მიხეილ ყაველაშვილი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე მოხვდა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა. მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილი სამგზის პარლამენტარია, მისი განათლების შესახებ გრაფა ცარიელია და ინფორმაცია არც სხვა საჯარო წყაროებში მოიპოვება.
2 წლის წინ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პარლამენტისგან გამოითხოვა მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა პარლამენტიდან უპასუხეს, რომ ყაველაშვილს აღნიშნული დოკუმენტები საკანონმდებლო ორგანოში არ წარუდგენია.
დიპლომის არქონას მისთვის ხელი არ შეუშლია, პარლამენტის წევრი გამხდარიყო.
სხვათა შორის, იგი 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტადაც მუშაობდა.
არც სახლი, არც მანქანა, არც მიწის ნაკვეთი
მიხეილ ყაველაშვილი არც ქონებას ფლობს, მათ შორის უცნობია, აქვს თუ არა მას საცხოვრებელი სახლი. დეკლარაციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მის საკუთრებაშია, 2007 წელს 22 000 დოლარად შეძენილი ავტოფარეხია.
გარდა იმისა, რომ მის ოჯახს არ უჩანს ქონების, მათ შორის, არც მოძრავი ქონების შეძენა, ჩუქების ყველა გრაფაც ცარიელია.
ცნობისთვის, ბოლო ორი წელია, იმ ერთი ავტოფარეხის ჩაწერაც “ავიწყდება” ხოლმე დეკლარაციაში ყაველაშვილს და შემდეგ დამატებით, ჩასწორებით შეაქვს, ისევე, როგორც საპარლამენტო ხელფასი, რომელმაც 2023 წელს 49, 416 ლარი შეადგინა.
ბოლო, 2024 წლის დეკლარაციაში შეტანილი აქვს შვილის, გურამ ყაველაშვილის ხელფასიც, 4655 ლარის ოდენობით, ოღონდ, არ უთითებს სადაა დასაქმებული.
ყაველაშვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი ინგლისში, მანჩესტერშია დაბადებული, მეორე – შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. მესამე შვილი მას 2013 წელს საქართველოში შეეძინა. წინა ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს ასევე მის მეუღლეს, თამარ ბაგრატიონს. თამარ ბაგრატიონი მომღერალ ლიზა ბაგრატიონის დაა.
დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი დასაქმებული არ ყოფილა.
წინა დეკლარაციაში ყაველაშვილმა მიუთითა, რომ უფროსი შვილი, მარიამ ყაველაშვილი ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული. როგორც 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული, მას საცხობი ჰქონდა. 2022 წლის მარტში მარიამ ყაველაშვილმა შპს „meltfranchise“ (ბრენდული სახელწოდება melt) დააფუძნა. იგი თავად არის ამ კომპანიის დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი.
მარიამ ყაველაშვილი და გიორგი ივანიშვილი (თამარ ბაგრატიონის შვილი პირველი ქორწინებიდან) ყაველაშვილის ბოლო დეკლარაციაში აღარ ფიქსირდებიან (ამის მიზეზი, წესით, ის უნდა იყოს, რომ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ).
2021 წლამდე დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის ერთადერთი წევრი, ვინც ბინას ფლობდა, გერი, გიორგი ივანიშვილი გახლდათ, კერძოდ, 2015 წელს შეძენილს, 80 000 დოლარად თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე,
მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის – Oil trade and invest gmbh -ის 24,5%-ის მფლობელი იყო. ამის შესახებ ყაველაშვილმა 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, თუმცა ამ კომპანიაზე ჩანაწერი ბოლო დეკლარაციებში აღარ ფიგურირებს. კომპანიის წილების გასხვისების ან გაჩუქების თაობაზე 2020-2023 წლების დეკლარაციებში არაფერი იძებნება.
ნეტგაზეთის ცნობით, საჯარო რეესტრის 2008 წლის ამონაწერის მიხედვით, ყაველაშვილი, გარდა ავტოფარეხისა, ზუსტად იმავე მისამართზე 481 კვ.მეტრ ფართობს ფლობდა – მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე. ეს ფართობი მას იპოთეკით ჰქონდა დატვირთული „სილქ როუდ ბანკში“.
2009 წლის ამონაწერის მიხედვით ეს ქონება სააქციო საზოგადოება „ბითიეი“ ბანკის [იგივე სილქ ბანკი] საკუთრებად არის დარეგისტრირებული. საფუძველი: იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს განკარგულება.
2022 წლის ამონაწერით კი, ყაველაშვილი აქ მხოლოდ ავტოფარეხს – 88 კვ.მეტრს ფლობს. 481 კვ.მეტრი კი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე [იმავე საკადასტრო კოდით] ვინმე ნინო გოგეშვილს ეკუთვნის. ცნობისთვის, არც 2021 წლის, არც 2016 წლის დეკლარაციებში, ეს ქონება არ იყო ასახული, მხოლოდ ავტოფარეხი.
იმ შემთხვევაში, თუ ყაველაშვილი ქონებას მალავს. შესაძლოა, დიპლომიც სხვის სახელსა და გვარზე ჰქონდეს, უკაცარავად, მაგრამ ქართულ “ჯიგრულ” პოლიტიკას რას გაუგებ?!
კომენტარები