ჟურნალისტი ლაშა ბერულავა წუხელ, ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას, რამაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ასე ეხმაურება:
,,საშინელი ტრაგედიის დროს დეტალები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას იმდენი დეტალი აქვს და ისეთ საბედისწერო ჯაჭვზეა აცმული რგოლებად, გული გეგლიჯება და მუნჯდები… აი, ეს ჯაჭვი, ქრონოლოგიურ რგოლებად, ყველა რგოლი ერთმანეთზე უარესია:
? ხუთსულიანი ოჯახი (მარტოხელა დედა ოთხი შვილით) სოციალურად დაუცველი იყო;
? გადაუხდელობის გამო დენი ხანძრის გაჩენის წინადღეს ჩაუჭრეს;
? დედა თავაუღებლად მუშაობდა, დღისითაც, ღამითაც (თხილის შეგროვება დღისით, შეგროვილის გადარჩევა ღამით…);
? მარტოხელა დედა ასეთ რეჟიმში სწორედ იმის გამო იყო, რომ შვილები საკვებითა და ელემენტარული პირობებით ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილი, რადგან სოციალურმა სააგენტომ ერთი პერიოდი შვილების მინდობით გაზრდა გადაუწყვიტა, დედამ იბრძოლა, სასამართლოებში იარა და შვილები დაიბრუნა…
? დედა იმ ღამითაც სამუშაოდ წავიდა, შვილები დაძინებული დატოვა, სანთელი კი ანთებული, რადგან პატარებს სიბნელის ეშინოდათ…
? ოთხ ბავშვს ეძინა იმ ავბედით ღამეს ბინაში მშვიდად, მეექვსე სართულზე… ხანძრის გაჩენა ვერ იგრძნეს. მხოლოდ მაშინ, როცა ცეცხლი დიდ ფართობზე გავრცელდა, უფროსმა ორმა ყვირილი ატეხა, ისინი კარებისკენ გაიქცნენ, მაგრამ გარედან ჩაკეტილი კარი შიგნიდან ვერ გააღეს…
? მეზობლებმა ბავშვების ყვირილი გაიგეს, კარის შემტვრევას დრო დასჭირდა, სამი ბავშვი ძლივს გამოარიდეს ალმოდებულ ბინას..
? ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო უკვე, რომ უფროსი და, რომელიც ყვიროდა, გამიშვით, ჩემი ძმები უნდა გადავარჩინო, უკან, ცეცხლმოდებულ ბინაში აღარ შეუშვეს;
? სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მოსულია, მაგრამ იმ დროს, როცა ორი ბავშვი გამოიყვანეს, ორი მძინარე, 5 და 6 წლის ბავშვი უკვე კვამლისგან გაგუდული იყო ძილშივე, ცეცხლი კი ძლიერდებოდა…
? ეს საშინელებათა ფილმის სცენარი არის, სამწუხაროდ, წუხელ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე მოხდა. ყველას გისამძიმრებთ, ქვეყნის ტრაგედიაა ეს და ამ ქვეყანაში რა გახდა გადავადება მარტოხელა მრავალშვილიანი დედისთვის მაინც ისე, რომ დესპოტური მეთოდებით არ ჩაუჭრან ეს დედანატირები დენი?!!”
კომენტარები