“კურიერისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. თუმცა, მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებაც.
თამარ ჩუგოშვილი “კურიერის” ზარებს, ამ ეტაპზე, არ პასუხობს, ზაზა ხუციშვილი კი სატელეფონო საუბარში ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
“თქვენგან მესმის პირველად. მე წინასწარ არ მიყვარს ასეთ თემებზე ლაპარაკი, არ მაქვს წარმოდგენა, რატომ გაჩნდა ეს საუბარი და საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? წინასწარ რა უნდა ვილაპარაკო? არც მიფიქრია არასოდეს ამ პოზიციაზე,“ – ამბობს ზაზა ხუციშვილი.
რაც შეეხება უმრავლესობას, მათი განცხადებით, კანდიდატურებზე მსჯელობის ინიციატორი ოპოზიციაა.
“წინასწარ ამ პროცედურების შეუთანხმებლად და გაუვლელად, როგორ შეიძლება, რომ რომელიმე კანდიდატურის მიმართ გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია?! ახლა არ ივარგებს რაიმე კონკრეტულის თქმა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, როგორც შესაძლო კანდიდატებზე. მე მგონი, რომ ეს პირიქით, გააღრმავებს ამ შემთხვევაში შესაძლო ინსინუაციებს თემის ირგვლივ და არა რომელიმე კონკრეტული პერსონალის მიმართ.
თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია ერთ-ერთ საკითხად ომბუდსმენის შერჩევა და ამ შემთხვევაში, პროცედურებზე კეთდება აქცენტი. რასაკვირველია, ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს და ოპოზიციის მხრიდან უბრალოდ კანდიდატურების ასე პირდაპირ დასახელება ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, გაგრძელებაა ერთგვარად, მათი დესტრუქციული დამოკიდებულების.
უმჯობესია, რა თქმა უნდა, რომ უფრო მოტივირებული ვიყოთ, რომ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პროცედურით ვიმუშავებთ და შესაბამისად, ამ პროცედურების მიხედვით, შევარჩიოთ მაქსიმალურად სამართლიანი კანდიდატურა, რომელიც ეყოლება ჩვენს ქვეყანას ახალი ომბუდსმენის სახით,“ – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.
კომენტარები