პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის საპასუხოდ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა და ეს პოზიტიური შედეგი მათი მიღწევების შედეგია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მივესალმებით. ეს არის ნამდვილი ისტორიული გადაწყვეტილება, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის. ეს უკრაინისთვის ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა, უკრაინელი ხალხი მაედანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებისთვის ამისთვის გამოვიდა, 120 დღეზე მეტია უკრაინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. უკრაინელები ახლა ევროპასა და დემოკრატიას ყოველ დღე იცავენ. ჩვენი მომავლისთვის სიცოცხლეს სწირავენ. უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება. ევროკავშირი იცვლება. ის უფრო ძლიერი იქნება. ის იქნება უფრო მზად იმისათვის, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ღირებულებები დაიცვას, გლობალურ განზომილებაში ეკონომიკური მოთამაშე უფრო ძლიერი იქნება, არ იქნება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებას. უკრაინა მზად არის და უკრაინა აუცილებლად შეიტანს საკუთარ წვლილს. რუსულმა აგრესიამ და რუსული ჯარის დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსოფლიო, ევროპა, ევროკავშირი შეცვალეს,“ – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
მან ასევე საქართველოს მოსახლეობას ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა.
კომენტარები