9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე წლებია ქირით ცხოვრობდა და პერიოდულად ბინის დაცლა უწევდა, რაც მისთვის, როგორც უსინათლო ადამიანისთვის, დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მას ეს პრობლემა ამიერიდან აღარ ექნება, რადგან საკუთარ სახლში იცხოვრებს. ლელა ვეფხვაძეს ფოდმა “ქართუმ” ბინა უყიდა. “ამბები” 9 აპრილის გმირს დაუკავშირდა:
“მე ქირით ვცხოვრობდი ჩემს დიდ ოჯახთან ერთად, უკვე ძალიან ბევრი წელია. ამ ბინაში 600 ლარს ვიხდიდი ქირით, საიდანაც მერია 400 ლარს მიფინანსებდა. მართალია 2 წელი კიდევ მქონდა დარჩენილი ხელშეკრულების ამოწურვამდე, მაგრამ მოულოდნელად დამიკავშირდა მეპატრონე და მითხრა, რომ გაყიდვა გადაწყვიტა.
არასოდეს დამიწერია სოციალურ ქსელში პესიმისტური პოსტი, მაგრამ მეპატრონესთან საუბრის შემდეგ, ტელეფონი რომ გავთიშე, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, რომ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე. ამის შემდეგ გამომეხმაურნენ ჟურნალისტები და რამდენიმე მასალა გაკეთდა. ბოლოს არ ვიცი როგორ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდა. ძალიან ახლოს მიიტანა გულთან და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას.
დიდი ბინაა და იატაკზე არავის მოგვიწევს დაძინება. არასოდეს ვყოფილვარ გაუმაძღარი ადამიანი და რაც მაქვს, კმაყოფილი ვარ. ვარკეთილშია ბინა და წუხელ არ მეძინა ბედნიერებისგან. წნევამ ამიწია და ძლივს მივედი იუსტიციის სახლამდე დღეს გასაფორმებლად. მთელი ოჯახი გახარებულია.
მეტროში ვმღერი და ჩემი შემოსავალი ესაა და მეტროსთან თუ ახლოს არაა ბინა, ძნელია ჩემთვის. მართლა სასწაულია, ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას. მე ალბათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვერ შევხვდები და დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის, საოცარი ბუნების ადამიანებია და მიხარია, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები გვყავს და მის ოჯახს სიკეთე არ მოაკლოს ღმერთმა. აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ამ კამპანიის დროს მე შევიძინე მეგობრები, რომლებიც ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან და ესეც ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ბინა ბინააა და კარგია, მაგრამ უბედნიერესი ვარ ამ ადამიანების პოვნით“, – განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
ambebi.ge
კომენტარები