ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი:
“წარმოიდგინე რომ ხარ ბავშვი, საქართველოში.
შეიძლება ერთ დღეს გახვიდე პარკში სათამაშოდ, ბურთი ჩაგივარდეს შადრევანში, ამოღება სცადო, და დენმა მოგკლას. მერე კი ხელისუფლების ურცხვმა წარმომადგენლებმა ხან შენი მშობლები დაადანაშაულონ უყურადღებობაში, ხანაც შენ, გაკვეთილების გაცდენაში… ნუ დაემუქრება ოღონდ ნურაფერი მის სკამს, მის სავარძელს , მის ჯიპს, მის ჰალსტუხს.
– იმიტომ, რომ კორუმპირებულმა ჩინოვნიკებმა მაფიოზური სქემებით განკარგეს სახელმწიფოს თანხები, მათთან შესისხლხორცებულმა წურბელებმა უხარისხოდ შეასრულეს სამუშაო, არავინ შეამოწმა უსაფრთხოება და შენ შენი სიცოცხლით გადაიხადე საფასური.
ან, შეიძლება არსადაც არ წახვიდე, იჯდე სახლში და უცებ მიწა გასკდეს, შენი სახლი ჩაიქცეს და თან ჩაგიტანოს, როგორც ბათუმში.
– იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არავინ იტკივებს თავს ისეთი ნაკლებსაინტერესო საკითხისთვის, როგორიცაა მშენებლობისა თუ რემონტის უსაფრთხოების წესების განსაზღვრა, მისი კონტროლი.
ან შეიძლება პოლიციაში დაგიბარონ, ჯოჯოხეთი მოგიწყონ, ფსიქოლოგიურად ისე იძალადონ, რომ თვითმკვლელობამდე მიგიყვანონ და სახურავიდან გადახტომა გაიძულონ, მოძალადე პროკურორი კი ცოტა ხნით საზოგადოების თვალის ასახვევად დააპატიმრონ, რათა შემდეგ, რაც ვნებათა ღელვა ჩაცხრება, გაათავისუფლონ.
– იმიტომ, რომ ამ სისტემას სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია, არც არასოდეს მოქცეულა, არც იცის როგორ მოიქცეს. დამნაშავის დასჯა კი მის შეფერხებას გამოიწვევს, ეს კი ძლიერთა ამა ქვეყნისათა არ აწყობთ, მერე ვიღა დააშინებს აქტივისტებს? ვინ უთვალთვალებს ჟურნალისტებს? ვინც ჩაწერს ოპოზიციონერებს, ან სულაც საკუთარი პარტიის წევრებს მათ დასაშანტაჟებლად და მერე ყველანაირ საზიზღრობაზე ხელის მოსაწერად?
ან, თუ ბედმა ისე არ გაგიღიმა, რომ ბავშვთა თავშესაფარში მოხვდი, შენზე პედოფილიაში ბრალდებული ეპისკოპოსები „იზრუნებენ”, დილა-საღამოს გცემენ, დაგამცირებენ და ღირსებას აგყრიან.
– იმიტომ, რომ ის ეპისკოპოსები მერე მრევლს დაელაპარაკებიან და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად ეს უკვე მნიშვნელოვანი ელექტორალური რესურსია.
ან შესაძლოა სკოლაში წახვიდე იქ კი დანას გაგიყრიან და დამნაშავეების დასასჯელად მასშტაბური საპროტესტო აქციები, საპარლამენტო კომისიები, დაუმორჩილებლობა და წლები გახდება საჭირო, თანაც ისე რომ არ იქნები დარწმუნებული მართლაც აღსრულდა სამართალი ბოლომდე თუ არა?
– იმიტომ რომ კორუფციასა და ნეპოტიზმში ჩამხრჩვალი სახელმწიფოს სხეული სხვაგვარად ვერ მოქმედებს ეს მისი ქცევის ხელწერაა. აქ კრიმინალური საქმეებს ჯიგარი ბიძიების, მაფიოზური კლანების, ფულიანი მამიკოების გარეშე არ იძიებენ.
ან შესაძლოა უბრალოდ გშიოდეს და სარჩოს საძებნელად ჯართს აგროვებდე, სახიფათო თხრილებში, და მიწამ მოგიყოლოს, დაგმარხო
– იმიტომ, რომ უფროსებს ამგვარი თემებისთვის არ ცხელათ, მათ სერიოზული საქმეები აქვთ მოსაგვარებელი. “ რა ბავშვთა შიმშილობა, არ გვჯერა” იტყვიან მერე პარლამენტარები, ვეებერთელა ჯიპებიდან, სამთავრობო აგარაკებიდან, კომოს ტბიდან.
ან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხარ? მეტროში პოლიციელი დაგიჭერს და გცემს, დაგამცირებს, გაგინებს, დაგცინებს, მაგრამ მასაც მოჩვენებით დააკავებენ, შემდეგ კი როცა ჩათვლიან რომ საზოგადოებას დაავიწყდა მომხდარი გაათავისუფლებენ.
– იმიტომ, რომ მერე ამ პოლიციელმა და მისმა თანამოძმეებმა სამაგიერო უნდა გადაუხადონ ბატონებს უკანონო მსახურებით, და თუ ბატონები არ დაიცავენ მათ, ბზარი გაჩნდება მათ შორის, ეს დაუშვებელია. სისტემა არ უნდა დაინგრეს…
სია გრძელია, პრაქტიკულად უსასრულო, თქვენ გააგრძელეთ.”
კომენტარები