საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
21 მაისის შეჯამება უკრაინაში:
– ლუგანსკის რაიონის ქალაქ სევეროდონეცკისათვის ბრძოლა კრიტიკულ ფაზაში შევიდა. რუსები ქალაქს აღმოსავლეთიდან ძალიან ინტენსიურად უტევენ. ბრძოლები უკვე ურბანულ ნაწილში მიმდინარეობს. ამასთან ქალაქის დასავლეთით მდინარეზე გადასავლელი ხიდი რუსებმა დაბომბეს. პრაქტიკულად ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის დამაკავშირებელი არტერია აღარ არსებობს, თუმცა შემოვლითი გზა ოდნავ უფრო ჩრდილოეთიდან კვლავ უკრაინელთა ხელშია, უბრალოდ რუსული არტილერია იქ უფრო აქტიურია და მომარაგება შედარებით რთული. რუსეთის ამოცანა არამხოლოდ ქალაქის აღება, არამედ უკრაინელთა გამოცდილი რაზმების განადგურებაა.
თავად სევეროდონეცკი ერთ-ერთი ყველაზე ტყით შემორტყმული ქალაქია უკრაინაში. ეს კი მის დაცვას ერთდროულად ამარტივებს და ართულებს კიდეც. ტყე ფარულად მოქმედების საშუალებას იძლევა, თუმცა იმავე ტყეში მოწინააღმდეგესაც შეუძლია გამაგრება.
რუსებმა ქალაქის შტურმი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაც სცადეს, თუმცა უკრაინელებმა ქალაქის მისადგომებთან ტყეში მოწინააღმდეგის ნაწილები გაანადგურეს. რუსებმა ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის დიდი ნაწილი – 500 სამხედრომდე დაკარგეს.
ზოგადად ქალაქის შენარჩუნება რთული იქნება. უკრაინელები ლისიჩანსკისაკენ (ან საერთოდაც დასავლეთით დონეცკის რაიონისაკენ) დაიხევენ უკან თუ ხანგრძლივ ურბანულ ბრძოლას გაუმართავენ რუსებს თითოეული ქალაქისათვის მხოლოდ იმაზე არაა დამოკიდებულ თუ რა მიზანი აქვთ მათ, არამედ იმაზეც, რომ ლუგანსკის რაიონში ალყაში არ მოექცეს ათასობით უკრაინელი სამხედრო, რომელთა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან რუსები ინტენსიურად ცდილობენ ე.წ. “ქვაბის” შექმნას და მათ შიგნით მოქცევას.
– ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის ჩრდილოეთით რუბეჟნოეს გარეუბანშიც. უკრაინელებმა შეძლეს და რამდენიმე ჩასაფრება მოუწყეს რუსებს უშალოდ ქალაქის ტერიტორიაზე, რაც თითქმის სრულად დაკავებულ ქალაქში რუსებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
– ლუგანსკის რაიონშივე გამოჩნდა თავისუფალი რუსეთის არმიის ნაწილებიც, რომლებიც უკრაინელთა მხარეს იბრძვიან.
– მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხარკივის შემოგარენში. მას შემდეგ რაც უკრაინელებმა სტარი სალტივთან მდინარე სივერსკი დონეცი გადალახეს რუსებმა იზიუმიდან სამხედრო ძალების ნაწილი მოხსნეს და ჩრდილოეთით, უკრაინელთა შესაკავებლად გაუშვეს, რათა მათ ვერ მოეხერხებინათ და მომარაგების არტერია გადაეკეტათ რუსებისათვის. ბოლო 24 საათია მნიშვნელოვანი ბრძოლა გრძელდება მდინარის გასწვრივ დასახლებებში. უკრაინელებს კარგი პოზიციები უკავიათ.
– რუსები ხარკივის შემოგარენს კვლავ ინტენსიურად ბომბავენ. მათი მიზანი უკრაინული სამხედრო მომარაგების აღკვეთაა. თავის მხრივ უკრაინელებმა რუსეთიდან გადმოსული ახალი ნაწილები შეაჩერეს და უკუაგდეს. თუმცა იმისათვის, რომ უკრაინელებმა ხარკივში გამოთავისუფლებული ნაწილების სხვაგან გადასროლა ვერ შეძლონ ამისათვის რუსები ცდილობენ პერმანენტულად ამყოფონ იმ რაოდენობის სამხედროები რომ რაიონში გახანგრძლივებულად გრძელდებოდეს საბრძოლო ოპერაცია.
– დღეს მოსკოვის სამხრეთით ორმოც კილომეტრში რუსეთის აეროკოსმოსური ინსტიტუტი დაიწვა. აქ მოიერიშე, ბომბდამშენი და გამანადგურებელი თვითმფრინავებისათვის სამხედრო დეტალებს ამზადებდნენ. რუსები მის განადგურებას უკრაინელებს აბრალებენ.
– რუსებმა სცადეს ციმბირში დაკონსერვებული ტანკების განახლების პროცესი თუმცა აღმოაჩინეს, რომ უმეტეს მათგანს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილებიც კი დაკარგული აქვს, როგორიც საწვავის ავზი, ძრავა ან მუხლუხოა. როგორც ჩანს ნაქურდალია. უმეტესი მათგანი განახლებას საერთოდ აღარ ექვემდებარება.
კომენტარები