სამართალმცოდნე, კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
“გურიაში კალანდის („კალანდა“ ახალ წელს ქვია და არა მაინცდამიანც ძველით ახალ წელს, 14 იანვარს) წინა დღეს ცხემლისჭრას ეძახიან. ცხემლა იგივე რცხილა. ამ დღეს ტყეში ჭრიან ცხემლის ხეს. ამზადებენ შეშას და საღამოს ამით ანთებენ ცეცხლს. რიტუალს აქვს თავისი ლოცვის და საგანგებო ვახშმის კომპონენტები, მაგრამ ახლა ამაზე არ ვწერ.
ამავე დღეს მზადდება ჩიჩილაკი, ჩვეულებრივ ველური თხილისგან, თეთრი და ფაფუკი როგორც თოვლი ლიხს იქეთ – აქეთ თოვლი სველი და მძიმეა. ჩიჩილაკს აწყობენ ჯანჯუხებით, ჩირით, კურკანტელითა და სუროს ნაყოფით.
ჩიჩილაკს ნათლისღების შემდეგ, ეზოში, რომელიმე ხის პირველივე განტოტვაზე კიდებენ. ის ახალი წლის წინა ღამეს უნდა დავწვათ. ძველის დავიწყების სიმბოლოა. ახალს უნდა დაუთმოს ადგილი, რომელიც ამის წვის პარალელურად ითლება.
რა თქმა უნდა, ახლა სახლში ჩიჩილაკს არავინ თლის და ბაზარში ყიდულობენ, ასეთ ფასად: 1.5 მეტრი – 100 ეროვნული ლარი, მაგრამ კაცმა, რომ თქვას, როგორც წესი, უფრო პატარები და იაფებია გავრცელებული. რიტუალის მეორე ნაწილი – ძველის დაწვა – დღემდე ძალაშია.
ისე გამოვიდა, ბოლო წლებია, ოჯახის წევრებიდან, საახალწლოდ მარტო მე ვარ ხოლმე გურიაში. რიტუალის აღსრულებაც მე მევალება, მაგრამ გესმით: კალანდა დგება; ათასი სტუმარია; მისლა-მოსლა; მარანია; ამბავია; ღვინის ბოთლების დახსნის ხმები; ჩხავერი; ჭაჭა; ბუხარი არ უნდა ჩაგიქრეს; ჭიქის აწევა; დაწევაც, ცხადია; სმა და გზებზე სუფრის გადაფენა. ვის ახსოვს შენი ჩიჩილაკი? არადა ჩიჩილაკს სხვა დროს ვერ დაწვავ. არ გამოვა. იბრძნიან. ხოდა კიდია ბოლო 3 წლის ჩიჩილაკები ჩვენს ეზოში ზოგი ტყემალზე, ზოგი წაბლზე, ზოგი ვაშლზე. ნერევებს უშლის ყველას, მაგრამ ვერავინ ბედავს დაწვას. ვერც ვერავინ ხვდება, ეს გამხმარი ბურბუშელები რატო კიდია ხეებზე. უხერხულობა იქმნება. უნდა ახსნა. რა არის? რატომ კიდია? რატომ ვერ დაწვი? დიდი ხათაბალაა მოკლედ, მარა თან ვერაფერს უშვები.
ამის შემყურე დედაჩემმა, როგორც ჩანს, გადაწვიტა რიტუალმადე 24 საათით ადრე დაიწყოს შეხსენებების რიგი. იქნება და არ დამავიწყდეს და წელს მაინც დავწვა ეს დაძველებული ჩიჩილაკები ბუხარში, მაგრამ ასე ჩანს, დიდად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი, რაშიც ჩვენი გუშინდელი მიმოწერაც დაგარწმუნებთ.
საახალწლო ცეცხლი შებინდებისას უნდა გავახურო და თქვენს გაზრდას, ვინმე მადლიანმა ასე 6 საათში შემახსენეთ, როგორც იქნება ის ჩიჩილაკები ბუხარში შევუძახო. დღეს უნდა მოხერხდეს ეს ამბავი. ხვალ არ გამოვა. იბრძნიან და მეოთხე გამხმარი ჩიჩილაკი ამხელა ეზოშიც კი ნამეტანია.
ცხემლისჭრას გილოცავთ, ამ უცნაურ და ახალი წლის ფონზე, ცოტა დაჩაგრულ, დღეს!”

კომენტარები