შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ რაჭაში სტიქიის დაწყების პირველი წუთიდან საზოგადოებას სწორედ შსს აწვდიდა გადამოწმებულ ინფორმაციას.
გომელაური ამბობს, რომ სტიქია უსწრაფესად განვითარდა. იგი ჰყვება, რომ მიწისქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენა პრაქტიკურად შეუძლებელი იყო, რადგან მასა ღვარცოფის იყო დიდი.
“ძებნა–შველის ოპერაციას და ამ ოდენობის მიწის მასის დამუშავებას დიდი დრო სჭირდებოდა, 32 ცხედარი აღმოჩენილია და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ერთ პირზე და ძებნა გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი. “, – ამბობს იგი,
“ცხედრები ისე იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო, ცხედრების უმეტესობა დანაწევრებულია და მაშველების მიერ პრაქტიკულად ნაპოვნია ცხედრების ფრაგმენტები. ისმოდა სპეკულაცია, რომ ვერტმფრენებით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ადამიანების გადარჩენა. ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვერტმფრენებით და დრონებით ვინმეს აღმოჩენა, შესაძლებელია, მხოლოდ მიწის ზედაპირზე, მიწისქვეშ მათი პოვნა შეუძლებელია,” – ამბობს შს მინისტრი და არ აკონკრეტებს ამ ეტაპზე, აქვს თუ არა გამოძიებას უკვე ექსპერტიზის შედეგები, თუ ცხედრების გარეგნული დათვალიერებით ამბობს, რომ ადამიანების შველა შეუძლებელი იყო.
გომელაური ამბობს, რომ ისინი, ვინც გადარჩნენ და იყვნენ მიწის ზემოთ, გადმოყვანილი იქნენ სტიქიის ზონიდან.
კომენტარები