უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული ინსპექციის შედეგად ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს. ამასთან, ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებული ნიმუშების ანალიზი კიდევ გაგრძელდება.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს ე.წ. ბინძურ ბომბს. კიევში ვლადიმერ პუტინის ბრალდებას სიცრუე უწოდეს. მიუხედავად ამისა, უკრაინის მიწვევით ქვეყანაში ჩავიდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები, რომლებმაც სამი ბირთვული ობიექტი შეამოწმეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ატომური სააგენტოს სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. კულებას თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ის ნომერ პირველი მატყუარაა მსოფლიოში“.
კომენტარები