ანი დვალიშვილი, ალია
პარლამენტში, უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, მმართველი გუნდის დეპუტატებმა გრიგოლ ლილუაშვილის უწყებისადმი ქება-დიდება არ დაიშურეს, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს კითხულობს – როგორ ხდება, რომ გრიფით საიდუმლო დოკუმენტაცია მედიაში ისე ჟონავს, ვერავინ ვერაფერს ხვდება. ოპოზიციური არხების ჟურნალისტები საქმის მასალების ისეთ დეტალებს დებენ ეთერში, ღრმა კუნჭულებში რომ უნდა იყოს დამალული და დღის სინათლე თუნდაც გრიფით საიდუმლოს გამო არ უნდა იხილოს. ეს პრობლემა კარგა ხანია დგას და არამხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის დიდი პრობლემაც გახლავთ. ამ მიმართულებით შიდა გამოძიება არაერთხელ დაიწყო, თუმცა კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა. წინასაარჩევნოდ ეს ყველაფერი, შესაძლოა, „ოცნებას“ ცუდად დაუტრიალდეს, რადგან აუცილებლად იქნება ისეთი თემები, რომელთა გახმაურება „ოცნების“ რეიტინგს აშკარად არ წაადგება. ამიტომ, ძალოვნები შიდა გამოძიებას აუცილებლად აწარმოებენ და თუ ვინმეს ფაქტზე გამოიჭერენ, კარგი დღე არ დაადგება.
ისიც გემახსოვრებათ, აღდგომამდე პირდაპირ რომ დავწერეთ, მმართველი გუნდი ამნისტიის კანონპროექტის მიღებას გააჭიანურებს, რადგან ნიკა მელია იქედან მალე არ გამოუშვას და იქ მინიმუმ 15 მაისამდე ამყოფოს-თქო. ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა მაშინ სასაცილოდ აგვიგდო, მელია გარეთ ძალიან მალე იქნებაო და ახლა უკვე ევროკავშირიც მიხვდა, რომ „ოცნება“ 15 მაისამდე ამნისტიას არ დააჩაქუჩებდა და გირაო ოფიციალურად გადაიხადა.
კომენტარები