საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური ერეკლე ჩეკურიშვილის დედას სოციალური ქსელით უსამძიმრებს და წერს:
,,სახლში მოიტანა სურათი – ნახე, რა ბიჭს ესროლა ტყვია არაკაცმაო, თან როგორი ლამაზიაო – ცრემლებს ვერ იკავებდა.
აუცილებლად, აუცილებლად ფეხზე უნდა დავაყენოთო! და მაშინვე საქმეს შეუდგა…
ვინ იფიქრებდა, ოთხი ასეთივე ლაჩარი არაკაცი შეუშლიდა ხელს ერეკლეს სიცოცხლისთვის ბრძოლაში…
ვერ ვეუბნები, ვიცი, სიმწრისგან იტირებს.
უმძიმესია ჩემთვის ამ ამბავთან შეგუება, ქალბატონო ნინო, ჩემი განუზომელი სამძიმარი და პატივისცემა თქვენ!”.
ნინო ჩეკურიშვილი პასუხობს:
,,ცოტნე ძალიან მიყვარს, იმხელა სითბო გამოხატა, გულში ჩამიხუტა, ნუ ნერვიულობთ, ერთად გადავარჩენთ, თქვენ გვერდით ვარო…ასეთი დიდსულოვანი, გულისხმიერი და სათნოა ცოტნე ყოველთვის. ჩემი ერეკლეს შემდეგ ცოტნეს ვწერდი ლოცვებში…”.
ერეკლე ჩეკურიშვილს 38 წლის მამაკაცმა ქუჩაში ესროლა. დაპირისპირება ძაღლების ჩხუბს მოჰყვა, რადგან ერეკლემ მისი ძაღლი ფეხით მოიგერია და თავის ძაღლს მოაშორა. მას მერე ერეკლე დიდხანს იყო კომატოზურ მდგომარეობაში, მან არაერთი კლინიკა გამოიცვალა. ოჯახი აპირებდა მის წაყვანას გერმანიაში სამკურნალოდ, თუმცა, როგორც თავად ჰყვებიან, სწორედ ამ დროს, ერეკლეს სეფსისი განუვითარდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ცოტნე გამსახურდია პირველივე დღიდან ჩართული იყო ერეკლეს მკურნალობისა და გადარჩენის საქმეში, პირადად აგროვებდა მათთვის ფულს.
სხვათა შორის, ცოტნე გამსახურდიას ნომერი ოჯახმა ჩვენ, “ალიას” გვთხოვა, როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. როცა ცოტნე დაჭრეს, კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა ნინო ჩეკურიშვილი, რომელმაც მაშინ ტირილით გვიამბო:
“მესიჯი მივწერა, ცოტნემ ეგრევე გადმორეკა, ძალიან მალე შემხვდა, მომისმინა, 2700 ლარი გადმომცა და მას მერე მუდმივად მეხმიანებოდა, მპირდებოდა, რომ ყველას შეაწუხებდა, რომ როგორმე მოეხერხებია და ერეკლე, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება საზღვარგარეთ – ფეხზე დამდგარიყო.“