კიევის ოლქში, ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში პირველი ეჭვმიტანილის ვინაობა იდენთიფიცირებულია. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა საკუთარ Facebook-ზე წერს.
უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, ეჭვმიტანილი რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის მეთაური, სერგეი კოლოცეია.
“ბუჩის პროკურატურამ და პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ბუჩაში, 18 მარტს სწორედ ამ სამხედრო მოსამსახურემ მოკლა ოთხი შეუიარაღებელი მამაკაცი”. – წერს ვენედიქტოვა.
ამას გარდა, პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 29 მარტს აწამებდა მოქალაქეს, რათა მას ეღიარებინა რუსეთის არმიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში მონაწილეობა. როგორც გენერალური პროკურორის ინფორმაციაშია ნათქვამი, კოლოცეი მოქალაქეს სარდაბში სცემდა ხელებით, კონდახითა და დანის ტარით; ჩაჰყავდათ ადგილზე, სადაც ხალხს ხოცავდნენ, ყურთან მიჰქონდათ იარაღი და ისროდნენ.
ვენედიქტოვამ ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლის დაშინებისთვის, მას აიძულებდნენ დაეყნოსა ადამიანის ცხედრები.
რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის “უკანასკნელ პროვოკაციას” უწოდებს.
კომენტარები