პოლიტიკურ ორბიტაზე ახალი პარტია გამოჩნდა – „პროგრესი და თავისუფლება“, რომელიც მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა, ძმებმა ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა დააფუძნეს. ამ სახელების მიღმა დგას ათასობით დასაქმებული ადამიანი და დაპურებული ოჯახი. ამ სახელებთან ასოცირებულია ისეთი პროგრესული ბიზნეს კომპანიები, რომლებიც ქმნიან პროდუქციას და საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში ახალ სიტყვას ამბობენ. და როცა ქართულ ბრენდებზეა საუბარი, ნებსით თუ უნებლიდ, გახსენდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ ადამიანების სახელებს უკავშირდება. ისინი ქვეყნის ბიუჯეტში უმსხვილესი გადამხდელები არიან და ბევრი ქველმოქმედების ავტორებიც. ამჯერად მკითხველს ცეზარ ჩოჩელის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს მოვუყვებით. ეს არის კაცი, რომელმაც იშრომა, იბრძოლა, გასამართლდა, გამართლდა და გაიმარჯვა!
ცეზარ ჩოჩელის ბიოგრაფია ომია! მის წინააღმდეგ უკვე მესამე ხელისუფლება იბრძვის, სახელმწიფო ჰიდრაა, ანუ ურჩხული, რომელიც ცდილობს ბიზნესკონტროლის ხელში აღებას და ეს ომი მან შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაიწყო, მაშინ გადარჩა. სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლისთანავე, ცეზარ ჩოჩელი და მისი მეგობრები კვლავ აღმოჩნდნენ ურჩხულთან პირისპირ, ბრძოლა ჩოჩელის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ხელისუფლების ცვლას კვლავ მოჰყვა ბრძოლის ახალი რაუნდის გამოცხადება, «ქართული ოცნების» ხელისუფლების პირველი ბიზნესმსხვერპლი ცეზარ ჩოჩელი აღმოჩნდა… მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა «მკვდარი კატა» ჩოჩელს აჰკიდეს, თუმცა ეს კაცი, სასამართლო პროცესებიდან სუფთა ხელებით გამოვიდა.
რა არის მისი წარმატების საიდუმლო? – ბრძოლის არც ერთ ეტაპზე მას ფარ-ხმალი არ დაუყრია და არ შეუწყვეტია შენება, განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა! მან გაიმარჯვა საკუთარ თავზე, ფსიქოლოგიურად არ გატყდა, არ შეშინდა მორალურად არ განადგურდა და ამიტომაც დაამარცხა მოწინააღმდეგე და ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა! მიუხედავად იმისა, რომ მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორსა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს დაუყადაღეს ქონება, წაართვეს პასპორტი და გირაოს სახით 200 ათასი ლარიც გადაახდევინეს, მან სტატუს კვო აღიდგინა და მესამე სუნთქვა გაეხსნა.
ცეზარ ჩოჩელმა 1991 წელს ჩამოაყალიბა ფირმა «ლომისი», 2002 წლამდე ეკავა დირექტორის თანამდებობა, იგი იყო ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალგორის რაიონის გამგებელი, 2003-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი ახალგორის საარჩევნო ოლქში, 2008-2012 წლებში იყო სახელმწიფოს რწმუნებულ-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. იგი დაიბადა 1968 წლის 10 იანვარს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
სახასიათო შტრიხები: ცეზარ ჩოჩელის გაცნობისთანავე ტურბულენტურ ზონაში ხვდები, ის არის არაორდინარული პიროვნება, დიდი ენერგიის მატარებელი. კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით ჰგავს მითოლოგიურ ცეცხლოვან ფრინველს – ფენიქსს, რომელსაც აქვს თვითწვის უნარი. რამდენჯერაც დაიფერფლა, იმდენჯერ ფერფლისგან აღდგა. მას აქვს პასუხისმგებლობის უზომოდ დიდი გრძნობა, არის გამორჩეულად სამართლიანი, ლოგიკური აზროვნებით დაჯილდოებული, რის ხარჯზეც იგი შესანიშნავად ახერხებს სწორი სვლების გაკეთებას ამა თუ იმ კრიტიკულ სიტუაციაში, არის გულწრფელი, თუმცა რამდენად ადგება პოლიტიკურ და საქმიან ურთიერთობებში ეს თვისებები, სხვა საქმეა, მას შეუძლია, ღიად და შეულამაზებლად დააფიქსიროს საკუთარი შეხედულებები, რაც ხშირად კონფლიქტის საბაბად იქცევა ხოლმე მისივე გარემოცვაში, იგი ვერ იტანს ქაოსს, გამოირჩევა ერთგულებით, მისთვის შური უცხოა და ყოველთვის ცდილობს, ყველაფერს მიაღწიოს საკუთარი ძალებით. არის საკმაოდ ამბიციური, ამაყი, ყველაზე რთულ სიტუაციაში პოულობს სწორ გამოსავალს და არასოდეს ნებდება პრობლემებს.
კარიერა: ცეზარ ჩოჩელი ბიზნესს 1990 წლიდან იწყებს, როცა საქართველოში ყველაზე რთული პეროიდი იდგა – ანარქია, ქაოსი, განუკითხაობა, რეკეტი… მაშინ, ფაქტობრივად, სახელმწიფო არ არსებობდა. მისი შრომითი საქმიანობა მე-9 კლასიდან იწყება, იგი ქმნიდა სამშენებლო ბრიგადებს, მუშაობდა მშენებლობაზე, ხან კი მთიბავთა ბრიგადებს აყალიბებდა. ფიზიკური შრომით ცეზარ ჩოჩელის ორი თვის შემოსავალი უსწრებდა მისი პედაგოგი დედის წლიურ ხელფასს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო სამსახურში მუშაობიდან ორი კვირის თავზე მიხვდა, რომ ჩინოვნიკი მისგან არ გამოვიდოდა, ვერ შეეგუებოდა კორუფციას და ამიტომაც გადაწყვიტა, საკუთარი ძალები ბიზნესში მოესინჯა. აი, რას ჰყვება ჩვენთან ინტერვიუში ბიზნესმენი, ცეზარ ჩოჩელი:
– ლუდის წარმოების ბიზნესიდეა საიდან გაგიჩნდათ?
– სახელმწიფო სამსახურიდან ჩემი წამოსვლის მეორე დღეს იმართებოდა «ლომისობა» და ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად წავედი, ეს დღე აღინიშნება ადგილობრივი ლუდით. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ პატარა წარმოება გაგვეკეთებინა, სადაც მთის ლუდს ვაწარმოებდით. «ლომისობიდან» დაბრუნებულებმა დავაარსეთ კომპანია, ოთხი საარაყე ქვაბი დავდგით და დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის წარმოება. თან ლუდს ვხარშავდით და თან მის რეალიზაციას ვეწეოდით. დღეში 100 ბოთლს რომ გავყიდდით, ჩვენთვის ბედნიერება იყო. 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა შრომა და პარალელურად, ვიბრძოდით განუკითხაობის წინააღმდეგ. ამ წლებში ჩვენ ფინანსური წარმატებისთვის არ მიგვიღწევია…
როგორც კი სახელმწიფომ დაიწყო ჩამოყალიბება, დაძაბულობამ იმატა, ხელისუფლების გაძლიერების პარალელურად, ჩვენ მიმართ წნეხიც იზრდებოდა და უფრო დიდ დაპირისპირებაში მოვდიოდით ხელისუფლებასთან. რატომღაც ვერ წარმოედგინათ, რომ ახალგორის რაიონში, ქსნის ნაპირზე ახალგაზრდა ბიჭები პატარა წარმოებას აკეთებდნენ. ის ბრალდებები, რაც მე წამიყენეს 2013 წელს, კერძოდ, კონკრეტული კომპანიის მფარველობა, ფულის გათეთრება და ქრთამის აღება, ეს არის ის, რის წინააღმდეგაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიბრძოდი და რისთვისაც 1999 წელს თავიდან ბოლომდე გამინადგურეს ბიზნესი. იმ დროს, 20 ათას დოლარს გვთხოვდნენ სახელმწიფო მოხელეები, რაზეც შეგნებულად უარი ვთქვი და ამას ჩვენი წარმოების «ლომისის» დახურვა და მთლიანად გაჩანაგება მოჰყვა. ამიტომაც მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ამერიკაში წასვლა.
– ფაქტია, ამერიკაში არ წახვედით, რა მოხდა? წასვლა რატომ გადაიფიქრეთ?
– აეროპორტში ჩვენს წასვლას აღვნიშნავდით, დავლიეთ, შევზარხოშდი და აი, მაშინ ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, რატომ, რისი გულისთვის უნდა დავტოვო ჩემი ქვეყანა, სად უნდა გადავიხვეწო-მეთქი და აეროპორტიდან მოვტრიალდით. მეორე დილას მე თვითონაც გავოცდი, როცა ისევ საქართველოში გამეღვიძა. უფრო დიდი ენერგიით, ახლიდან დავიწყეთ ბიზნესი. მაშინ «თიბისი ბანკმა» გაგვიმართა ხელი, 50 ათასი დოლარი კრედიტი მოგვცა, რისთვისაც მამუკა ხაზარაძის დღემდე დიდი მადლობელი ვარ. ნულიდან დავიწყეთ ქარხნის ამუშავება. 2002 წელს ხელისუფლების მხრიდან ხელახალი შემოტევა განხორციელდა, ამ პერიოდში საქართველოს ბაზრის 22%-ზე ავედით. 2003 წელს უკვე დავიწყეთ «ნატახტრის» ქარხნის მშენებლობა…
2007 წელს გავყიდეთ კომპანია «ნატახტარი» და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, ეს თანხა ახალი კომპანიების შექმნაში ჩავდეთ. შეგვეძლო, სხვებივით გვეყიდა თბილისის ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართები, დავმსხდარიყავით წყნარად და ორჯერ მეტი შემოსავალი გვექნებოდა, ვერც ვერავინ გაიგებდა, ვინ იდგა ამ ქონების მიღმა, მაგრამ ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი წარმატებული კომპანიები, დავასაქმოთ ხალხი, გავხსენით «ბარამბო», «მიქსორი», «ბერტა», «ინტერპლასტი», «რკინა-ბეტონის შპალის» ქარხანა, «ზედაზენი»… მთლიანობაში ძალიან ბევრი წარმოება გვაქვს შექმნილი და არც ერთ ეტაპზე დალხენილი არ ვყოფილვართ, მუდამ გარკვეული წნეხის ქვეშ ვიყავით. იცით, როგორ ფორსმაჟორში გვიწევდა მუშაობა? წარმოიდგინეთ, ადამიანი, როდესაც ომში მიდის, იცის, ან უნდა მოკვდეს, ან გადარჩეს. დაახლოებით, ამ რეჟიმში ვიყავით. ასეა ცხოვრება, როცა ქმნი რაღაცას, მზად უნდა იყო, ამ პროცესში ან «მოკვდები», ან გადარჩები. ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა და ჩვეულებრივ ომში ვიმყოფები. ჩვენ შევქმნით ძლიერ ქვეყანას, არ გავჩერდებით.
– აგვისტოს ომის დროს, როცა წითელ ხიდთან რიგები იდგა და ხელისუფლება გარბოდა, თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც ბოლომდე მშვიდობიანი მოსახლეობის გვერდით დარჩით და მათ გადმოყვანას უზრუნველყოფდით. თქვენს სახელთანაა დაკავშირებული ახალგორიდან დევნილი 2800 ოჯახის დაბინავება. ისე კი ერთს გეტყვით, თქვენ შესახებ იმდენი ცუდი რამ იწერებოდა, რეკორდი გაქვთ მოხსნილი…
– ჩემზე ცუდის წერას მიჩვეული ვარ (იცინის)… ბრძენთაგან ცნობილია, რაც არ გკლავს, ის გაძლიერებსო… თუ ჩემი ხალხისთვის სიკეთე არ გავაკეთე, რად მინდა ასეთი სიცოცხლე. აგვისტოს ომზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მოკლედ გეტყვით, რამდენიმე ხნით ადრე ვხვდებოდი, რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა, ხშირად გადავდიოდი წინაგრის ზონაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარეს და ვგრძნობდი საომარ განწყობას. რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია, ამ ხალხს მიხედვა და პატრონობა სჭირდებოდა, ჩემი ამოცანა იყო, ახალგორელები არ დაქსაქსულიყვნენ, მაქსიმალურად კომპაქტურად უნდა ჩასახლებულიყვნენ, რომ ნათესავებს ერთმანეთი არ დაეკარგათ. სამ თვეში 2800 ოჯახის დაბინავება, ეს მარტივი საქმე არ იყო. ჩვენ შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ, რომ წეროვანში ამ ხალხს ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონოდათ. პირადად მე ვუკეთებდი ორგანიზებას წეროვანში გზის და სხვა კომუნიკაციის საშუალებების გაყვანას, 2800 სახლის მშენებლობას. ავად თუ კარგად, მე და ჩემმა მეგობრებმა ეს გავაკეთეთ. ახლა კი, იცით, რატომ მსურს დეპუტატობა? მინდა ყველას ვაჩვენო და მივცე მაგალითი, როგორი უნდა იყოს დეპუტატი, რას უნდა აკეთებდეს და როგორ უნდა ემსახურებოდეს ხალხს. მინდა გარდატეხა მოვახდინო, შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული გვყავდეს ქვეყანაში და მეტი დოვლათი შეიქმნას. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. ძლიერი ქვეყანა ძლიერი ოჯახების საწინდარია!
ნინო სამხარაძე