სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები, როგორც იქნა განაახლა, რითიც სკოლებს სამი სამუშაო დღე დაუტოვა პროტოკოლის დასანერგად. შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, ყველა სხვა ქალაქსა და რეგიონში სკოლები გახსნილია უკვე, თუმცა, მთავრობის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმას ეს რეკომენდაციები მხოლოდ ახლა “მიეწოდება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას”.
წესები ასე გამოიყურება:
სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე ჩატარდეს მოსწავლის თერმოსკრინინგი; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოხდეს მშობლის ინფორმირება და მოსწავლის სახლში დაბრუნება; დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
სკოლაში შესვლამდე, თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას და ეს ერთადერთი შემთხვევაა, მოსწავლეების შემთხვევაში, როცა დისტანციაა ნახსენები.
სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას; დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე;
თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება; 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან;
37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.
რაც შეეხება სკოლაში მოსწავლის პირად ჰიგიენას:
მთავრობის ინფორმაციით, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით; მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია; საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით;
გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში;
საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით.
ამასთან, მთავრობის გვერდზე ვრცელდება რეკომენდაციები მშობლებისთვის: შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას; მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.
გარდა ამისა, მოცემულია რეკომენდაციები მასწავლებლების მიმართ: სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით; სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი; კლასიდან კლასში გადაადგილებისას, მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით; მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით; მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.
აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით, ტარდება სკოლების მონიტორინგი, მოწესრიგდა სველი წერტილები 800-მდე სკოლაში; სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს უტარდებათ ტესტირება „კოვიდ-19“-ზე.
მთავრობის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს დაევალათ მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება, რომლის ფარგლებშიც მშობლები სისტემატურად მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა; სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები; სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა; საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რესურსოთახით სარგებლობის განრიგი; სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება; თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა; სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები; დისტანციური სწავლების ფორმა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის; სკოლის პერსონალის „კოვიდ-19“-ზე სავალდებულო ტესტირება; მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.
აქვე განმარტებულია, რომ მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციურ სწავლებას შორის.
არ არის განმარტებული, რა დისტანციით დასხდებიან ბავშვები საკლასო ოთახებში, ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლის ქცევაზე? – მაგალითად, წერია, რომ თუ ხელს დაისვრის მოსწავლე, ვალდებულია დაიბანოს – და რამდენი მოსწავლე ამჩნევს, რომ საუბრისას, მექანიკურად იატაკზე დავარდნილი წიგნი, კალამი ან რვეული აიღო? რაც შეეხება ხელების დაბანას – რამდენ სკოლაშია ცხელი წყალი? რამდენ სკოლას დაემატა დამლაგებლები? შეიცვალა სკოლების დალაგების წესი, რომელიც მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს, რამდენ სკოლაში გაიზარდა დამლაგებელთა შტატი?
წერენ, რომ მოწესრიგდა საპირფარეშოები, მაგრამ რას ნიშნავს მოწესრიგდა – დალაგა? ცხელი წყალი გვაქვს? გარემონტდა? რა დაიხარჯა და როდის გარემონტდა, როგორ გარემონტდა ისე, რომ სიტყვა არ თქმულა? რა ფულით გარემონტდა და რა დოკუმენტის საფუძველზე – ტენდერების გამოცხადების გარეშე გარემონტდა?
ისევ არაფერი წერია ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეების შესახებ – უნდა იარონ მათ სკოლაში და პირბადის გარეშე უნდა იარონ, თუ არ უნდა იარონ და დისტანციური სწავლება უნდა განაგრძონ?
მობილიზდა ყველა სკოლაში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი? – არც ესაა ცნობილი.
მოკლედ, სკოლების გახსნამდე თბილისში, ქუთაისში და რუსთავში 3 არასრული სამუშაო დღეა დარჩენილი და ყველა სკოლას წარმატებას ვუსურვებთ. რთული იქნება სამ დღეში დაგეგმვა, ყველა კითხვის და ბევრი კითხვა გექნებათ, გავლა – ძალიან რთული იქნება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მთელ ქვეყანაში (ამ სამი ქალაქის გარდა) სკოლები ისე გაიხსნა ეს პროტოკოლიც კი არ ჰქონდათ, მაინც უკეთეს მდგომარეობაში ხართ.
კომენტარები