მწერალი, ალეკო შუღლაძე, რომელიც ინდოეთში იმყოფება, წერს:
“318 ნომერს გაძლევ და ბიჭს გამოგაყოლებ, ის აგიხსნის ყველაფერსო, მითხრა სასტუმროს პატრონმა. არ მინდა ბიჭი, არც გოგო მინდა, შენ უბრალოდ გასაღები მომეცი და მე თვითონ გავერკვევი, წყალსაც ჩავრთავ, დენსაც გავიყვან, უნიტაზს შევაკეთებ, მითხარი, კიდევ რამე თუა გასაკეთებელი-მეთქი.
მაინც გამომაყოლა ის ბიჭი. ლიფტთან მივედით და გამოვიძახეთ. შევედით და როგორც ფილმებშია, კარი ვიღაცის ხელმა დაიჭირა: დარბაისელი ქალი აღმოჩნდა. დამასწრო და ორიანს დააჭირა. ბიჭი სამიანს მიაწვა და წავედით. მეორეზე გაჩერდა და ვინ უნდა გავიდეს? ლოგიკურია, ქალი უნდა გავიდეს. მაგრამ არა, ბიჭმა მანიშნა, გავიდეთო და დამაბნია. აქ რა გვინდა, 318 მესამე სართულია ალბათ-მეთქი. მაგრამ ბიჭმა გავიდეთ, გავიდეთო და მეთქი პირველი სართული ნული იყო, მეორე კი მესამე გამოდის. გავედით. მაგრამ ქალი გაჰყვა ლიფტს მესამეზე. ზემოთ წავიდა და რაც ყველაზე უცნაურია, სანამ წავიდოდა, მანამდე დაიწყო სიცილი. მეთქი ჩვენ დაგვცინის, მესამეზე მივდიოდით და მეორეზე გავედით. ჰო, მაგრამ თვითონ რატომღა წავიდა ზევით?
გავედით და ბიჭმა ჩემს ჩემოდანს ხელი დაავლო ზურგზე შემოიგდო და ფეხით დაუბერა მესამეზე. აჰა, ალბათ ლიფტი მხოლოდ მეორეზე ადის და მერე ფეხით უნდა ავიდეთ-მეთქი ზემოთ. ჰო, მაგრამ, მაშინ ქალი როგორღა წავიდა?
მივდივართ და შუა გზაში ის ქალი შეგვხვდა… ქვემოთკენ მოდიოდა. ? ? ? მომესალმა თბილად, მეც გავუღიმე, თვალი გავაყოლე… კიდევ რამეს ელოდებით? კარგი, გაგრძელება იხილეთ.
318-თან ვიღაც მამაკაცი დაგვხვდა, თავზე სისხლიანი ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული. ნაჭერი გარედან იყო სისხლიანი, რამაც დამაფიქრა, რომ სხვა თავგატეხილის სახვევი ეკეთა. გასაღები გადმომცა. მაგრამ ჩემი ფეხები, კარი ვერ გავაღე. ვერ ვაღებ-მეთქი, ჭედავს, ასე არ გამოვა, ასე არ გამოვა!
ნუ განიცდიო. როცა შესვლა ან გამოსვლა მოგინდება, ამ ბიჭს დაუძახე და ეს გაგიღებსო. ასეთ დროს ტაქტიკა მაქვს შემუშავებული, ლაპარაკის თემას ვცვლი და ეგრევე ვაჯახე, ცხელი წყალი თუ მოდის-მეთქი? მოდის, მაგრამ ჯერ ცხრიანზე უნდა დარეკოო. რატომ-მეთქი? ეგრეა, ცხელი წყალი ვისაც უნდა, ჯერ ცხრიანზე რეკავენო.
აი, აქ უკვე დავიყვირე, და რა ხდება იმ ცხრიანზე, რა ხდება ცხრიანზე, საერთოდ რა ხდება?
შენ დარეკე და დანარჩენი ჩვენ ვიცითო. აქ ვარ, თუ დაგჭირდე, დამიძახეო.
მე ოთახში შევედი, სისხლიან ჩალმიანი თავის სკამზე მოკალათდა, ის ბიჭი სადაც იდგა, ახლაც იქ დგას…
ეგრევე ცხრიანზე დავრეკე და წამოვიდა ცხელი წყალი აი აქედან.”
კომენტარები