,,უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი (2-3 სველი წერტილი 60-მდე პირზე),” – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი წერს და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება:
? 5 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი მოინახულა და დაწესებულებაში მყოფ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.
✅ სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების სტაციონარული ფსიქიატრიული განყოფილებების ფიზიკური გარემო, პალატები, სასადილო სივრცეები, სველი წერტილები, შეხვდა და გაესაუბრა პაციენტებს, ცენტრის ადმინისტრაციასა და პერსონალს.
✅ ვიზიტის შედეგად განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში.
✅ უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი (2-3 სველი წერტილი 60-მდე პირზე). პაციენტებს არ მიეწოდებათ მათთვის საჭირო ყველა ჰიგიენური საშუალება. სასადილო სივრცე მცირეა, რაც პაციენტებს ერთად კვების შესაძლებლობას არ აძლევს.
✅ დაწესებულებაში გამოყოფილია სივრცე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი რესურსებით სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობისთვის, თუმცა სივრცეც და რესურსებიც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო აქტივობებში შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტის ჩართვას.
✅ მწვავედ გამოიკვეთა პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა (რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. საბედნიეროდ, შემთხვევას ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია). ასევე, ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, რაც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.
? სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფისთვის.
კომენტარები