პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაზე, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომელიც მიხვდა, რომ არ შეუძლია კრიზისის მართვა, თვალები დახუჭა, სირაქლემას პოზაში ჩადგა და ცდილობს ხელები დაიბანოს. ამ თემაზე ის “ამბები.ჯი”-თან საუბრობს:
“ვფიქრობ, რომ კანონშიც წერია და კონსტიტუციითაც განსაზღვრულია, რომ ჩვენ ხელისუფლებას ვქირაობთ იმიტომ, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეების ძირითადი ფუნდამენტური უფლებები – სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, კეთილდღეობა და ა.შ. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვისი პასუხისმგებლობაა შექმნილი სიტუაცია. ვინ და რა რისკ-ფაქტორები ზემოქმედებს ამ ყველაფერზე, ეს ცალკე საკითხია, თუმცა წილი სხვა ფაქტორებისა, შეიძლება ითქვას მინიმალურია, მათ შორის – ოპოზიციის. ოპოზიციის ქმედებებზეც, თქვენ წარმოიდგინეთ, საბოლოო ჯამში, მაინც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ოპოზიციის პასუხისმგებლობა სხვა ტიპის პასუხისმგებლობაა. ხელისუფლება თუ თვლის, რომ რაღაც ექსტრემალური ღონისძიებები უნდა გაატაროს, მან უნდა გაატაროს და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების გატარება. ცესკოსთან რომ მივიდნენ, ხომ მიასხეს წყალი? მაგრამ თვითონ ხელისუფლება არ თვლის ასე, არ აცხადებს “ლოქდაუნს” და ამბობს, რომ ცხოვრება მშვენიერია. ანუ ხელისუფლების განწყობაშიც და მოქმედებაშიც არ იგრძნობა ის, რომ ვითარება არის ექსტრემალური. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში რა უნდა მოთხოვო ოპოზიციას?
ვფიქრობ, ხელისუფლება მიხვდა, რომ არ შეუძლია ამ ყველაფრის მართვა და უბრალოდ, თვალები დახუჭა, სირაქლემას პოზაში ჩადგა და ცდილობს ხელები დაიბანოს.
მას უხარისხო მცდელობებიც აქვს, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს, საერთო გლობალურ პრობლემაზე ჩამოწეროს და ა.შ. ხელისუფლება გვიმალავს მარტივ სტატისტიკას, რომ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ჩვენ დღეს ჩემპიონები ვართ – ასეთი რაოდენობის ინფიცირება და ასეთი შემაშფოთებელი სტატისტიკა, რაც დღეს საქართველოშია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, პრაქტიკულად, არსად არის. იქ ბევრგან “ლოქდაუნია”, მათ შორის რეგიონული ჩაკეტვის მექანიზმებია, ჩვენთან ამას არ იყენებენ.
დღემდე არ ვიცით, რა რესურსი გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში, საკმაოდ პრობლემატურად მუშაობს იგივე ცხელი ხაზი, მათ შორის, დაავადებულებსაც უწევთ რიგში დგომა იმისათვის, რომ ელემენტარულად, ტესტი აიღონ, მკურნალობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის. ხელისუფლებას და ჯანდაცვის სისტემას ძალიან უჭირთ, ვერ მართავენ სიტუაციას. ხელისუფლებამ, როგორც კარგმა კრიზის-მენეჯერმა, მთავარი დივიდენდი პირველ ტალღასთან დაკავშირებით მოიპოვა. ახლა ამ მიმართულებით კატასტროფულ შედეგებს აჩვენებენ.
პანდემია კიდევ უფრო თუ გავრცელდა, ეკონომიკაც უკან მოგვრჩება. კოლაფსი თუ დადგა, ის დადგება ეკონომიკაშიც. ასე რომ, სისულელეა ის არგუმენტი, რომ ეკონომიკა ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა. შენ თუ თვლი, რომ ადამიანების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად რაღაც ზომების გატარება გჭირდება, მაგრამ არ ატარებ და ეკონომიკური ინტერესებიდან გამოდიხარ, საბოლოო ჯამში, აღარც ცოცხალი ადამიანები გეყოლება და აღარც ეკონომიკა გექნება.
ეს არის აბსოლუტურად მცდარი და დანაშაულებრივი ლოგიკა, სიმართლე გითხრათ, ამას კატეგორიულად არ ვიზიარებ. ჩვენ სისტემურ “ლოქდაუნზე” ხომ არ ვლაპარაკობთ? აქ ლოკალურ ჩაკეტვებზეა საუბარი, არაა აუცილებელი მთელი ქვეყანა გააჩერო ერთბაშად, არამედ შედარებით მძიმე ზონები. მაგალითად, რაჭის ჩაკეტვას ხომ არავინ გთხოვს, მაგრამ სადაც სტატისტიკა მძიმე გაქვს, იქ რაღაც პერიოდი უნდა ჩაკეტო, ანუ რეგიონული პრინციპით იმოქმედო და ეს ახლა კი არა, მაშინ უნდა გაეკეთებინათ, როცა აჭარაში დაიწყო პროცესი. გეოგრაფიულად რომ შევხედოთ, იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. აჭარა რომ სათანადო დონეზე ჩაეკეტათ 15 სექტემბრისთვის, როდესაც ტურისტული სეზონი პრაქტიკულად მინავლებული და დასრულებული იყო, შეიძლება ასეთი მძიმე შედეგი არ მიგვეღო. მისი იზოლირება უნდა მომხდარიყო დანარჩენი საქართველოდან, რომ მერე გეოგრაფიულად არ წამოსულიყო ჯერ იმერეთში, შემდეგ – თბილისში, რაც ინტენსიური მიგრაციის ფონზე მოსალოდნელი იყო. ოპოზიციის უპასუხისმგებლობა იმაშია, რომ მიტინგებს აწყობს, ეს გავიგეთ, მაგრამ ესეც ხელისუფლების პრობლემაა – სამართლიანობა თუ არ არის, ხალხი ქუჩაში გამოდის იმიტომ, რომ არსებობს კიდევ სხვა ფასეულობები. არ ვამართლებ პანდემიის დროს მასობრივ თავშეყრას, მით უმეტეს, პირბადეების გარეშე როცა არიან და არ იცავენ სოციალური დისტანცირების წესებს, ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობის ზონაა, მაგრამ მეტწილად – ხელისუფლებისა. ამ ეტაპზე ისეა გაქცეული სიტუაცია, მეტს ვერაფერს ვიტყვი.”
კომენტარები