოაკოპირებდნენ.
ნათლად ჩანს დამოკიდებულება, პატიმრის მიმართ გულისხმიერების ნაცვლად ჩემი სიცრუეში დადანაშაულება დაიწყეს. რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი პროთეზის თხოვნით, რათა პატიმარი გადაეყვანათ გეგუთში, მიჯაჭვულია ლოგინს და სავარძელს, ჰაერზე გაყვანას ითხოვს, სუნთქვას…
მე შევედი ადამიანი ტიროდა, ასეთი უსუსური და სასოწარკვეთილი მეც არასდროს ვყოფილვარ, როგორ დავხმარებოდი ვერ გავიგე. სამწუხაროდ დავის განხილვის დროს, განაჩენის დადგომამდე მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ.
პატიმრის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც გაუსაძლისი ტკივილები ეწყება ამ დროს არანაირი ყურადღების გამოვლენა არ ხდება, შემდეგ ცხოველივით ღმუის და ყვირის კაცი, ფაქტია, რომ გარდუვალია სულ მალე მეორე ფეხის ამპუტაციაც. ელემენტარულად მედიკამენტი არ დააფინანსა სახელმწიფომ და ჩემი ხარჯით შევუძინე, მომწერა სამედიცინო დეპარტამენტმა თავად შეიძინეთო.
ოჯახს საშუალება აღარ აქვს, ანუ მოკვდეს? მედიკამენტის სახელწოდება – პარკინია. არასდროს არაა საკმარისი ექიმი და მედიკამენტი ეს პირველად ჩემგან გაიგეთ? რამდენი პატიმარი იტანჯება სამედიცინო მომსახურების ხარვეზების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში, ან კლინიკა ,,ვივამედი” ვისია და რატომ არის მიჯაჭვული პენიტენციური სამსახური კონკრეტულად ამ კლინიკაზე? ჩემი პოსტის შემდეგ პატიმარი ,,ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც უამრავი ხარვეზია ქრონიკულად. საერთოდ ყველა პატიმარი იქ გადაჰყავთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩივილები აქვს მას. ყოვლისშემძლეა კლინიკა ,,ვივამედი”. სირცხვილია სხვა თუ არაფერი!”
“ალიამ” არაერთი წერილი გამოაქვეყნა ციხიდან მიღებული, სადაც პატიმრები მედიკამენტების არქონის გარდა, კვების შემცირებაზეც საუბრობენ. არაერთხელ ვცადეთ მაშინ მინისტრ წულუკიანისგან, ან მისი უწყებისგან პასუხი მიგვეღო – მაგრამ, ამაოდ.
ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც წულუკიანისგან რატი ბრეგაძემ გადაიბარა და რომლის გამოსწორება, არავის უცდია დღემდე!
ეს ის მემკვიდრეობაა, რომლის კვლევებსად და დიაგნოზებსაც, სახალხო დამცველი ასე ბრმად უცხადებს ნდობას, მეტიც, მათზე დაუყრდნობით, მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კონსილიუმიც არ მოუწვევია დღემდე.
მარიამ კუბლაშვილის ეს წერილი “ალიას” მკითხველს კარგად ახსოვს, ამიტომ დღეს ის ხელმეორედ, სპეციალურად სახალხო დამცველისთვის ქვეყნდება, რომელიც ამბობს, რომ სწორედ მისი მოვალეობაა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების მონიტორინგი. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ სახალხო დამცველისთვის ეს ინფორმაცია ახალი იქნება, რადგან გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ სასტიკად ნაცემ ადამიანს ინსულტის დიაგნოზი დაუწერა ციხის ადმინისტრაციამ, წესით, მინიმუმ, ეჭვი მაინც უნდა გასჩენოდა, ციხეებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.
თუ პენიტენციური სამსახური უპასუხებს ბრალდებებს, მასალა განახლდება.
კომენტარები