დაბადებულია გამარჯვებისთვის! დრომ ის ცოცხალ ლეგენდად აქცია, მან გააცოცხლა და სათავე დაუდო მივიწყებულ ტრადიციებს, მის მიერ შექმნილი ბრენდებით მოფლიომ საქართველო გაიცნო! მან გაიმარჯვა ყველა ხელისუფლებაზე, საკუთარ თავზე და რაც მთავარია ბევრ შეუსრულებელ მისიაზე, რომელიც რეალური გახადა და სახელმწიფოში სახელმწიფო შექმნა, ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობიკენ შემოაბრუნა, ბევრი განსაცდელისგან იხსნა, სიცოცხლე აჩუქა, მომავალი შეუქმნა და ქვეყანაში სახელოვნებო, თუ სპორტული მიმართულება ფეხზე დააყენა, ქველმოქმედება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შენება და ბრძოლა – ყოველდღიურობა. დამარცხებული არცერთი ბრძოლიდან არ გამოდის, მის სიტყვას, ოქროს ფასი აქვს, რასაც ჩაიფიქრებს _ ასრულებს, ჰყავს ხელმოცარული მტრები, მაგრამ მისი მეგობართა არმია იმდენად დიდია, რომ მტერი ვერაფერს აკლებს, არის უღალატო, გამტანი, ამტანი და მიზანდასახული, ეს არის კაცი, რომელსაც დაზვერვაშიც გაჰყვები და მსოფლიომ რომ ზურგი გაქციოს, თუ მეგობრად მიგიღო, ბოლომდე გაგიტანს. ასეთია ცეზარ ჩოჩელი, რომელის რეგალიების ჩამოთვლა ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან ყველა მისი შვილობილი კომპანია, გვარად ჩოჩელია.
მაშ ასე, “ალია” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მცხეთა-მთიანეთის მაჟოპრიტარობის კანიდიდატთან, პარტია “პროგრესი და თავისუფლების” თანადამფუძნებელთან, ცეზარ ჩოჩელთან:
– ბატონო ცეზარ, გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემთვის უკვე გამარჯვებული ხართ. ამ ქვეყანისთვის ბევრი რამ გააკეთეთ; თქვენ არ ხართ ის ბიზნესმენი, რომელიც ყიდულობს და ყიდის. ბრძოლით მოხვედით დღემდე, პოლიტიკაშიც ერთხელ უკვე იყავით… თქვენი ოპონენტები დებატებისას ამბობენ, რომ ცეზარ ჩოჩელი ერთხელ უკვე იყო მაჟორიტარი და კითხეთ, ხალხისთვის რა გაუკეთებიაო? რატომ შედიხართ ერთი და იმავე მდინარეში მეორედ?
– მართლაც, ბევრი რამ შევქმენი, მაგრამ ყველაზე მეტი, რაც დღემდე შემიქმნია, არის ჩემი ოჯახი, სამი ბიჭი მყავს, არაჩვეულებრივი მეუღლე, რომლისაც უზომოდ მადლიერი ვარ… რაც შეეხება პოლიტიკას, _ ხან მივდივარ, ხან მოვდივარ… ჩემზე, როგორც მაჟორიტარზე, ვერავინ იტყვის, რომ არაფერი გამიკეთებია. პირველად, 2003 წელს, როცა გავხდი დეპუტატი, ხელისუფლება შეიცვალა, მოვიდა აბსოლუტურად სხვა ძალა „ნაციონალური მოძრაობა“, მე მათთვის საპირისპირო მხარე ვიყავი, აბსოლუტურად სხვა მიმართულების, ასე ვთქვათ, აპოლიტიკური ადამიანი, რომელიც მათ პოლიტიკურ ხედვებში არ ვჯდებოდი. მაგრამ ამისდა მიუხედავად მაინც მოვახერხე, ჩემი მიზნების განხორციელება. იმ დროს მხოლოდ ერთი ამოცანა მქონდა დასახული, რომ ჩემი რაიონისთვის, ახალგორისთვის, რომლის არსებობაც საქართველოში ბევრმა არ იცოდა, გზა გამეკეთებინა. 2007 წლის, 28 აგვისტოს, მარიამობას ახალგორის რაიონის ცენტრამდე დავასრულეთ 56 კილომეტრიანი გზის შეყვანა, რომლის გავლსაც ახალგორელები სამსაათნახევარს ანდომებდნენ. ეს იყო პირველი რაიონი, სადაც გზა გაკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის საქმიანობა აბსოლუტურად სხვა არის და მაჟორიტარი საკანონმდებლო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული. მაშინ, რისი ამბიციაც მქონდა, ის გავაკეთე კიდეც! ახალგორი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი რაიონი გახდა, სადაც ასფალტირებული გზა იყო. მაგრამ, რომ ვთქვა იმ პერიოდში გამოვირჩეოდი რაიმე საკანონმდებლო ინიციატივებით, ეს ნამდვილად ასე არ ყოფილა და იმ დროს არც ამის ამბიცია არ მქონდა.
– თანამოაზრეებთან ერთად თქვენ შექმენით პარტია “პროგრესი და თავისუფლება”, არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკით _ „ძალა ერთობაშია“ მონაწილეობთ, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ისევ `ნაციონალური მოძრაობის~ გვერდით დამდგარიყავით, რომელიც ამომრჩეველთა ნაწილისთვის მიუღებელია?
– მოდით, მაშინ კითხვა დავსვათ ასე, რომელი პოლიტიკური ძალა იყო, ვინც ხალხის კეთილდღეობა რადიკალურად შეცვალა? 2003-2004 წლებში ხანდაზმული მოსახლეობის პენსია იყო 14 ლარი და სახელმწიფო უძლური იყო, ეს მიზერი თანხა გაეცა. მაგ პერიოდში არ არსებობდა გზა, ელექტროენერგია, გაზი, პოლიცია, ჯარი იყო აბსოლუტურად კორუმპირებული და ამ ხაზს რომ გავყვეთ, მთლიანად სახელმწიფოში იყო კორუმპირებული სისტემა… ვინ შეცვალა და ვინ შექმნა სახელმწიფო ინსტიტუციები?
– რა თქმა უნდა, ვერ ვუარყოფ, რომ „ნაცმოძრაობის“ დიდი წილი დამსახურება იყო ქვეყნის მოდერნიზება, მაგრამ ეს მოხდა მტკივნეული რეფორმების ხარჯზე და ისიც 2006 წლამდე, ისიც ვთქვათ, მერე რა იყო?
– 2006 წლამდე? ვერ დაგეთანხმებით, ვიღაცებს უნდათ ადამიანები დააჯერონ, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია 2006 წლამდე იყო კარგი და 2006 წლის შემდეგ გახდნენ ცუდები. მე შემიძლია გითხრათ, რომ `ნაციონალური მოძრაობა~ 2004-2012 წლის ჩათვლით იყო დაკავებული ქვეყნის აღმშენებლობით, მაგრამ ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ჰქონდათ გადაცდომები და შეცდომები, რომელიც მე თვითონ, როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორს, არ მომწონდა. იყო საკითხები, რომელიც ჩემში იწვევდა ძალიან სე რიოზულ დისკომფორტს, იგივე, გირგვლიანის მკვლელობის საქმის მიმდინარეობა, ჩემთვის იყო მიუღებელი, შეიძლებდა სხვანაირად ყოფილიყო. იყო ბევრი ისეთი საქმე, რაც ჩემში პროტესტს იწვევდა, მაგრამ შემდეგ 8 წელში გაცილებით უარესები მოხდა, რაზეც ხალხმა ყურადღება არ გაამახვილა, ჩვენ ვაპროტესტებდით გირგვლიანის მკვლელობას და დღეს არ ვამახვილებთ ყურადღებას მაჩალიკაშვილზე, ბიჭზე, რომელიც ლოგინში მოკლეს. თუ რამეში ვცდები, მითხარით. `ქართული ოცნება~ რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, უფრო მავნეა ქვეყნისთვის, ასეთი ხელისუფლება არ მინახავს, არ შემხვედრია და არც მომისმენია.
– ბატონო ცეზარ, თქვენ ყველა ხელისუფლების პირობებში გიწევთ ბრძოლა და სიმართლის მტკიცება, და მაინც, თქვენ ოპონენტებს აინტერესებთ, 2012 წელს თქვენზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რითი დასრულდა _ 200 000 ლარი, რომელიც გირაოს სახით გადაიხადეთ, გამართლდით და დაგიბრუნდათ?
– 2012 წლის ბოლოდან 2013 წლამდე ჩემს მიმართ იყო აღძრული 18 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე, როგორც მახსოვს, გაუპატიურებას არ მედავებოდნენ, თორემ დანარჩენი ყველა ბრალდება იყო, თუ რაიმე შეიძლება ადამიანს დააბრალო, (იცინის) მათ შორის, მცხეთის იერსახის შელახვა. ბევრ საქმეში გავმართლდი და გირაოს თანხაც დამიბრუნეს. მიმაჩნია, რომ დღეს თუ მცხეთის იერსახის შელახვაზეა საუბარი, ეს არის „ოცნების“ ბრალი. დასურათებული მაქვს, როგორი დავტოვე მცხეთა 2012 წელს, ნახეთ, როგორია დღეს! ეს იყო ისეთი მცხეთა, რომელსაც ვნატრობდით, მაშინ მოვასწარით ნახევარი მცხეთის რეაბილიტაცია და ჩემი სურვილი იყო სრულიად საქართველო და პირველ რიგში ჩემი მხარე _ მცხეთა-მთიანეთი მთლიანად ყოფილიყო რეაბილიტირებული, ძალიან ბევრი პროექტია გაჩერებული და ხანდახან მზარავს ამის გახსენება, რამდენად ჩამორჩა ჩვენი რეგიონი განვითარებას. ხელისუფლების შეცვლიდან 8 წელი გავიდა და მცხეთის კანალიზაცია მიედინება მტკვარში და არაგვში. იმ დროს, როცა 2012 წელში ჩვენ დავტოვეთ პროექტი, ფული მთლიანად მობილიზებული, რომლითაც უნდა დასრულებულიყო მცხეთის საკვანძო სისტემის რეაბილიტაცია და ეს ფული გაქრა, გაქრა ხიდის ფულიც, გაქრა იუსტიციის სახლისა და მუზეუმის ფულიც, გაქრა ხელოსნების ფული და ა.შ. ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა და ჩაიშალა.

– ფაქტობრივად, უკონკურენტო კანდიდატი ხართ, ოპონენტები ამას აღიარებენ, „ქართული ოცნების“ კულუარებში ხელი აქვთ ჩაქნეული და ამბობენ, ცეზარ ჩოჩელთან დაპირისპირებაში წავაგებთო… თუმცა 2016 წელსაც გიყრიდნენ ხმებს, რომ “ქართული ოცნების” ფარული კანდიდატი იყავით, მაგრამ მეორე ტურში, მხოლოდ 60 ხმით წააგეთ, რაც ნიშნავდა ხელისუფლების ღია ჩარევას, ფიქრობთ, რომ ასეთ ჭორების მიზანია, მოდუნდეთ? წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ საარჩევნო მარათონში რა წინააღმდეგობრივ ბარიკადებს გადიხართ?
– მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქში ბევრი კანდიდატია წარმოდგენილი და ჩემთვის, როგორც ერთი ამომრჩევლისთვის, ყველა ერთნაირად პატივსაცემი და ღირებულია, რადგან ადამიანს, რომელსაც აქვს საშუალება მოიპოვოს, თუნდაც 100 ამომრჩევლის ხმა, ის პატივისცემის ღირსია. რაც შეეხება წინააღმდეგობებს, წინა არჩევნებთან შედარებით ახლა ბევრად გამძაფრებულია, იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წელს ხელისუფლება იყო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არის. 2012-დან 2016 წლამდე ხალხი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ რაღაც გამოვიდოდა დღევანდელი ხელისუფლებიდან, მაგრამ დღეს უკვე ფიქრობენ, რომ ამ ხელისუფლებისგან აღარაფერი აღარ გამოვა!.. ისინი ქვეყანას მიაქანებენ ჭაობში, ეს ფაქტია, ქვეყანას ძარცვავენ და მე მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ეს ხდება ხელოვნურად, მიზანმიმართულად, რომ რაც შეიძლება მეტი გაჭირვებული, მეტი დავრდომილი, მეტი შემწეობასმიკედლებული ადამიანი იყოს; რათა ადვილად მოსყიდვადი და მოწყვლადი გახდეს ეს ქვეყანა და მისი ამომრჩეველი. ეს ხდება შეგნებულად იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, არ აქვთ სურვილი ქვეყანა განვითარდეს. გეკითხებით _ რა გაკეთდა იმისთვის, რომ უკეთესად ცხოვრობდეს სოფლად მაცხოვრებელი ადამიანი?! რა გაკეთდა იმისათვის, რომ ტურისტულად განვითარებად რეგიონებში, როგორიც არის მცხეთა, მოსახლეობა უკეთესად ცხოვრობდეს?! სამაგიეროდ, ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ მცხეთა დაამსგავსონ 90_იანი წლების მიგდებულ, უსიცოცხლო ქალაქს, ეს კეთდება იმიტომ, რომ ადამიანებმა ნელ-ნელა დავკარგოთ თავმოყვარეობა და სიამაყის გრძნობა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ „პალატკებში“, ხიდშეჭრილ ჯიხურებში… მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ მცხეთაში ვაჭრობა განვითარდეს, პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ მცხეთა გახდეს ერთ-ერთი ცენტრალური სავაჭრო ადგილი, მაგრამ ეს ადგილები უნდა მოვაწყოთ თანამედროვედ, უამრავი ფული იხარჯება მთავრობის მოგზაურობაზე უცხოეთში.
ქალაქის მერია, ცენტრალური ხელისუფლება ხომ ნახულობს როგორია ვენა, პრაღა, მიუნხენი, მილანი, როგორ არის მოწყობილი სავაჭრო წერტილები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და ჩვენ იმის მაგივრად, რომ გავალამაზოთ ჩვენი ისტორიული ქალაქი, 90-იან წლებში გვაბრუნებენ – ლურჯი „პალატკებით“ და „ცინკის“ სახურავებით ჯიხურებზე, დიახ, ეს არის ხელისუფლების შეგნებული ნაბიჯი, რაც შეიძლება მალე დავკარგოთ სიამაყის გრძნობა, რომ მარტივად მართონ ადამიანები! 2016 წლამდე კიდევ ვფიქრობდი, რომ ამ ხელისუფლებისგან რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ 2018 წლის შემდეგ, უკვე მივხვდი, რომ ეს ხელისუფლება დაადგა სტაგნაციისა და დეგრადაციის გზას!
– რა მოხდა თქვენთვის 2018 წელს ისეთი და რა იყო წყალგამყოფი, რამაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება ისევ მიგაღებინათ?
– თუნდაც პრეზიდენტის არჩევა და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ვირეშმაკობა, როცა მათ პრეზიდენტობის ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს, მას შემდეგ გაცილებით უკეთესი შესამჩნევი გახდა იდენტობის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი სიამაყის წაშლის მცდელობა. ეს იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცდენა, ფაქტობრივად, დასასრული! ღირსეული კანდიდატები ჰყავდა „ოცნებას“, ვინც შეიძლება პრეზიდენტად დაესახელებინათ, მაგრამ მათ პოლიტიკური ვირეშმაკობა არჩიეს. მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ქართველებს მიაყენეს შეურაცხყოფა.
– თქვენს აქტივისტებს ებრძვიან; სკოლის დირექტორებს ხსნიან, თქვენ მომხრეებს პრობლემებს უქმნიან, ძალიან ბევრს უნდა მხარდაჭერა, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ამის გაკეთების ეშინიათ. „ნაცმოძრაობაც“ ხომ იგივეს აკეთებდა?
– მე გუბერნატორი ვიყავი და ჩემ დროს რამდენჯერმე ჩატარდა არჩევნები, ამ დონის ვიგინდარობა, რაც დღეს ხდება, მე არ მინახავს. მე მყავს 8000 თანამშრომელი, ჩემს ორგანიზაციებშიც არიან მათი მხარდამჭერები, რა ვქნა, საწარმოდან გავუშვა?! მართალი კაცი ვიქნები?! _ არ ვიქნები მართალი! ეს ხომ დაუშვებელია! ამ დროს ეს ხელისუფლება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით დასაქმებულ ადამიანებს ავიწროებს, წარმოიდგინეთ რა ხდება _ ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი სამუშაო ადგილები და ესენი სპეცსამსახურების, პოლიციელების, გამგეობების, რწმუნებულების საშუალებით იბირებენ ადამიანებს (თითოეულის სახელი და გვარი ვიცი) და მათზე ზეწოლას ახდენენ… პანდემიის პირობებში მაქსიმალურად ვეცადე, რომ ადამიანები შემოსავლების გარეშე არ დამეტოვებინა, ამათთვის არც პანდემიაა, არც ადამიანობა, არც მორალი, ისედაც გაღატაკებულ ხალხს ულუკმაპუროდ ტოვებენ! ამ ხელისუფლებას დღემდე ჰგონია, რომ ოპოზიციაშია და მუდმივად აკრიტიკებს სხვას. ხალხო, ეს ხალხი 8 წელი მართავს ქვეყანას და ესენი ლაპარაკობენ წასულ 9 წელზე, იმის მაგივრად ის თქვან, თუ რა გააკეთეს თავიანთი მმართველობის პერიოდში, აკრიტიკებენ წინა ხელისუფლებას! წინა ხელისუფლებამ პენსიები გაზარდა ათჯერ, ამათ შეამცირეს (ლარის ინფლაციის ხარჯზე). რომ ამბობენ, შემოსავალი გაიზარდაო, ცხოვრება რომ გააძვირეს და მსყიდველობითუნარიანობა რომ დაეცა, ამას რატომ არ ამბობენ?! 2012 წელს 150 ლარით რა პროდუქციის შეძენაც შეიძლებოდა, დღეს 370-380 ლარია საჭირო ის პირველადი მოხმარების საგნები და მედიკამენტები რომ შეიძინო. ვიმეორებ, ერთადერთი რაც ამ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, ეს არის ხალხის გაღარიბება, გაჩანაგება, დამონება, რომ 5 კილო ბრინჯზე და 2 ცალ ზეთზე გაიყიდოს ამომრჩეველი, დანარჩენი არაფერი აინტერესებთ!
– თქვენ წინა არჩევნებზე ამბობდით, რომ ადვილად ხელწამოსაკრავი არ იყავით, თუმცა წაგაგებინეს, რას აპირებთ თუკი შედეგებს გაგიყალბებენ და არ მოგცემენ გამარჯვების შესაძლებლობას?
– კართაგენი დაინგრევა! საშუალებას არ მივცემთ, რომ არჩევნები გააყალბონ! ჩვენ თითოეულ ხმას დავიცავთ! როგორ გგონიათ, როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი, წავსულიყავი ოპოზიციაში, რომელიც დღევანდელი ხელისუფლებისთვის არის წითელი ნაჭერი, ეს დაუფიქრებლად გავაკეთე? ამ ნაბიჯის გადადგმაზე ბევრი ვიფიქრე, ვთვლი, რომ დღეს ჩემ ხალხს მე ვჭირდები! ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ და არა ვიღაცა ვიგინდარების მსგავსად, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში რომ არიან მოკალათებულნი, სახელმწიფო ინტერესები მათ არ ანაღვლებთ და ქვეყნის ბიუჯეტი მეწველი ძროხა ჰგონიათ, ჯიბეეებს ისქელებენ და ხალხი მშიერი ჰყავთ. მე ჩემი საკმარისი ქარხნებიც მაქვს და ქონებაც, მაგრამ ყველაფერი გადავდე გვერდზე და ომში მივდივარ, არა ვთვლი, რომ ეს ჩვეულებრივი ომია, ეს არის დიდი ომი და ამ ომიდან გამარჯვებული გამოვალ! `ოცნება~ ხელისუფლებაში ვერ დარჩება!
– ბევრისთვის მაინც გაუგებარია, ხომ შეგეძლოთ გეყარათ კენჭი, როგორც დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატს?
– 2016 წელში ვცადე ცალკე გავსულიყავი, მაგრამ არ დამანებეს. რაც შეეხება „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ მისვლას, მე მარტო არ მივსულვარ, იქ მივედი ჩემი გუნდით, რომელსაც ჰქვია „პროგრესი და თავისუფლება“, ჩვენ გვაქვს ჩვენი იდეები, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა „ნაცმოძრაობის“ პროგრამასთან, რაც არ მოვიდა, მოიყვანეს და ეკონომიკის განვითარების საკითხებში ძირითადად ჩვენი გუნდის პოზიცია იქნება მთავარი – ბიზნესის თავისუფლების, ბიზნესის დაცვის, კერძო საკუთრების საკითხებში… პასუხისმგებლობას ვიღებ მთელ ქართულ ბიზნესთან, რომ ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს შევქმნით!

– რას პირდებით ამომრჩეველს, რა გზავნილებს გააჟღერებდით ჩვენი გაზეთის საშუალებით?
– პირველ რიგში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირს, უნდა დასრულდეს ეს ქაოსი და უბედურება! ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს რეალურად წინსვლა. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანია, რომ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია შექმნილი. 2012 წელს, როდესაც მაშინდელი ოპოზიცია და დღევანდელი ხელისუფლება არჩევნებზე მოდიოდა, მათი ძირითადი დაპირება იყო ღირსების აღდგენა, ცხოვრების დონის გაუმჯობესება, პენსიების და ხელფასების გაზრდა და იმდენი სამუშაო ადგილის შექმნა, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულიყო ჩვენი ხალხი აქ სამუშაოდ. როგორც ვნახეთ, ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ერთი დიდი აფერა აღმოჩნდა, გაჩერებულია ეკონომიკა. ამ ბოლო პერიოდში თითქმის მთელი რეგიონი მოვიარე და საშინელი მდგომარეობაა, არის გამონაკლისი ადგილები, სადაც გზა გაკეთდა, სადღაც საბავშვო ბაღი ან სკოლა გარემონტდა, მაგრამ 8 წელი გავიდა! 8 წლის განმავლობაში ქვეყანა წინ უნდა წასულიყო და შეძლებული მოსახლეობა გვყოლოდა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბებულიყო. ჩვენი ძირითადი მიზანია, არჩევნების შემდეგ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში შევაჩეროთ ქვეყნის უკუსვლა. პირველ რიგში შესაქმნელია კანონმდებლობა, რომელიც მოგვცემს სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას, როგორც სოფლად, ასევე ქალქებში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვესმის მხოლოდ პოპულისტური განცხადებები და რეალურად, საქმე წინ არ მიდის. მცხეთა-მთიანეთი არის ძირითადად მაღალმთიანი რეგიონი, აქ სოფლად ისეთი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლის ძირითადი ნაწილი დაკავებულია მესაქონლეობით, მეორე ნაწილი მემინდვრეობით და მიწათმოქმედებით, ამიტომ აქ რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი. თუ გვინდა, რომ სოფლად მოსახლეობამ რეალურად ამოისუნთქოს, უნდა მოხდეს მსხვილფეხა ჯიშების ამოცვლა, რომელიც არის დაბალპროდუქტიული, დღეს ჩვენთან მთაში მსხვილფეხი იძლევა დაახლოებით 4-5 ლიტრ რძეს, როცა ევროპაში ანალოგიურ კლიმატურ პირობებში იძლევა 40-45 ლიტრს. 2012 წელს სპეციალურად ვიყავით წასულები ავსტრიაში და ჩეხეთში, სადაც ვნახეთ ანალოგიურ კლიმატურ პირობებში მყოფი პირუტყვი, ორი ჯიში ვნახეთ, ერთი იყო მეხორცეული, რომელიც ერთი წლის ასაკიანი უკვე ადიოდა 450-500 კილომდე და მერძეული ჯიშის საქონელი, რომელიც იძლეოდა დაახლოებით 40-45 ლიტრ რძეს. თუ მსხვილფეხა ჯიშებს ამოვცვლით, პარალელურ რეჟიმში, უკვე განვითარდება გადამამუშავებელი მრეწველობაც. ჩვენ თუ გვინდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, პირველ რიგში, უნდა გავაკეთოთ ეს. მეორეა, მიწათმოქმედება, ჩვენ რომ რეალურად ავწიოთ პროდუქტიულობა და მოსახლეობამ მიიღოს შემოსავალი, უნდა მოხდეს გლობალურად ნიადაგების შესწავლა, სად რომელი მიმართულების პროდუქცია შეიძლება ვაწარმოოთ და განვავითაროთ; უნდა მოხდეს სამელიორაციო სისტემების ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგება, სათესლე მეურნეობის განვითარება და შემდგომი ეტაპი არის სამაცივრე მეურნეობის განვითარება… რაღაცნაირად უნდა დავგეგმოთ ისე, რომ მოსახლეობა არ იყოს შეზღუდული ჭარბწარმოებით, ჩვენ უნდა ვახდენდეთ ხელშეწყობას, რომ ხდებოდეს სოფლად წარმოებული პროდუქციის მაქსიმალური ექსპორტი. აი, ეს არის ის გზები, რითიც შეგვიძლია ჩვენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ფეხზე დავაყენოთ. ყველაზე მტკივნეული საკითხია, ის რომ მოსახლეობა 30 წელია ითხოვს წყალს, გზას, სკოლას, საბავშვო ბაღს და 30 წლის განმავლობაში, ყველა არჩევნების წინ, ხელისუფლება იქნება ეს თუ პოლიტიკური პარტია, მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება. მე კი დაპირებას კი არ ვიძლევი, არამედ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს! ჩვენი რეგიონის დაბალ ზონას რაც შეეხება, აქ არის უნიკალური შესაძლებლობების მქონე რეგიონი, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების კუთხით, ეს პოტენციალი უნდა იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული, დაწყებული მცხეთიდან. ჯერ კიდევ ადრე ვამუშავებდით რამდენიმე მიმართულებას, ეს იყო მცხეთა-ჯვარი, მცხეთა-ზედაზენი, მცხეთა-შიომღვიმე, თვითონ მცხეთის სრული რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, ასევე იმ ძველი და ჭაობებად დარჩენილი ადგილების ათვისება უნდა მომხდარიყო, სადაც დაახლოებით 5 ჰექტარზე გაშენდებოდა კულტურისა და დასვენების პარკი. იყო პროექტები, რომელიც მცხეთაში დასაქმების პრობლემას მოხსნიდა, იგივე ხელოსნების უბნის განვითარება, ჩვენ გვექნებოდა ადგილი, სადაც უცხოელები და ადგილობრივი ტურისტებიც ნახავდნენ საუკუნეების წინ ჩვენი მამა-პაპა როგორ ამზადებდა ამა თუ იმ ნაკეთობას. ამ პროექტის პარალელურად, მოხდებოდა სახელოვნებო სკოლის გაკეთება, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ არ დაგვცალდა. თიანეთის მიმართულებით ვფიქრობდით, რომ სიონის სრული რეაბილიტაცია მომხდარიყო, საცხოვრებელი ბინების ჩათვლით და მეორე მიმართულება იყო, თიანეთს ეკოტურიზმის განვითარება. რაც შეეხება დუშეთს, დუშეთი ერთ-ერთი ძველი ისტორიული მხარეა მცხეთა-მთიანეთში, რომელსაც ანალოგიურად აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ტურიზმის თვალსაზრისით, თვითონ ისტორიული ქალაქის რეაბილიტაცია-აღდგენა, ბაზალეთის ტბის მიმართულება, გრემის ხევის წყალსაცავის მიმართულება, აქეთ უნიკალური ჩვენი ფშავ-ხევსურეთი… ზოგადად, ძალიან დიდი პერსპექტივის რეგიონია. რაც შეეხება ყაზბეგს, ყაზბეგი საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მომავალში ტურიზმის განვითარებისთვის, ჯერ კიდევ შარშან, ყაზბეგის რაიონი ვიზიტორების თვალსაზრისით, მეოთხე-მეხუთე ადგილზე იყო. თავის დროზე, როდესაც რეგიონის და ტურიზმის განვითარებაზე მიდიოდა ლაპარაკი, ჩვენი ამოცანა იყო რამენაირად დაგვეინტერესებინა რომელიმე მსხვილი ჯგუფი, რომ ცნობილი ბრენდების რომელიმე სასტუმრო გაკეთებულიყო და მაშინ „აჭარაჯგუფთან“ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები, მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი იმიტომ, რომ შექმნეს ყაზბეგში „რუმსი“, ზუსტად „რუმსმა“ დაუდო სათავე ყაზბეგში სასტუმრო ბიზნესის და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას იმ დონემდე, რაც დღესაც არის. მაგრამ ყაზბეგს აქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობა. 2012 წელს ჩვენ უკვე დაწყებული გვქონდა დაბა ყაზბეგის რეაბილიტაცია, რომელიც 2014 წელს სრულად უნდა დასრულებულიყო. 2012 წელს 4 შენობის რეაბილიტაცია მოვასწარი, დღეს ეს პროექტი გაჩერებულია. ასე რომ, ჩვენი დაპირება არ არის ჰაერიდან მოტანილი, ჩვენ მოსახლეობას სიტყვას ვაძლევთ, რომ ყველა პროექტი დასრულდება, რაც 2012 წელს გაჩერდა, არადა ეს დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის.
– ბატონო ცეზარ, ვინც გიცნობთ, მათთვის თქვენს სიტყვას ფასი აქვს, მაგრამ საინტერესოა, როგორ გხვდებათ მოსახლეობა, რამდენად სჯერათ თქვენი დაპირების?
– აბსოლუტური უმრავლესობისგან ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდაჭერას, მთელი რეგიონი ძალიან კარგად მიცნობს და იციან ჩემი სიტყვის ფასი. მე დღეს მაჟორიტარი დეპუტატობა არ მინდა სახელისთვის, რომ უბრალოდ სკამი დავიკავო პარლამენტში, რეალურად, ეს მინდა ერთი მიზნით, რომ რამენაირად შევცვალო ჩვენს რეგიონში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები და როგორმე შევძლო, მოსახლეობას გაუჩნდეს ძალიან დიდი შემოსავალი. არანაირად არ ვაპირებ მოსახლეობას ის ბოლო იმედი დავუკარგო, რომელიც ჯერჯერობით შემორჩენილი აქვს. მინდა მათ დავუმტკიცო, რომ რეალურად, მაჟორიტარ დეპუტატს შეუძლია შეცვალოს ცხოვრების დონე.
– ბატონო ცეზარ, გიფიქრიათ, პოლიტიკაში მოსვლით, თქვენს რეპუტაციას სასწორზე რომ დებთ? რადგან ყველა დაპირების შესრულება თითქმის შეუძლებელია…
– რა თქმა უნდა, ჩემს რეპუტაციას რისკის ქვეშ ვაყენებ, რადგან ყველა ის საქმე, რომელიც დღეს მოითხოვს სასწრაფო წესით გადაწყვეტას და ცვლილებების განხორციელებას, ეს მარტივი არ იქნება, ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, ამ რთულ პერიოდში ჩავერთო, რათა ყველა დაპირება მაქსიმალურად შესრულდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომლის საშუალებითაც დაცული იქნება თითოეული მოქალაქე, ღარიბიც და მდიდარიც. ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა დავიწყოთ ყველა მიმართულებით მუშაობა, ასე ცხოვრების გაგრძელება ნამდვილად აღარ შეიძლება.
არაფერი არ მაკლია, მაქვს ქარხნები, მაქვს ბიზნესი… მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ერთი ან ორი მერცხლის ჭიკჭიკი ქვეყანაში გარემოს ვერ შეცვლის. 13 უმსხვილესი ქარხანა მაქვს აშენებული, მაგრამ უმუშევართა რაოდენობა ამით არ მცირდება. პირველ რიგში, უნდა შეიქმნას კანონი, რომ დამსაქმებელთა ბევრი ჯგუფი გაჩნდეს, რომლებიც წარმოების, სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი ქარხნების შექმნის მიმართულებით იქნებიან დაკავებულები. დღეს მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელია ქვეყანაში, რაც საკმარისი არ არის, ამას უნდა მიეცეს მასობრივი ხასიათი, სხვანაირად ვერ განვითარდებით, ჩვენ დღემდე ვართ მომხმარებელი ქვეყანა და არა მწარმოებელი. იმდენი მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ რა პროდუქციასაც მოვიხმართ, 50-60 პროცენტი მაინც უნდა იყოს ქვეყანაში წარმოებული. როგორ შეიძლება ხორცი შემოდიოდეს უცხოეთიდან, როცა ჩვენ თვითონ შეგვიძლია ვაწარმოოთ ხორცი საიმისოდ, რომ მარტო ჩვენთვის კი არ იყოს, უცხოეთშიც გადიოდეს ექსპორტზე. რაც შეეხება ჩემს ამ მიმართულებით აქტიურობას, ადამიანებმა რაც არ უნდა ქონება შევქმნათ და ქარხნები ვაშენოთ, ეს ყველაფერი არის დროებითი და აქედან თან არავინ არაფერს არ გაგვატანს, ყველას ცხოვრება იწყება და ერთნაირად სრულდება, შეძლებულისაც და ღარიბისაც, ერთნაირად მოვდივართ ამ ქვეყნიდან. რასაც ამ ქვეყანაში დავტოვებთ, ყველაზე ძვირფასი და ძვირადღირებული არის სახელი, ადამიანმა ისე უნდა იცხოვრო, რომ გარდაცვალების შემდეგ არ მოკვდე! ისეთი სახელით უნდა ვიცხოვროთ, რომელიც ჩვენ შთამომავლობას გზას გაუნათებს!
– თქვენ ახლა გამარჯვებასთან ისე ახლოს დგახართ, როგორც არასდროს, რას ან ვის ვთვლით თქვენს კონკურენტად?
– ამ არჩევნებში ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი არის არსებული მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი – უიმედობა, სიღარიბე და პესიმიზმში ჩავარდნილი მოსახლეობა. მინდა რამენაირად ეს ხალხი დავარწმუნო, რომ ჯერ ყველაფერი არ გვაქვს დაკარგული და ხვალ-ზეგ ყველას ერთად შეგვიძლია შევქმნათ გაცილებით უკეთესი ქვეყანა, სადაც ყველას შეეძლება კარგად იცხოვროს, ბებიას და პაპას იმის განცდა არ ჰქონდეს, რომ თუ წამალს იყიდის, შვილიშვილი დარჩება დილის ჩაის ან ფეხსაცმლის გარეშე. დღეს საქართველოს მოსახლეობა და ბავშვების მინიმუმ 30 პროცენტი ბებია-პაპების პენსიაზე არიან დამოკიდებული და ეს გარემოება უნდა შევცვალოთ. ჩემი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე არის გაჭირვება!.. ბოლო რვა წლის განმავლობაში, ვხედავთ რომ ქვეყნის განვითარება პრაქტიკულად დაპაუზებულია. შეფერხებული, გაჩერებული, დავიწყებული, მაგრამ რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები აუცილებლად უნდა განახლდეს და აუცილებლად უნდა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ის, რაც ამ ხელისუფლებამ არ და ვერ შეძლო. მჯერა, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ხმას იმას მისცემს, ვინც მათ პრობლემებს რეალურად მოაგვარებს!
31 ოქტომბერს – ყველა, ვინც მენდობა, ვისთვისაც დამაჯერებელია ჩემი სიტყვები, ვისაც სწამს, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ უძრაობა, შევცვალოთ არსებული გარემო, აუცილებლად მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და მივიდეთ არჩევნებზე!
ნინო სამხარაძე, ალია №39