კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და საკარანტინო ზომებს მიმდინარე დღეებში აზერბაიჯანში უფრო რთულად აღიქვამენ. 20-21 მარტს, ქვეყანა “ნოვრუზ ბაირამს” – გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავს და როგორც წესი, ამ დღესასწაულს სახალხო ღონისძიებებით ხვდებიან. თუმცა COVID-19-ის პანდემიამ საუკუნოვანი ტრადიცია სრულიად შეცვალა.
“ნოვრუზ ბაირამის” დღეებში აზერბაიჯანში მიღებულია ერთმანეთთან სტუმრობა, ერთმანეთისთვის ტკბილეულობის გაგზავნა, დიდი სუფრების გაშლა. ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო კი გაუქმდა ყველა ღონისძიება. მოქალაქეებს მოუწოდეს, ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ დღესასწაული და არ ეწვიონ ერთმანეთს.
ამჟამად, სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელთა ონლაინ აქტივობებს, სპეციალურად “ნოვრუზ ბაირამისთვის” ტკბილეულობის მომზადების “ლაივები” და მათი მეგობრებისთვის გაზიარებაც დაემატა.
ჯერ კიდევ 28 თებერვლამდე, აზერბაიჯანის მოსახლეობა ვერ აღიქვამდა კორონავირუსს სერიოზულად, თუმცა იმ დროისთვის უკვე ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ირანში დაინფიცირების შემთხვევები არსებობდა.
27 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ოგტაი შირალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არ არსებობენ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები. თუმცა, უკვე 28 თებერვალს პირველი დაინფიცირებულის შესახებ გახდა ცნობილი – რუსეთის მოქალაქე ირანიდან. 5 მარტს აზერბაიჯანმა ორი კვირით ირანთან საზღვარი ჩაკეტა და ეტაპობრივად ეს ზომა ყველა საზღვარს შეეხო.
ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში 20 დაინფიცირებული სტაციონარში რჩება, 10 გამოჯანმრთელებული კი – სახლებში გაწერეს.
აზერბაიჯანში 2 მარტიდან დაიკეტა ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სკოლა და საბავშვო ბაღი. ჯერჯერობით შეზღუდვა 27 მარტამდეა დაწესებული.
მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა სოციალური იზოლაციის ზომები მიიღო. რაც ითვალისწინებს ქორწილების, სამგლოვიარო ცერემონიალების და სხვა მასობრივი ღონისძიებების აკრძალვას, ასევე, კულტურული ობიექტების, მუზეუმების, კინოთეატრების, სპორტული ცენტრების დახურვას. შეზღუდვებია დაწესებული სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მონახულებაზე. სპეციალური ინსტრუქციები გაიცა კაფეებისთვის, რესტორნებისთვის, მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.
ამჟამად დახურულია სასტუმროები, თუმცა, მათი ნაწილი კარანტინში მყოფ ადამიანებს ემსახურება.
რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს და პროდუქტს, სახელმწიფომ განაცხადა, რომ არ არის საჭირო პანიკა და საკვების დიდი რაოდენობით მომარაგება, რადგან ქვეყანაში საკმარისი მარაგებია.
ამ დღეებში მკვეთრად დაცარიელებულია დედაქალაქის მთავარი ქუჩები, თუმცა, გარეუბნებში ადამიანები შეძლებისდაგვარად მაინც ახერხებენ სამუშაოდ გამოსვლას. საღამოობით კი, კაცები ეზოებში იკრიბებიან და შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მილიარდი აზერბაიჯანული მანათი გამოყო კორონავირუსის შედეგებთან საბრძოლველად, მათ შორის მცირე ბიზნესის დასახმარებლად.
კომენტარები