ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს:
„გავრცელდა ვიდეო, სადაც ღამე უცნობი ადამიანები მთლიანი ეკიპირებით, ისე რომ წერტილიც არ უჩანთ არსად, წამლავენ საბავშვო მოედნებს და სკვერებს! მოქალაქის კითხვაზე – რას აკეთებენ შუაღამისას, პასუხობენ, რომ პესტიციდებს წამლავენ !!სკამებს და ირგვლივ ყველა საგანს ასევე, თურმე , პესტიციდებზე წამლავენ !! თუ ვინმემ სადმე მსგავსი ფაქტი შეამჩნიეთ, აუცილებლად მოხსენით სახიდან ნიღაბი და გვაჩვენეთ ვინ არიან, რომ ჩვენც გავიგოთ რა საწამლავს ასხამენ ღამღამობით ბოლოს და ბოლოს !!”
მასალის განახლება:
თბილისის მერიის განცხადება:
“გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც თბილისის სკვერებში ხე-მცენარეების შეწამვლის პროცესია ასახული. აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოების ნაწილის ინტერესი გამოიწვია – იწვევს თუ არა შეწამვლის პროცესი ტერიტორიის დაბინძურებას.
გაცნობებთ, რომ მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია დედაქალაქში რეგულარულად ხორციელდება. ეს ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან იცავს.
წამლობის მეთოდიკა და შესაბამისი ნივთიერებები კვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩევა. ყველა პრეპარატი აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი.
წამლობა ხორციელდება ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია.
„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოების წარმოების დროს იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რადგან მათ ყოველდღიურად უშუალო შეხება აქვთ პრეპარატებთან, როგორც შეწამვლის დროს, ასევე გაზავებამდე, როდესაც ისინი მაღალი კონცენტრაციისაა.
„ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წამლობის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვევს შეუქცევად პროცესებსა და თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას.”
კომენტარები