განათლების მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო და დღეს პატივი გვაქვს, რომ წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ ესახება მთავრობას და სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გიორგი ამილახვარმა დანიშვნისთანავე აქტიურად დაიწყო მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დაამუშავა. წარმოადგინა თავისი ხედვა და სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს, სხვა ეტაპზე გადავიდეს და განვითარდეს განათლების ყველა საფეხური და როგორ უნდა წავიწიოთ წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ბოლო 11 წელიწადში, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, სისტემაში გამოწვევები კვლავაც რჩება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ეს ვითომ რეფორმები 2004 წელს და მაშინ პრაქტიკულად მოანგრიეს მთელი სისტემა და ახლებური ხედვა იყო წარმოდგენილიყო, რომელიც ემსახურებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. ახალი ქართველისა და ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. რეალურად ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ-ი, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარები