ფოტო – ფორმულა
ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:
ელემენტარული ფიზიკა ყველას გვისწავლია სკოლაში და ვიცით, რომ გარკვეული მასის სხეულს თუ ბიძგს მისცემ, ის აუცილებლად მივა ა-დან ბ წერტილამდე. მოძრაობის სისწრაფეს და ტრაექტორიას კი ძირითადად რელიეფი განსაზღვრავს.
ჩვენს პოლიტიკურ რუკაზე სადაც “ბ” წერტილი რუსეთია, ოცნების ხელისუფლებამ 2012 წელს დაიწყო მოძრაობა. თავიდან ძალიან ნელი ტემპით, თითქმის შეუმჩნევლად. თუმცა 2018 წლიდან საქართველოს პოლიტიკური რელიეფი აშკარად შეიცვალა, ოცნების ხელისუფლების მოძრაობის სიჩქარე კი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 და 21 წლებში ტრაექტორიის ბოლოს “ბ” წერტილი, ანუ რუსეთი ცხადად გამოჩნდა. თუმცა იმას, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოხდა, როდესაც უკრაინის ომმა ივანიშვილის ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია ბოლომდე გააშიშვლა, თითქოს არავინ ელოდა: ჩვენ უკვე რეაქტიული სისწრაფით მივექანებით “ბ” წერიტილისკენ. ცოტაც და იქ ვიქნებით, რუსეთში.
ბევრს ეს აზრი შესაძლოა გადაჭარბებულად მოეჩვენოს და თქვას კიდეც, რომ მართალია, საქართველო არ მოხვდა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სიაში, თუმცა არც მთლად მოყვარე, ანუ ბელარუსი ან თუნდაც სომხეთი ვართ. მეტიც, ევროკავშირშიც კი გავაკეთეთ განაცხადი და ჯერჯერობით უკრაინასთან ერთად თუ არა, მოლდოვასთან მაინც ვართ ერთ კალათაში.
ოცნების დღევანდელი ლიდერების “ევროპული ბუნების” გათვალისწინებით ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს უბრალო პიარ სვლაა იმისთვის, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობასთან ბოლომდე წინააღმდეგობაში არ მოვიდეს და საკუთარი, დღეს უკვე აშკარა და სამარცხვინო პუტინისტური პოლიტიკა, იმით გაამართლოს – ვითომ ამ ქმედებებით ქვეყანას ომს არიდებს, თორემ ისე დასავლური კურსის მომხრეა.
სინამდვილეში, რასაც ოცნება აკეთებს ისაა, რომ ერთის მხრივ მოსახლეობას ომით აშანტაჟებს იმისთვის, რომ მხოლოდ ნამდვილი პრორუსების იმედად არ დარჩეს, რომელთა რაოდენობაც 12% პროცენტს არ აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ ტროლ-ბოტებისა და ყალბი ფეისბუკ ექაუნთების დახმარებით უფრო მრავალრიცხოვნად გამოიყურება; მეორეს მხრივ კი, გაღარიბებული საქართველოს მოსახლეობის ყიდვას რუსული “კანფეტებით” ცდილობს და ევროპულ და ამერიკულ სანქციებზე მიუერთებლობას იმით ამართლებს, თითქოს ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია.
პირდაპირ გეტყვით, თუ ვინმეს გონია, რომ როდესაც ცივილიზებული სამყარო რუსეთს სანქციებით ებრძვის, საქართველო კი მოსკოვს ამ სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება, ამით გავმდიდრდებით და დიდი სარგებელს მივიღებთ, უკეთეს შემთხვევაში სულელი, უარეს შემთხვევაში კი ქვეყნის მოღალატეა.
შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა მართლაც იშოვოს დიდი ფული, ან ცოტა ხნით ვიღაც-ვიღაცებმა მართლაც იხერიონ. მაგრამ, ეს ხოლოდ დროებით. დიდი ლოდინი არ დაგვჭირდება – დასავლეთი ჩვენც დაგვადებს სანქციებს რუსეთთან ერთად, რა ეტაპზეც დიდი ხნით დავასამარებთ ჩვენს პერსპექტივას, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ჩვენც იმ ტემპებით გავღარიბდებით, თუ უფრო მეტით არა როგორც რუსეთი.
სანქცირებულ, დეფოლტის ზღვარზე მყოფ და შიმშილის პირას მისულ საქართველოს ყელში მისივე მთავრობის ხელი წაუჭერს. ქართული პოლიცია ბოლომდე რუსულს დაემსგავსება; ხელისუფლების კონტროლს მიღმა მყოფი მედია დასუსტდება და გაქრება; გვეყოლება ფორმალური და მორჩილი ოპოზიცია; ივანიშვილის და ბერას გინება 15 წლის პატიმრობით დაისჯება; საქართველო ბოლომდე დაიცლება პროფესიონალური რესურსისგან და რაც მთავარია, თავისუფალი ნების მქონე ადამიანებისგან. აი ვინც დარჩება, ის ან უმუშევართა და უპერსპექტივოთა არმიას შეუერთდება, ან თუ “გაუმართლათ” ხელისუფლებაზე მიბმულ სახელმწიფო სექტორში თუ ძალოვან სტუქტურებში დასაქმებულთა რიგებს. უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ გაუფასურებული ლარის პირობებში მათ ხელფასს, რომელსაც თვეების დაგვიანებით მიიღებენ, თუ საერთოდ მიიღებენ, ჩალის ფასი ექნება.
ამ დროს ივანიშვილი სად იქნებაო, იკითხავთ ალბათ. ისიც ჩვენსავით დაიტანჯება? პასუხი აქაც მარტივია. არა! ის საკუთარი ინსტინქტების წყალობით სანქციებს ხელისუფლებიდან და ქვეყნიდანაც დროულად გაასწრებს. მოსკოვი კი მასზე ბევრად მორჩილ და ჭკუასუსტი იანუკოვიჩისა და ღარიბაშვილის ჰიბრიდს დაგვინიშნავს მმართველად.
უკრაინა კი, რომელიც ჩვენგან განსხვავებით მტერს თავს არ უხრის, მეგობრებს სწორად ირჩევს და გმირულად იბრძვის – ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. საკუთარ მომავალს გამოჭედავს, დამსახურებულ ადგილს დაიმკვიდრებს დასავლურ ქვეყნებს შორის; ნამდვილად ევროკავშირის და დიდი ალბათობით ნატოს წევრი გახდება, ან არც გახდება, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. განახლებული ეროვნული ენერგიით და დასავლეთის უპრეცედენტო მასშტაბის დახმარებით ეს ამაყი ერი დამსახურებულად ააშენებს თავისუფალ და განვითარებულ სახელმწიფოს. რომლის მისამართითაც ყოველთვის თამამად ვიტყვით: დიდება უკრაინას! და საქართველოს? საქართველოს?!
კომენტარები