„ალიას“ ესაუბრება მსახიობ ბესო ზანგურის ადვოკატი, პაატა შავაძე.
-ბატონო პაატა, გუშინ „რუსთაველის თეატრის“ ბრძანება ვიხილეთ, რომლის მიხედვითაც ბესო ზანგურს ყველა სპექტაკლში აეკრძალა როლის შესრულება, ბრძანებას ხელს რობერტ სტურუა აწერს…
-კი, ბრძანებას აქვს რობერტ სტურუას ელექტრონული ხელმოწერა, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელმოწერა არ გადმოსცემს მის შინაგან ნებას. სხვა გზა არ დაუტოვეს, ეს არის ცრემლმორეული ხელმოწერა. თეა წულუკიანს თეატრი წარმოუდგენია კომპარტიის კომიტეტად და ხელოვანებს უყურებს ისე, როგორც ცეკას გამგე უყურებდა ცეკას ინსტრუქტორებს. წულუკიანმა მხოლოდ ბესო ზანგურზე კი არა, ჩემზე და მაყურებელზეც იძალადა, მან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, წაგვართვა ჩვენი საყვარელი მსახიობის სცენაზე ხილვის ბედნიერება – ვინ მისცა ამის უფლება? მეკითხება მე, მაყურებელს? ბრძანებაში წერია ყველა როლიდან უნდა იყოს მოხსნილი ბესო ზანგურიო, გაგდებაა ეს, აბა, რა არის? წულუკიანმა რობიკო სტურუას ხელით გააგდო ბესო თეატრიდან, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტურუას, სხვა გზა, უბრალოდ არ დაუტოვეს. ამ ბრძანებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, ჯერ სამინისტროში, როგორც ადმინისტრაციული წესი მოითხოვს და მერე სასამართლოში. ეს ბრძანება უკანონოა და მოუწევთ მისი გაუქმება. ბესო ზანგურის მიმართ შეთითხნილ ბრალდებას, აუცილებლად გავაქარწყლებ სიმართლით.
-თეატრის ამ ბრძანებაში ისიც წერია, რომ აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ გამოძიება დასრულდებაო და რა მუხლით დაიწყო გამოძიება?
-არავითარი გამოძიება არ დაწყებულა და ვერც დაიწყება, როგორ უნდა დამთავრდეს ის, რაც არ დაწყებულა? ახლა ისმის კითხვა – მაშ, ვინ უნდა გამოიძიოს ბესო ზანგურის საქმე? – აღმოჩნდა, რომ თავად ბესო ზანგურმა და მე, როგორც მისმა ადვოკატმა! წულუკიანმა თავის მართლების რეჟიმი დაგვიტოვა, მერე რა, რომ მტკიცებულება არ გვაქვს, აი, გაბრალებენ და თავი იმართლე, თავად დაამტკიცეო, არადა, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, პირიქით უნდა იყოს, უნდა დაგიმტკიცონ ბრალი! ვისმენდი წუხელ „რუსთავი2“-ის ეთერში, ჟურნალისტმა ცხომელიძემ მაყაშვილთან ერთად განაჩენი გამოუტანა ბესოს, ჩემ თვალში ნულია და მოძალადეაო. გამოდის, 4-5 ქალს დაუდგენია, რომ ბესო მოძალადეა და არავის აინტერესებს სამართალი, კანონი, მტკიცებულებები, უდანაშაულობის პრეზუმცია და ა.შ. ვაპირებთ, ჩვენ თავად მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება, თუ არ დაამტკიცებენ, რასაც ბესოზე საუბრობენ, ყველას მოუწევს პასუხისგება. მზად მაქვს სარჩელი მაყაშვილის, ცხომელიძის, ია ფარულავას და სხვების წინააღმდეგ. ასეთი მავნებლური გადაცემა, ბერიას შემდეგ, თუ იქნებოდა, არ მეგონა. კონვერტი უნდა გახსნას ადამიანმა და ვიღაცას უნდა მიაყენოს დარტყმა? პროკურორის მარჯვენა ხელი გახდა ია ფარულავა? დღეს ბესო განადგურებულია, ყველაზე მეტად ამ შავ ლაქაზე დარდობს და მე მასაც და მთელ საზოგადოებასაც ვპირდები, რომ აუცილებლად აღადგენენ ბესოს თეატრში და აღვადგენ მის სახელსაც, მოვაშორებ ამ ლაქას.
-წინა ინტერვიუში მიგვანიშნეთ, რომ შესაძლოა, მიზეზი იყოს პოლიტიკური, ან პირადი, ხომ არ ფლობთ მეტ დეტალს ამ კუთხით?
-კიდევ ბევრი დეტალი გამოიკვეთება, მაგრამ ამ ეტაპზე, ერთის თქმა შემიძლია, ბესო ზანგური იყო, ვინც პირველმა თქვა, რომ ივანიშვილისგან დაფინანსება შეუწყდათ ხელოვნების წარმომადგენლებს. მანამდეც ჩუმად საუბრობდნენ შიდა წრეებში ამაზე, ბესომ კი ხმამაღლა თქვა. წულუკიანისთვის, ხომ მოისმინეთ, ნებისმიერი განსხვავებული აზრი პრობლემაა და უნდა დაადგინოს, თურმე, ვინ დგას ამ განსხვავებული აზრის უკან. წულუკიანისთვის, ბესოს ეს განცხადებაც განსხვავებული აზრი იქნებოდა, გადაწყვეტდა, რომ თვალსაწიერზე ამოეღო და ცხოვრება მოეშხამა მისთვის. წულუკიანი ყველაფერს დურბინდით უყურებს, თუმცა, ეგრევე არ რეაგირებას, იცდის… არც ჩემთვის ჩქარობს პასუხის გაცემას, მაკვირდება ჯერ…თუმცა, იცის, რომ მისი არ მეშინია. პროკურორად დააყენეს კულტურის სამინისტროში! სხვას ვის შეეძლო მისულიყო კულტურის სამინისტროში როზგით და მათრახით? წინა ინტერვიუშიც გითხარით და ახლაც გავიმეორებ, არ მოითმენენ ამას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მით უფრო, რომ მხოლოდ ბესოსთან არ მოიქცევა წულუკიანი ასე… გაანადგურეს ადამიანი, ახლა უნდათ წაშალონ თეატრალური რუკიდან – გარანტიას გაძლევთ, ეს არ გამოუვათ
კომენტარები