დავით სარალიძის მკვლელობიდან 4 წლის შემდეგ, დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალს დღეს წარუდგენენ.
მენაბდეს გამოძიება არასრულწლოვნის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯერ საქმის მასალებს არ გასცნობია, თუმცა მისთვის გაუგებარია, რას ედავება გამოძიება ბრალდებულს.
„წარმოდგენა არ გვაქვს, რას გვედავებიან. მისი ჩვენება, მოწმედ დაკითხვის დროს, იყო ამომწურავი. ეს საპარლამენტო კომისიაზეც განიხილეს. ახლა რა შეიცვალა, არ ვიცით“,- აცხადებს დავით დადიანი.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა“,- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში.
დავით სარალიძე, მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
კომენტარები