უკრაინელი ჟურნალისტების და მეცნიერების ჯგუფმა Миротворець-მა რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელშემწყობად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის უარმყოფლად და უკრაინის წინააღმდეგ ჰუმანიტარული აგრესიის აქტების მონაწილედ გამოაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ორგანიზაცია სამართალდამცავ უწყებას რეაგირებას სთხოვს.
ჯგუფის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რიჟვაძეს ბრალს სდებენ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციით მანიპულირებაშიც. უკრაინული ჯგუფი სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვს, რიჟვაძის შესახებ გამოქვეყნებული ეს პუბლიკაცია განიხილონ როგორც განცხადება, მის მიერ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოების და საერთაშორისო სამართალწესრიგის წინააღმდეგ გათვითცნობიერებული ქმედებების ჩადენის შესახებ.
Миротворець-ი არის უკრაინაში 2014 წლის ანექსიის დროს დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც იმ ადამიანების პერსონალურ მონაცემებს აქვეყნებს, ვის ქმედებებსაც “უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობის, ადამიანის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ დანაშაულად” აფასებს. ამ ვებგვერდზე დღეს, 8 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ ინფორმაციაც გამოქვეყნდა.
7 მარტს რიჟვაძეს “TV პირველის” ჟურნალისტმა ჰკითხა, “ვინ დაიწყო ომი – უკრაინამ თუ რუსეთმა”, რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასე უპასუხა: “ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს… მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას”
6 მარტს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა წარმოშობით ქართველ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს, რომელიც რუსეთში მუშაობს. გენპროკურორმა გამოაქვეყნა დოკუმენტიც, რომლიდანაც ირკვევა, რომ კანდელაკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მიხედვით აქვს წარდგენილი, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თინა კანდელაკის მიერ რუსული პოლიტიკის მხარდამჭერი გამონათქვამები იგულისხმება.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები