თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– გვეუბნებიან უკვე, რომ უნდა ველოდოთ, მეოთხე ტალღას, ზოგი ექიმი იმასაც ამბობს, რომ კორონავირუსი არსად გაქრება და ყოველ წელს უნდა ავიცრათ, ისე, როგორც გრიპის ვირუსზე, ზოგი, პირბადის მოხსნაზე საუბრობს და ზოგი გვეუბნება, რომ პირბადე დიდხანს დაგვჭირდება… რომელია სინამდვილე?
– პირბადეს რაც შეეხება, ზოგმა ქვეყანამ გააუქმა პირბადის ღია სივრცეში გამოყენების ვალდებულება, მაგრამ ეს გააკეთეს იმ ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, ქვეყნები, სადაც მოსახლეობის 10%-ც კი არ არის აცრილი, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებაზე არ საუბრობენ. რაც შეეხება იმას, რას უნდა ველოდოთ მომავალში – სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, საემიროების, კანადის, ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება აცრილი, აი, ამის შემდეგ გაგრძელდება დაკვირვება და კვლევა, არის თუ არა სრულად აცრილებში ინფიცირების ახალი შემთხვევები. ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ თითქმის 99 პროცენტით, ვაქცინა გვიცავს ვირუსის შემთხვევაში, მდგომარეობის გართულებისგან, გვიცავს ლეტალობისგან, მაგრამ რამდენად გვიცავს ინფიცირებისგან, თუნდაც უსიმპტომოდ და მერე გავრცელებისგან – ეს ჯერ კიდევ დაკვირვების და შესწავლის საგანია. ამის დადგენა, სავარაუდოდ, მოხდება ოქტომბრის შემდეგ. ასევე, არ ვიცით ზუსტად, რა პერიოდი გვიცავს ვაქცინა, ან რამდენ ხანს რჩება კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ორგანიზმში ანტისხეულები. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, 8 თვის შემდეგ, სისხლში ანტისხეულების ოდენება იწყებს კლებას, სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყანა უკვე ფიქრობს, რომ 9-10 თვის შემდეგ, ადამიანს მესამე დოზა გაუკეთონ ვაქცინის. თუმცა, არსებობს მერე კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ადამიანის იმუნიტეტის სიძლიერეს ასევე განაპირობებენ თი და ბი ლიმფოციტებიც. სულ ახლახან ამერიკაში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები რომლის მიხედვითაც, ძვლის ტვინის უჯრედები ინახავენ ინფორმაციას ანტისხეულების შესახებ და ვირუსის სხეულში მოხვედრისას ისინი იწყებენ ანტისხეულების წარმოშობას. ეს განსაკუთრებით ძლიერად გამოიხატა იმ ადამიანებში, ვისაც გადატანილი ჰქონდა დაავადება და ამის შემდეგ აიცრა კიდეც. სრული ინფორმაცია ანტისხეულებზე და იმუნურ სისტემაზე გვექნება მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობის 80 პროცენტი იქნება აცრილი და ეს თავის ზეგავლენას მოახდენს ვირუსის ცირკულაციაზე. ეს დაახლოებით 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის მოხდება. შესაბამისად, ზუსტი პასუხი იმაზე, დაგვჭირდება თუ არა ყოველწლიურად აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ, ჯერ არ არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე გამოითქმება ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით ერთ დამატებითი, ე.წ ბუსტერ დოზა დაგვჭირდება ბოლო აცრიდან 9-12 თვის შემდეგ..
რაც შეეხება საქართველოში მეოთხე ტალღის მოლოდინს – ჩვენთვის მთავარი სირთულეა ტურისტული სეზონი. გავხსენით საზღვრები, დაიწყება ტურისტების შემოდინება – ახლა მთავარი კითხვაა, შევძლებთ, ისე გავაკონტროლოთ მათი შემოსვლა, როგორც ამას ევროპის ქვეყნები აკეთებენ? გვექნება ე.წ. შუქნიშნის სისტემა ჩვენც? ანუ როცა ქვეყნები დაყოფილია შუქნიშნის ფერების მიხედვით, სადაც მწვანე ფერი ნიშნავს კარგ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ხოლო წითელი კი მძიმეს. შესაბამისად, თუკი პიროვნება მოდის წითელი ქვეყნიდან ანუ სადაც ვირუსის ბევრი შემთხვევაა, მას მოუწევს კარანტინის გავლა. ჩვენ როგორ გავაკონტროლებთ საზღვრებს, ესაა მთავარი საკითხი. მეორე პრობლემა ისაა, რომ ერთი დოზით ქვეყნის მოსახლეობის 6 პროცენტი გვყავს აცრილი და ორი დოზით 1,5 პროცენტი – ეს ძალიან ცოტაა. მოდის ივლისი და აგვისტო, ადამიანები წავლენ ზღვის და მთის კურორტებზე, სადაც გაძნელდება რეგულაციების დაცვა. მესამე პრობლემაა ლაბორატორიები, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყველა დადასტურებული შემთხვევის გენური სეკვენირება მოვახდინოთ და შესაბამისად, კარგად ვაკონტროლოთ ახალი შტამების შემოსვლა თუ ცირკულაცია. თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ გასული წლის შეცდომებს, ისევ, შესაძლოა, მოხდეს ვირუსის აფეთქება. ვთქვათ ისიც, რომ კოვიდგადატანილთა 40-50 პროცენტში გვხვდება ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ესეც ართულებს სიტუაციას. მოკლედ საზღვრების გახსნასთან, ტურისტული სეზონისათვის უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ორ მაგალითს მოგიყვანთ, გაერთიანებული სამეფო აპირებდა 21 ივნისს მოეხსნა ყველა შეზღუდვა, რადგან მან უკვე აცრა მოსახლეობის 62% ზე მეტი ერთი დოზით და დაახლოებით 45 % ორი დოზით, თუმცა, ახალი დელტა (ინდური) შტამის გამო, ინფიცირებულთა შემთხვევებმა იმატა არავაქცინირებულ ადამიანებში. მოგეხსენებათ, აცრები ჩატარდა ასაკობრივ ჯგუფებში და ყველაზე ნაკლებად არიან აცრილები 20-30 წლის ადამიანები, ახალი შტამი კი ყველაზე ხშირად, სწორედ ახალგაზრდებში ვრცელდება, ზოგჯერ უსიმპტომოდ, მაგრამ ისინი თავის მხრივ, გადამდებნი არიან, ახალგაზრდების მობილობა კი ყველაზე მაღალია. ამიტომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, კიდევ 2 კვირით გადაედო შეზღუდვების მოხსნა. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას გამოუჩნდა მოწინააღმდეგენი და თქვეს, რომ ეს ეკონომიკას კიდევ უკან დახევს, მაგრამ ჩატარდა გამოკითხვა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ურჩევნია ცოტაც მოითმინოს და შეზღუდვები მოიხსნას ისე, რომ საფრთხე არ დაემუქროს ადამიანების სიცოცხლეს. პარალელურად, გაერთიანებულმა სამეფომ გააძლიერა ვაქცინაციის პროცესი. და მეორე მაგალითი, ინგლისიდან შოტლანდიაში მიმავალი კრუიზის გემი, შოტლანდიამ უკან მიაბრუნა, არ შეუშვა, თქვა, რომ უსაფრთხო არ არის, რადგან ინგლისში, გამა, ინდური შტამია გავრცელებული.
კომენტარები