რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება, რომელიც რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის არის აუცილებელი.
როგორც უკრაინული მედია წერს, დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ.
უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.
„სომხეთი რუსული კომპანიების ბიზნესს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. პირველ რიგში, ეს ეხება IT სექტორს. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დაახლოებით 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია სომხეთში ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან ორი ქვეყნის – სომხეთისა და რუსეთის ბიუჯეტში“, – აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.
კომენტარები