მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების ფაქტს მისი მეუღლე, სოფო ფიფია ეხმაურება. ის მეუღლეს პატრიოტობისთვის და ქვეყნისთვის თავგანწირვისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მე და შენ ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, ზუსტად ვიცოდით, რამდენი ტალახის სროლა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, როგორ აქტიურად ამუშავდებოდა ბოტების და ტროლების ქარხანა შენს წინააღმდეგ. შენ როგორც ერთ-ერთი ჯარისკაცი შენი ქვეყნის ყოველთვის იყავი და იქნები მის სადარაჯოზე. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მადლობას გეტყვი იმ პატრიოტობისთვის, იმ ვაჟკაცობისთვის, იმ თავგანწირვისთვის, რაც შენი ქვეყნის გამო გიკეთებია. ხოლო როგორც ცოლი მუდამ ვიდექი და ვიდგები შენს გვერდით.
ესეც გაივლის, აუცილებლად გაივლის, რადგან შენ მე და მარი გიმაგრებთ მხარს. გაივლის, რადგან მართალი ხარ უფლის წინაშე და პასუხისმგებელი შენი თითოეული ნაბიჯის. შენ ხარ გაუტეხელობის და ერთგულების სიმბოლო, ეს დაამტკიცე ამდენი წლის მანძილზე გამოვლილი უამრავი დაბრკოლების, თუ წინააღმდეგობის გადალახვით. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, დარჩი შენი პრინციპების და სამშობლოს ერთგული. მე მჯერა შენი სიმტკიცის და ვიცი, არასდროს არ ვინანებ იმას, რომ ამდენი წელი გვერდით გედექი.
მთავარი ბრძოლა წინაა და მე მზად ვარ, ამ ბრძოლისთვის შენთან ერთად“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავას ცოლი სოფო ფიფია.
კომენტარები