ექიმი-ლაბორანტი, პრივატ კლინიკის, მცხეთის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიის და ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სისხლის ბანკის ხელმძღვანელის – ქალბატონი თინა ჯანაშვილის ფესვები წარმატებული ექიმების ოჯახიდან მოდის. მრავალწლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ და განვითარებისთვის მუდმივმა შრომამ ის ფაქტობრივად შეუცდომელ პროფესიონალად ჩამოაყალიბა. საკუთარ წარმატების გზაზე, ლაბორატორიის როლზე მედიცინაში და კოვიდპანდემიის ირგვლივ არსებულ აქტუალურ კითხვებზე ქალბატონი თინა გვესაუბრა.
თინა ჯანაშვილი: ოჯახს უნდოდა ექიმი ვყოფილიყავი, თუმცა, იმდენად დიდი დოზით იყო მედიცინა ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, თითქოს დაღლილი ვიყავი ამით, და ექიმობა არ მოვისურვე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მედიცინის სამსახურში აღმოვჩნდი. მედიცინა ფაქტობრივად ლაბორატორიაზე დგას და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიული არჩევანით. მამა მრავალპროფილური ექიმი იყო, დედა პედაგოგი, 4 და-ძმა ვართ და სამი სამედიცინო სფეროში ვართ. წარმოშობით მესხეთიდან ვართ, 40 იან წლებში ქვეყანაში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მამა მესხეთში გადავიდა სამუშაოდ და მთელს რეგიონს ხელმძღვანელობდა.
– ლაბორატორიაში მუშაობა განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და დაკვირვებას მოითხოვს, შეიძლება ითქვას, პირველი განაჩენი ლაბორატორიას გამოაქვს, ერთმა არასწორმა ქმედებამ შესაძლოა აბსოლუტურად ამოაყირავოს პაციენტის ცხოვრება…
– გეთანხმებით, ლაბორატორია ძალიან ფაქიზი და სენსიტიური სამუშაოა, სადაც თვალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს ანალიზატორი არავის უჭირს, მაგრამ წარმატებული მუშაობისთვის საჭიროა შესაბამისი განათლება და გამოცდილება. ლაბორატორიული დასკვნის დადებამდე ხშირად შედეგის წინაპირობის გამოკვლევა გვიწევს. მაგ: თუ მიჩვენებს რომ გლუკოზის დონე სისხლში მაღალია, ვეძებ ანამნეზს, ვრეკავ ექიმთან და ვარკვევ ნაჭამი ხომ არ იყო პაციენტი, რამდენად სწორად გაკეთდა ანალიზი, იყო თუ არა ვენა სუფთა და ა.შ. ვიწყებ ყველა შესაძლო გამომწვევი მიზეზის ძიებას. როდესაც ბრმად გადმოვწერთ ანალიზატორის მიერ მოცემულ პასუხს, დიდი შანსია ეს გახდეს არასწორი დიაგნოზის დასმის საფუძველი.
– ამ მხრივ თქვენ დიდი სიმკაცრით გამოირჩევით..
– ხშირად მეუბნებიან რომ ძალიან მომთხოვნი და პრეტენზიული ვარ, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდები და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნები გულგრილი, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. შესაძლოა პაციენტი მე სულაც არ მიცნობდეს, როგორც წესი მას ექიმთან აქვს კონტაქტი, მაგრამ რეალურად ექიმის უკან დგას გუნდი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექიმის მხრიდან სწორი დიაგნოზის დასმაში. როდესაც მე ვაწერ ხელს ანალიზის პასუხს, ის უნდა იყოს უტყუარი. ჰემატოლოგიის ინსტიტუტში მუშაობის დროს იყო შემთხვევა როდესაც ლაბორანტის შეცდომის გამო 6 თვის ბავშვი 3 ჯერ დაჩხვლიტეს, ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის, ის ქალბატონი იმ დღესვე გავუშვი სამსახურიდან.
– როგორია თქვენი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება და ამჟამად სად მოღვაწეობთ?
– 50 წლის მანძილზე ვმუშაობდი ჰემატოლოგიისა და ტრანსფუიზიოლოგიის ინსტიტუტში, ამჟამად მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და პრივატ კლინიკაში, ვხელმძღვანელობ ლაბორატორიულ კვლევებს. ორივე კლინიკაში გვაქვს თანამედროვე გამართული, ჯონსონის აპარატურა, რაც გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად ხარისხიანად შევასრულოთ ჩვენი საქმე.
– დღეს მთელი მსოფლიოსთვის აქტუალური თემაა კოვიდ პანდემია რასაც გვერდს ვერ ავუვლით, თქვენ შემთხვევაში რა შეცვალა ვირუსით გამოწვეულმა ახალმა რეალობამ?
– კოვიდი უხილავი პატარა ბაქტერიაა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოფა, ჩვენი დამოკიდებულება სიცოცხლესთან, ძალიან დიდი სტრესი მიაყენა ადამიანებს და აღმოვჩდით სიტუაციაში სადაც აბსოლუტურად უძლური ვართ. ვერაგი და დაუმორჩილებელი ვირუსია, იმდენად სწრაფად მიდის პროცესები ლაბორატურული კვლევების დროს ანალიზებით თვალსა და ხელს შუა გვიმძიმდება პაციენტი.
– თქვენი დაკვირვებით რა კატეგორიისთვისაა უფრო მეტად საფრთხის შემცველი დაინფიცირება?
– ამაზე კონკრეტული პასუხები არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ვირუსმა მუტაცია განიცადა, თუ ადრე ახალგაზრდები ბევრად მარტივად უმკლავდებოდნენ ვირუსს, ეს მოცემულობა შეიცვალა. ძალიან ბევრმა დიაბეტიანმა და ქრონიკული დაავადებების მატარებელმა პაციენტმა მარტივად გადაიტანა ვირუსი. მნიშვნელოვანია როგორ განეწყობი ფსიქოლოგიურად, ზოგი საოცრად მშიშარაა და სწორედ ეს შიში ანგრევს იმუნიტეტს. ყველა დაავადებას მოერევა ორგანიზმი, თუ ბრძოლის პროცესში ოპტიმისტურად განეწყობი.
ხშირად იმდენად ჯანმრთელი სისხლის ანალიზი ქონია ინფიცირებულ პაციენტს, მითქვამს ამას როგორ შეიძლება რომ კოვიდი ქონდეს, მაგრამ თანდათანობით მიდის ნგრევა, ვირუსი პირველ რიგში მოქმედებს ღვიძლზე და ირევა მისი ფუნქციები, ასევე მწყობრიდან გამოდის თირკმლის ფუნქციები. ვაქცინაცია აუცილებელია როგორც ჩვენი ისე სხვისი სიცოცხლის დასაცავად.
– ოჯახი გაგვაცანით, შვილებიც საკმაოდ წარმატებულები არიან…
– დიდი ოჯახი გვაქვს, სამი შილი და რვა შვილიშვილი მყავს. უფროსი ვაჟი იურისტია. ქალიშვილი ხელოვნების სფეროშია, მეორე ვაჟი პრივატ კლინიკას ხელმძღვანელობს, უყვარს ის საქმე რასაც ემსახურება. ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა ძალიან რთულია, მით უმეტეს რომ მედიცინა არ არის მისი პროფესია, თუმცა ბევრ ექიმის აღუნიშნავს რომ ძალიან დიდი გულისხმიერებით გამოირჩევა.
– როგორ შეძლო პრივატ კლინიკამ ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში თავის ღირსეულად დამკვიდრება?
– პრივატ კლინიკის ყველაზე მთავარი ღირსება მისი გუნდის პროფესიონალიზმია. გარდა ამისა, ამ კლინიკის მთავარი მოთხოვნაა ხარისხი, შესაბამისად, აღჭურვილია ულტრათანამედროვე უმაღლესი ხარისხის აპარატურით. მუდმივად ვითარდება ახალ-ახალი მიმართულებები, რისთვისაც ხშირად ჩამოდიან ჩვენთან უცხოელი კოლეგები.
– ხშირად ეხმარებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ გიყვართ…ვიცით რომ ერთ–ერთ სახლში დედადაც გინდოდათ მუშაობა, ეს ძალიან ბევრს მეტყველებს თქვენს პიროვნებაზე, აპირებდით რომ ამის გამო პროფესიისთვის თავი დაგენებებინათ?
– დიახ, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, და ძალიან სერიოზულად ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ აღმოჩნდა რომ იმ მომენტში ჩემი პროფესია უფრო საჭირო იყო და ამიტომ დავრჩი ისევ ჰემატოლოგიაში. როდესაც აფხაზეთიდან ბავშვები ჩამოყავდათ მე და ჩემი მეუღლე აეროპორტშიც ვიყავით, დიდი სურვილი გვქონდა რომ გვეშვილებინა ბავშვი, თუმცა არ მოგვეცა ამის საშუალება რადგან იმ მომენტში მათი მშობლების ბედი გარკვეული არ იყო.
– თქვენზე ამბობენ რომ ფაქტობრივად შეუცდომელი ხართ, თქვენს საქმეში. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
– ვფიქრობ შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ალბათ მაქვს შესაბამისი განათლება და გამოცდილება, რის გამოც უნდა მენდოს პაციენტი. 17 წლის ვიყავი როდესაც ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში მივედი და ფაქტობრივად იქ გავიზარდე, ეს იყო ის სადაც გამოვიწრთე. ყველა ლაბორატორია მაინტერესებდა და მუდმივად ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე. მძიმე დაავადებებია ჰემატოლოგიაში, თითოეულ დაავადებას თავისი ფორმა აქვს რაც განსაკუთრებული დონის კვლევები სჭირდება. ვფიქრობ, ჩემი წარმატება იმ საქმის ერთგულებასა და სიყვარულზე დგას, რასაც ათეულობით წლებია ვემსახურები.
ნინო მახარაძე
კომენტარები