საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედია ბლოკავს, რის შემდეგაც „ალია“ დაუკავშირდა:
– ძალიან ბევრი გამოცემა, ძალიან ბევრი ჟურნალისტი, უკვე გიხსენიებთ, როგორც საკრებულოს ყოფილ დეპუტატს – თუმცა, სინამდვილეში, თქვენ ისევ საკრებულოს დეპუტატი ხართ – ხომ ასეა?
– ნამდვილად ეგრეა, არ ვარ გარიცხული, ვერც გამრიცხავდნენ, თორემ კი ჰქონდათ მაგის სურვილი.
– ცოტა ხნის წინ ვნახეთ შეხლა-შემოხლა და ჩხუბი. იყავით მაგ დღეს?
– ვიყავი, ჩემს წინ ხდებოდა.
– „ოცნების“ მხარე ამბობს, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო ხაბეიშვილისგან – ცემა შეიძლება იყოს პროვოცირებული?
– ცემას არ ვამართლებ და ძალადობას, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოწვეული იყო რა თქმა უნდა ხაბეიშვილის უმსგავსო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ამითი დაიწყო..
– „ქართული ოცნების“ წევრები იმასაც ამბობენ სკამში ჩავარდნის დროს მიიღო დაზიანებაო…
– დავარდა, მერე იქ არ ჩანდა რა ხდებოდა, ვინ ვის დაარტყა, აბსოლუტურად არ ჩანდა, მოძრაობა ხდებოდა, ვხედავდი, მაგრამ ვინ როგორ და ვის დაარტყა, მაგას ვერ გეტყვით.
– ოცნების დეპუტატებს შეეფარდათ გირაო – 5 ათასი ლარი და ხაბეიშვილს 2 ათასი ლარი.
– ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ! შეიძლება რაკი აქეთა მხარეს სამი დეპუტატი იყო, ჯგუფური თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭეს და ამიტომ იყო დამამძიმებელი? არ ვიცი, ვერ გეტყვით.
– შეიძლება ზარქუა უფრო ნაკლები ღირს?
– როგორ გითხრათ, ეგ არ ვიცი, მაგრამ კადრებია, სადაც ჩანს, როგორ გამეტებულად მოუქნია ხელი ხაბეიშვილმა ზარქუას, როგორ მოხვდა არ ვიცი, შეიძლება არ დაეტყოს დარტმის ნიშანი და დალურჯება, მაგრამ მტკივნეული იყოს.
– საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილმა დატესტა და მიხვდა – ხალხს მოსწონს აგრესიული პოლიტიკა – ამიტომ, გასცა პირდაპირი ბრძანება, რის შედეგადაც კონფლიქტურ და თავდასხმებით სავსე წელს უნდა ველოდოთ.
– ის, რომ ვინმე დირექტივას იძლეოდეს ძალადობის ეგ ჩემთვის წარმოუდგენელია. საზოგადოებას რომ არ მოსწონს ხალხი, რომელიც ზედმეტად დაჩაგრულ პოზაშია, ვიღაცა განუწყვეტლივ შეურაცხყოფას აყენებს და არანაირი პასუხი არ არის, ეგაც მართალია. მე ვფიქრობ, პასუხი უნდა იყოს სამართლებრივი. თუ საკანონმდებლო ბაზა არ არის ისეთი, რომ ვიღაც დაისაჯოს შეურაცხყოფისთვის – ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას, აგერ არის უმრავლესობა და მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც საჭიროა. თორემ, ვიღაცას გლადიატორთა ბრძოლაც მოსწონს. ნათქვამია, ხო, ხალხს პური და სანახაობაო.
– კი და საქმე იმაშია, რო პური შემცირდა, ბატონო ერეკლე.
– ხოდა მაგაშია საქმე. მარტო სანახაობის ფორმა… იცი რა, პურის თემა შორს წაგვიყვანს ძალიან… ბევრი ნიუანსია მანდ, თუნდაც საგარეო ვალი, რომლის გადახდაც დავიწყეთ, თუნდაც საერთოდ ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში და ასე შემდეგ.
თუმცა, რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა სწორად არ კეთდება, მშენებლობაში ავიღოთ – ჩემს თვალწინ ხდებოდა რეაბილიტაცია ორბელიანის მოედანის – როგორი დაბალი დონე იყო, არ იციან, პროფესიონალები არ არიან, ვერ აკეთებენ. უცოდინრები არიან, რომ ნახოთ რა ხდება და როგორ გააკეთეს, წარმოუდგენელია… სახელმწიფოს ბრალი არ არის მარტო…
– აბა, ჩემი ბრალი ხომ არ იქნება, ბატონო ერეკლე?
– დეფიციტია პროფესიონალის. ამდენი მშენებლობა მიმდინარეობს, წარმოუდგენელიცაა რომ ამდენი მშენებელი გვყავდეს.
– მერე ვინც ცუდად მუშაობს, გააშავე, აუკრძალე – სხვა საქმეს გააკეთებს და მშენებლობით პროფესიონალი დასაქმედება.
– რა თქმა უნდა, არის უკონტროლობა, მეტსაც გეტყვით. მე ვიყავი გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე. ღია წესით ქვის ჭრა, სრულიად დაუშვებელია. იმის გამო რომ მე შენიშვნა გავაკეთე, კინაღამ ფიზიკურად გამისწორდნენ. როცა დავუკავშირდი ვიღაცებს, მითხრეს უწყებებმა, რომ არა აქვთ საშუალება, რომ ეს კომპანია დაისაჯოს. მაგრამ, მერე ჩავიხედე კანონებში და აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა ამ კომპანიის დაჯარიმება მოქმედი კანონმდებლობით – არ აკეთებენ, არ სჯიან. მე ამას ვერ მოვერიე. ჩავრიე ყველა და ვერ მოვერიე. იგივე გრძელდება. ვარანცოვზეც რომ გახვიდეთ, პირდაპირ ჭრიან ქვას და დგას ბუღი.
– მოქალაქეების თქმით შეუძლებელია, მიხვიდე მერიაში და შეხვდე ქალაქის მერს – თქვენ თუ გქონდათ, საკრებულოს დეპუტატს მერთან შეხვედრის საშუალება?
– შეხვედრა მინდოდა, მივწერე, დამპირდა რომ შემხვდებოდა. მერე ვეღარც მე მივაწვდინე ხმა და აღარც გამომეხმაურა, რა გითხრათ? ალბათ, შესაძლებელია, თუ ვინმე ძალიან მოინდომებს, ალბათ, მე ვერ მოვინდომე. ცოტა თავისებური წარმოდგენა აქვს დემოკრატიაზე, მე რასაც ვთავაზობდი, საზოგადოების ჩართულობას – უარი თქვეს და საზოგადოების წინადადებებს განვიხილავთო. ჰგონიათ, რომ თავად თუ განიხილავენ – საკმარისია და ხალხი უნდობლობას უცხადებს სწორედ მათ განხილულს – ეს არ არის დემოკრატია. რა თქმა უნდა, შედარებით იმასთან, რაც ხდებოდა და ხალხს რომ ხოცავდნენ – უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ, ხომ არ გხოცავთ ჩვენ და რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ – არც ესაა სწორი
– ქართული ოცნების შეკრებებზე აღარ დადიხართ?
– არა, რა თქმა უნდა.
– ივანიშვილს მისწერეთ და “ალიადანაც” სთხოვდით შეხვედრას, პასუხი არ მიგიღიათ, ხო?
– არა, სამწუხაროდ არა, მაგრამ ისეა სიტუაცია დალაგებული, არ გამოვრიცხავ, ივანიშვილს არც ჰქონდეს ეს ინფორმაცია. შეიძლება რაღაცას ხედავს და უყურებს, მაგრამ ვინ იცის რას ეუბნებიან და როგორ ეუბნებიან. თუმცა, ასევე სიტუაციას ბოლომდე ვერ აკონტროლებს და არის რაღაცების რაც მის ძალებს აღემატება. ეს მესმის კარგად, ამიტომაც თქვა მკაფიოდ – სახელმწიფო ვერ განვითარდება, თუ საზოგადოება თვითორგანიზაციას ვერ მოახერხებს. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მართავს ქვეყანას.
რას ამბობს ახლა – აი, ხალხო, მე ვმართავ ქვეყანას, მაგრამ სანამ თქვენ თვითორგანიზაციას ვერ მოახდენთ, სახელმწიფო ვერ განვითარება. ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის ძლიერი, თუ საზოგადოება ვერ ახორციელებს კონტროლს. საზოგადოების უნდა ეშინოდეს მთავრობას.
– რანაირად – დავწერეთ კორუფციაზე, ფაქტებით – არავინ არავის სჯის, რეაქცია არავის აქვს, ქუჩაში რომ გამოხვალ – მორჩა ნაციონალი ხარ – როგორ მოვიქცეთ?
– ძალიან საინტერესო კითხვებს მისვამთ, ზუსტს, ნახეთ, რა ხდება – ყველას უნდა სახელმწიფოს მეთაური ახდენდეს რეაგირებას და ყველა დამნაშავე ისჯებოდეს. მაგრამ არ ხდება ეს ხო? რატომ? რა არის ძალაუფლების მექანიზმი? ვიღაცაზე დაყრდნობა ხო? შენ თუ ხედავ, რომ ვისაც ეყრდნობი – იმას თუ დაარტყი და ისეთი რაოდენობით არის დასარტყამი, რომ საბოლოო ჯამში შენ ამით შენს თავს დაარტყამ, უკვე შენ ხელები გაქვს მოჭრილი. მე ვმსჯელობ, არა მაქვს დოკუმენტაცია, მაგრამ როცა ვთავაზობ ოცნებას იმ მექანიზმს, რაზეც ივანიშვილიც კი საუბრობს – კანონზე დაყრდნობით, გავაკეთოთ თვითორგანიზაცია, შემოვიყვანოთ ხალხი მმართველობაში – ვიღაც ამას ბლოკავს, ესე იგი ვერ ერევა ივანიშვილი იმ გარემოცვას, რომელიც ჰყავს. ვიღაცას რომ ეყრდნობი, თუ იმას აღარ უნდა დაეყრდნო, უნდა გყავდეს სხვა ძალა, ვისაც უნდა დაეყრდნო, ხო? თუ არ გყავს სხვა ძალა, შენ რჩები ჰაერში. ამიტომ ამ კაცმა პირდაპირ თქვა – ხალხნო, მიშველეთ ქვეყნის მართვაში – მე ასე გავიგე.
სწორედ ამიტომ მოხდა ჩემი გარიყვა, ჩემი აზრით, რომ მე დავუპირისპირდი ოცნების იმ ნაწილს, რომელსაც არ აწყობს რომ საზოგადოებამ გააკონტროლოს ხელისუფლება.
– თქვენი განცხადება ვნახეთ კობახიძეზე – სვამთ კითხვას – რატომ არ გარიცხეს კობახიძე პარტიიდან, მე თუ გამრიცხეს?
– მე ის კი არ ვიკითხე რატომ არ გარიცხეს კობახიძე პარტიიდან, მე ვიკითხე, მე რატომ გამრიცხეს პარტიიდან? რა იყო ჩემი დანაშაული? ის რომ პარტია დავიცავი, როცა ღორები გვეძახეს? ხო, მარტო ღორებს შეუძლიათ იზეიმონ მაშინ, როცა სადღაც გმირი ჰყავთ დაჭერილი და ღორები გვეძახეს, აბა რა გვეძახეს? ეს იყო სულ ჩემი დანაშაული და თუ კობახიძე იმ არეულობის გამო გადადგა, რომელი არეულობაც მოჰყვა გავრილოვის იმ სკამში ჩაჯდომას – რომელს მეტი დანაშაული მიგვძღვის?
– რა აპირებთ ახლა, როცა არც ივანიშვილმა მოგისმინათ, არც ქალაქის მერი შეგხვდათ? როგორ გააგრძელებთ მოქმედებას?
– რაკი „ქართულ ოცნებაში“ არ გამომივიდა ის, რისი გაკეთებაც მინდოდა, აიღეს და ცოცხლად დამმარხეს. დანარჩენი ახლა უნდა გავაკეთო, მესამე ძალა, თუ რაც გინდათ დაარქვით, ხალხი ვისთვისაც მიუღებელია ნაცებიც და ოცნების ის ნაწილიც, ვინც მოახდინა კონტრრევოლუცია და გადაეწყვნენ ნაცებთან.
– ვინ იქნება თქვენთან ერთად?
– ყველა ის ადამიანი, რომლისთვისაც არის ძვირფასი ის ფასეულობა, რომელიც ფასეულობითაც მოვიდა „ოცნება“. ახლა დავიწყე ამაზე მუშაობა და ჯერ არავისთან მოლაპარაკება არ მქონია. მე არავის წინააღმდეგ არა ვარ პიროვნულად. დღესაც რომ შემომეხმიანოს ბიძინა ივანიშვილი და მითხრას, მოდი ეს რეფორმა გავაკეთოთ – მივალ და გავაკეთებ.
– თქვენ რომ ახლა ხალხი შეკრიბოთ, ხალხი გამოგყვეთ, მერე ივანიშვილმა დაგირეკოთ – წახვალთ და მიატოვებთ?
– რა საინტერესო კითხვაა და ამაზე მე მიფიქრია. ხალხის შეკრება როცა დაიწყება, ის არ გაჩერდება. ახლა რაც დაიწყება, ის არ გაჩერდება. ჩვენ პერსონალურად არავის წინააღმდეგი არა ვართ, თუ ვინმე „ოცნებიდან“ გონს მოვა, დაინახავს და მოვა, მოვიდეს… აქ არის კონკრეტული იდეა და იდეის გატარება. ჩვენ კი არ მოვდივართ ხელისუფლებაში, ხალხს ვეუბნებით, რომ შენ მოდიხარ და შენ აკონტროლებ. ხალხი გააკონტროლებს მერე უნდა მილიონიანი ნაძვის ხე – თუ არ უნდა, უნდა ბუჩქის დარგვა – თუ სხვა რამე ურჩევნია…
– თქვენ რომ გეთქვათ საკრებულოს სხდომაზე, რომ არ გვინდოდა დავუშვათ მილიონიანი ნაძვის ხე?
– ვინ მეკითხება მაგას, ვინ ეკითხება საკრებულოს წვერებს მაგას, არ გამაცინოთ. სულ მაგას ტირიან რატომ აკეთებს მერია უჩვენოდ ყველაფერს და რატომ არაფერს გვეკითხებაო. პოლიტიკური, პარტიული სისტემა ანადგურებს ყველაფერს, რაც აუცილებელია დემოკრატიისთვის.
– სისტემა უნდა შეიცვალოს?
– კი, უნდა შეიცვალოს, დაემატოს. დემოკრატია არის ხალხის ძალა და არა სტაგნაცია.
– თუ არაფერი შეიცვალა – „ქართულ ოცნებას“ იგივე შემადგენლობით აქვს არჩევნების მოგების შანსი?
– მაინც გაიმარჯვებს, ყველაზე უფრო დაჩაჩანაკებული „ქართული ოცნებაც“ კი, რომელიც ხალხის წყრომას იმსახურებს, მაინც მიიღებს ხმებს, ისევე როგორც მიიღო ხმა სალომე ზურაბიშვილმა. არც სალომეს არჩევა უნდოდა ხალხს, მაგრამ არ ჰქონდათ სხვა გზა. სამწუხაროდ, ასე იქნება ამ არჩევნებზეც. სწორედ ამიტომაა საჭირო მესამე ძალა, ხალხის ძალა.
თამო კეშელავა
ალია №4
კომენტარები