ლევან ჯავახიშვილი, ალია
შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში? დაიწყება თუ არა ფართომასშტაბიანი ომი? შეძლებს დასავლეთი რუსეთის მომეტებული სამხედრო და პოლიტიკური ინტერესების შეკავებას? რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი ქვეყნები რითი და როგორ დაეხმარებიან უკრაინას? რა სახის სანქციებს დაუწესებენ რუსეთს? რუსეთის დასაშოშმინებლად და ომის თავიდან ასაცილებლად, ხომ არ შეჩერდება ნატო-ს გაფართოება და უკრაინას და საქართველოს საბოლოოდ ხომ არ ეტყვის ნატო, რომ ამ ალიანსის წევრები ვერასდროს გახდებიან? “ალიას” ამ და სხვა კითხვებს უპასუხებს ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, მოდით პირდაპირ გკითხავთ. თქვენი აზრით, დაიწყება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი?
– ჩვენ თუ მშრალად მივუდგებით ფაქტებს, თითქოს გამოუვალი მდგომარეობაა და ერთი შეხედვით, ომის გარდა სხვა ვარიანტი არ ჩანს. უშედეგოდ დასრულდა ჟენევაში რუსეთისა და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რუსეთმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. პუტინი და მისი დიპლომატები ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდება წერილობითი გარანტია, ნატო-ს ამ ღია კარის პოლიტიკის დახურვაზე, რომ ნატო აღარ გაფართოვდება. ამერიკა და ნატო-ს სხვა გავლენიანი ქვეყნები ამაზე ვერ წავლენ. ყველაფერს თავი დავანებოთ, ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის პარლამენტის თანხმობაა საამისოდ საჭირო. კარგი, გერმანია ამას სიამოვნებით დათანხმდება, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია და ესპანეთიც, მაგრამ სხვა ქვეყნები რა პოზიციას დაიკავებენ, ეს კაცმა არ იცის. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები არ დაუჭერენ ნატო-ს ღია კარის დახურვას მხარს და ამას აცხადებენ კიდეც. მერე, თუ ნატო-მ ეს კომპრომისი დაუშვა, ეს, ფაქტიურად, ნატო-ს გაუქმებას ნიშნავს, ამაზე ნატო ვერ წავა, გამორიცხულია.
თითქოს ომი კარს მომდგარია, მაგრამ ასე იოლი საქმე არ არის რუსეთისთვის უკრაინასთან ომი. ცოტა უხერხულია ამის თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი – უკრაინელები ქართველები არ არიან. ისინი იომებენ. თუ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ეს რუსეთ-საქართველოს 3 დღიანი ომი არ იქნება. მოგვწონს, არ მოგვწონს, ეგრეა. მე, მაგალითად, შემშურდა, რომ უკრაინას ასეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს, დმიტრი კულება. მისი 4 დღის წინანდელი განცხადება პოლიტიკის ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა, უინსტონ ჩერჩილის 1940 წლის განცხადებას შეადარეს, როდესაც ჩერჩილმა თქვა, რომ ფაშისტურ გერმანიასთან ჩვენ მარტო ვიომებთო. კულებამაც მსგავსი რამ თქვა – თუ ნატო არ დაგვეხმარება, ჩვენ მარტო ვიომებთ ბოლომდეო და უკრაინელები ამას იზამენ.
მე თვეები მიცხოვრია უკრაინაში და ვიცნობ ამ ქვეყანას, ამ ხალხს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინა. ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში იყო დასავლეთ უკრაინა, სხვა და სხვა დროს, დასავლეთ უკრაინის ნაწილს პოლონეთი ფლობდა. საუკუნეების მანძილზე ევროპა იყო დასავლეთ უკრაინა და იქ მცხოვრები ხალხი განსაკუთრებულად გამოირჩევა ნაციონალიზმით. წარმოგიდგენია შენ, 1957 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 12 წელი იყო გასული,როცა მოკლეს ნაციონალისტების უკანასკნელი ლიდერი, სტაპან ბენდერა. 1957 წლამდე კიდევ ომობდნენ ნაციონალისტები. ვის ეომებოდნენ? რუსეთს ეომებოდნენ. მაგათი შთამომავლები ბოლომდე იომებენ, არ დანებდებიან. გარდა ამისა, პუტინმა მშვენივრად იცის, რომ მართალია, უკრაინაზე ბევრად ძლიერი არმია ჰყავს, მაგრამ თუ შეიჭრა უკრაინაში, იქ მარტო პოზიციური ბრძოლები არ იქნება და რუსეთის გენშტაბის გეგმის მიხედვით არ წავა ყველაფერი. უკრაინელები აუცილებლად პარტიზანულ ომს წამოიწყებენ და ამით რუსეთს სერიოზულ დარტყმას მიაყენებენ. პარტიზანული ბრძოლები კი ომს დროში გააჭიანურებს, რაც რუსეთს არ აწყობს, რადგან ცოცხალი ძალისა და სხვა ყველა სახის რესურსის დიდი დანაკარგი ექნება. უკრაინასაც ექნება დანაკარგები, მაგრამ ისინი მზად არის საამისოდ, ისინი თავს დაიცავენ და სხვა გზა არ ექნებათ. მეტიც, სულ რომ ამოწყდნენ, უკრაინელები საამისოდაც მზად არიან. მერე ისიც გასათვალისწინებელია, რომ მართალია, ნატო არ იომებს უკრაინაში, მაგრამ ამერიკელებმა, ამ მოლაპარაკების პროცესში “სტინგერები” და “ჯაველინები” მიაწოდეს უკრაინას. ასევე, ბალტიის სამივე ქვეყანამ განაცხადა, რომ შეიარაღება მიაწოდეს უკრაინას. რეალურად, ეს არის ისევ ამერიკის შეიარაღება, რომელსაც ამერიკა უკრაინას ამ ქვეყნების გავლით აწვდის.
– დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადა, ჩვენც დავეხმარებით იარაღით უკრაინასო.
– კი და მარტო ეს არ არის. კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი ქვეყანა დაეხმარა უკრაინას და რამდენი დაეხმარება. იარაღის მიწოდების უამრავი ლეგალური და არალეგალური მარშრუტი არსებობს და დარწმუნებული ვარ, რუსეთის სამხედრო დაზვერვა ყველა ამ შემთხვევის, იარაღის მიწოდების ყველა ფაქტის საქმის კურსში ვერ იქნება. მეორე საკითხია რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციები. ჯერ გაზსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობას შეუჩერებს რუსეთს დასავლეთი, რაც უზარმაზარი ფინანსური დარტყმა იქნება რუსეთისთვის. მერე, ამერიკა დაემუქრა რუსეთს, რომ “სვიფტის” სისტემიდან გათიშავენ, თუ უკრაინას თავს დაესხმება. ასეთი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის დიდ დარტყმას ნიშნავს და ჩინოვნიკები მას ომის გამოცხადებასაც კი უთანაბრებენ. ერთადერთი უნივერსალური არხია მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის 11 ათას საფინანსო და არა საფინანსო ორგანიზაციას შორის ფულისა და სხვა ფასეულობების გადაგზავნის განკარგულებების გადასაცემად. ყოველწლიურად “სვიფტის” საშუალებით 5 მილიარდზე მეტი ასეთი შეტყობინება იგზავნება.
“სვიფტის” სისტემიდან რომ გათიშონ რუსეთი, 50-60 წლით უკან გადავარდება ფინანსურად. ეს უკვე კოშმარია არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, ფინანსისტებისა და ეკონომისტებისთვისაც. გარდა მაგისა, დოლარში მიმდინარეობს საერთაშორისო გადარიცხვები და თუ გათიშეს რუსეთი “სვიფტის” სისტემიდან, რუსული რუბლი გახდება არაკონვერტირებადი. ჩვენი კუპონი რომ იყო, რუბლი ისეთ დღეში ჩავარდება. რუსი ეკონომისტები აღიარებენ, რომ თუ ამერიკამ რუსეთი გათიშა “სვიფტის” სისტემიდან, ჩვენ ქვის ხანაში გადავვარდებით, მაგრამ ამერიკაც დაზარალდებაო. კი, დაზარალდება ამერიკა, მაგრამ არა ისე, როგორც რუსეთი.
პუტინს მთელი გათვლა იმაზე აქვს, რა მსხვერპლს გაიღებს რუსეთი და ევროპა და ამერიკა მზად არიან, იგივე, ან დაახლოებით იგივე მსხვერპლი გაიღონ? არა, ამერიკა და ევროპა არ არიან მზად დიდი მსხვერპლის გასაღებად. გერმანიამ განაცხადა, თქვენი დედაც ვატირე, ერთი თვე აქ გაზი თუ არ მექნება, სულ ფეხებზე გვკიდია, უკრაინისა და საქართველოს თავისუფლება და მაგათი ნატო-ში სწრაფვაო. მერე, ევროპულ და ამერიკულ ბიზნესს არ უნდა რუსეთთის ბაზრის დაკარგვა, იქ დიდ ფულს შოულობენ მათი კომპანიები. თან, ჩვენგან განსხვავებით, რუსეთში უცხოელი ინვესტორების ინტერესები დაცულია ყველა დონეზე. სამართლიანი სასამართლოს გარანტიებიც აქვთ და სხვა ყველაფერი. რუსეთში რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი შეიძლება დაჩაგრონ, მაგრამ უცხოელს არ დაჩაგრავენ, სიმართლეს არ წაართმევენ. ამ ბიზნესმენების ინტერესები აქვთ გასათვალისწინაბელი ევროპას და ამერიკას და ეს არის ძალიან დიდი ინტერესები. ეს ყველაფერი კარგად იცის პუტინმა და ამ კოზირს ეფექტურად იყენებს.
მე მაინც ვფიქრობ, რომ მალე ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იძულებული გახდება, რუსეთთან მიმართებაში უკიდურეს ზომებს მიმართოს. ნოემბერში ადგილობრივი არჩევნებია და ასევე, 18 შტატში, გუბერნატორების არჩევნები. ნოემბერში უნდა გადაწყდეს, ვინ დაეპატრონება ამერიკის პარლამენტს, კონგრესს – დემოკრატები თუ რესპუბლიკელები. არც გუბერნატორების არჩევნებია უბრალო საქმე. ბაიდენზე ისედაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ბებერია, სუსტი ლიდერია, დააჩოქა პუტინმა და ეს სუსტი ლიდერის იმიჯი უნდა შეიცვალოს. ეს მარტო ბაიდენის საქმე და საზრუნავი არ არის, მთელი დემოკრატიული პარტია მუშაობს ამაზე. შესაბამისად, ბაიდენი და ზოგადად, ამერიკის ხელისუფლება უფრო ხისტი გახდება რუსეთის მიმართ. მე ვიტყოდი, ეს ნაბიჯი უკვე გადადგა ბაიდენმა, როდესაც ღია მხარდაჭერა აღუთქვა უკრაინას და მისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო. ამის შემდეგ რუსი დიპლომატების რიტორიკაც შეიცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, ჟენევის შეხვედრის შემდეგ ამბობდა, მორჩა, ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვსო. 3 დღის მერე კი თქვა, როგორ არა, კიდევ ვილაპარაკოთო. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, კარგი იქნება, თუ ჟენევაში ბაიდენი და პუტინი შეხვდებიან ერთმანეთსო. ევროპელებმა ძველი გამოთქმა გაიხსენეს, როდესაც დიპლომატები ლაპარაკობენ, ქვემეხები სდუმან. თუ ბაიდენ-პუტინის შეხვედრა გაიმართა, ეს ზაფხულში მოხდება და შესაბამისად, იქამდე ომი არ იქნება. მერე და მერე, ეს კრიზისი, შესაძლოა, თავისით განიმუხტოს.
ზოგადად, ვფიქრობ, რომ დიდი ომი არავის არ აწყობს, არც პუტინს აწყობს. პუტინმა, ძირითადად, თავისას მიაღწია. პრაქტიკულად, პუტინმა შესანიშნავად იცის, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, განჭვრეტ მომავალში კი არა, ძალიან დიდი ხნით არ მოხდება, თუკი ოდესმე მოხდა საერთოდ. ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის კონსენსუსი უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე წარმოუდგენელია. ამას წინათ, გერმანულმა გამოცემამ, “შპიგელმა” დაითვალა, რომ ნატო-ს წევრთა ზუსტად ნახევარი, 15 ქვეყანა ამის წინააღმდეგია. ამერიკის მთელი ისტებლიშმენტიც ამის წინააღმდეგია. თითო-ოროლა სენატორი და კონგრესმენი თუ მოითხოვს ამას. პუტინმა ყველა დაარწმუნა, რომ როგორც კი რეალურად დადგება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, ის უკრაინაში ომს დაიწყებს, ომი კი არავის უნდა. მით უმეტეს, ამერიკა რუსეთთან ომს არ დაიწყებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გამო. მეორე საკითხი, რაც პუტინს უნდოდა, ის იყო, რომ იმ მოლაპარაკებებზე, რაზედაც უარს ეუბნებოდნენ შარშან, დღეს ამერიკა და ნატო ეხვეწება, მოვილაპარაკოთო. ამასაც მიაღწია. მაგალითად, საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებაზე მოგახსენებთ. ამ ხელშეკრულებიდან ამერიკა გავიდა ტრამპის პრეზიდენტობის დროს. რუსეთს კი ეს არ აწყობდა და მოითხოვდა, ამერიკის დაბრუნებას ამ შეთანხმებაში. ბაიდენმა თქვა, დავბრუნდებით ამ ხელშეკრულებაში, დავიწყოთ ლაპარაკიო. ევროპა კიდევ მზად არის, რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების საკითხები ერთობლივად განიხილოს, რასაც ადრე რუსეთს არავინ ეკითხებოდა. რუსეთი დღეს დასავლეთმა აღიარა გლობალურ მოთამაშედ. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთი გლობალური საკითხი, მით უფრო ისეთი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ირიბად მაინც შეეხება, რუსეთის გარეშე არ გადაწყდება. ეს მოხდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ადრე რუსეთს არაფერს ან ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ, ახლა უკვე შეეკითხებიან. ამ ახალ რეალობას მსოფლიო პოლიტიკაში, აღიარებენ ამერიკელები. პუტინის მთავარი მიზანი ეს იყო. მე მაინც მგონია, რომ ომი არ იქნება.
კომენტარები