დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე წარადგინა.
აღნიშნული ჰოლდინგის მართვაში ამ ეტაპზე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოები შედის, რომელიც მთავრობამ სამართვად საპარტნიორო ფონდს 2015 წელს გადასცა.
bm.ge-იმ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, რატომ აიღო საკუთარ თავზე სახელმწიფომ კლინიკების მართვა და ამისთვის სპეციალურად სამედიცინო ჰოლდინგის შექმნა, მაშინ, როცა საპარტნიორო ფონს, მისი ხელმძღვანელის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში უკვე მოძიებული ჰყავდა ინვესტორი.
მინისტრი ირწმუნება, რომ საპარტნიორო ფონდმა ვერც ინვესტორის მოძიება და ვერც მათი ეფექტური მართვა შეძლო და სწორედ ამის გამო გადაწყდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნა.
„საპარტნიორო ფონდს წლებია უკვე ჰქონდა გადაცმული კლინიკები იმისთვის, რომ მოეძიებინა ინვესტიციები და დაეწყო მისი ეფექტური მართვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის დღემდე ვერ მოხერხდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე ის რთული პასუხისმგებლობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოგვეყალიბებინა ჰოლდინგი და შესაბამისი მმართველი ჯგუფის ჩამოყალიბებით უკვე ეფექტურად გვემართა ეს საავადმყოფოები. ამ ეტაპზე ინვესტორთან მოლაპარაკებების საკითხი დახურულია და ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი რესურსით შევძლებთ ამ საავადმყოფოების საკმაოდ მალე დროში ეფექტური მართვის შედეგად რეინვესტირების განხორციელებას და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას“
შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძეა.
კომენტარები