ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში, ერთ–ერთ გვერდზე გაჩნდა მასალა ადვოკატ ნინო შავგულიძეზე, თავდაპირველ ვერსიაში, მას თაღლითს უწოდებდა მასალის ავტორი, თუმცა, შემდეგ ჩაასწორა და თაღლითი, არაპროფესიონალით შეცვალა, მასალის ჩასწორებული ვარიანტი თავადვე მიაწოდა ადვოკატს. განახლებულ ვარიანტში, იგი წერს, რომ ადვოკატი, მისი აზრით, არის არაპროფესიონალი და მატყუარა, რაც, პრინციპში, მაინც თაღლითობას მოიაზრებს. უცნაური ის გახლავთ, რომ მასალაში არც ამბავია მოყოლილი და არც რაიმე სახის ფაქტებზეა საუბარი, წერია, რომ მისი აზრით, ეს ადვოკატი არის არაპროფესიონალი, სასტიკი, არაჰუმანური და ლიცენზიაც კი არ უნდა ჰქონდეს. მასალის ავტორი წერს: „ეს ჩემი აზრია და მაქვს ამ აზრის უფლება, ხო ასეა?!“
მოგვიანებით, კიდევ ერთი მასალა ჩნდება იგივე პლატფორმაზე, სადაც ისევ ჩნდება სიტყვა თაღლითი, მეტიც, თაღლითობას უკვე ემატება შანტაჟის ბრალდებაც, კერძოდ კი, ამჯერად, მასალის ავტორი წერს, რომ მასალას აქვეყნებს ადვოკატ ნინო შავგულიძიძის თაღლითობის, შანტაჟის და არაპროფესიონალიზმის შესახებ, თუმცა, ისევ ისევ არ საუბრობს იმაზე ადვოკატის თაღლითობა რაში გამოიხატება. გარდა ამისა, მასალის ავტორი, კომენტარებში წერს, რომ ადვოკატი „აგოიმებს“ კლიენტებს, ოღონდ, ამჯერადაც არ საუბრობს იმაზე, რას გულისხმობს „დაგოიმებაში“ და წერს, რომ კედელზე ლარიან ქაღალდზე ამობეჭდილი სერტიფიკატები აქვს ადვოკატს გაკრული, აქაც არ აკონკრეტებს, მაინც რამდენლარიან ქაღალდზე უნდა ამობეჭდოს სერტიფიკატი და გააკრას, რომ მისი მოსაწონი იყოს. გარდა ამისა, რამდენჯერმე წერს, რომ „რეპუტაციაზე“ დაარტყა.
ჯამში, მასალის ავტორი ხაზს უსვამს ორ რამეს:
-
ეს ორივე მასალა მხოლოდ მისი აზრია და უფლება აქვს საკუთარი აზრი ჰქონდეს;
-
არაერთხელ იმეორებს, რომ მისი გვერდი კარგად „იგუგლება“ და შესაბამისად, ეს მასალები, სადაც მხოლოდ მისი აზრი ფიგურირებს, როგორც თავად ამბობს, კარგად „დაარტყამს“ ადვოკატის რეპუტაციას, წერს: „“როგორც ჩანს, თავს გუგლავს და გაუტყდა, ეწყინა, აჩყ–ს, თუ არ მოგწონს ჩემი აზრები და ქცევები“ – (სტილი დაცულია).
არც პირველ და არც მეორე მასალაში, თაღლითობის არც ერთი ფაქტი არაა მოყვანილი, არც ერთი ისტორია არაა მოთხრობილი, რომლის მიხედვითაც, თუნდაც, ცალმხრივად მაინც იქნებოდა შესაძლებელი, გაგვეგო რა სახის თაღლითობაზე და არაპროფესიონალიზმზეა საუბარი. მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც მასალის ავტორი იტყოდა, „იგუგლება“ და ადვოკატს რეპუტაციას ულახავს, გამოდის, ავტორის მიზანი რეპუტაციის შელახვაა, თანაც ფაქტების გარეშე, რაც, წესით და რიგით, დასჯადია.
თუმცა, მოგვიანებით, მასალის კომენტარების მიხედვით, ვიგებთ, რომ მასალის ავტორის მიზანი, კიდევ სხვა რამეცაა, მასალის ავტორი წერს: „ჩემი მიზანია 15 კა ლარი დააბრუნოს და ბოდიშები მოუხადოს დედებს და ცოლებს.“
როგორც ჩანს, მისი მიზანი, რეპუტაციის შელახვაა, იმით, რომ მისი მასალით „იგუგლება“ ადვოკატი და ასევე, ამ შელახული რეპუტაციის სანაცვლოდ – თანხის, 15 000 ლარის მიღებაა.
კომენტარებში წერენ:
„მოკლედ, ერთი ზარი შენთან დაუჯდება ოთუსბირი, შენთვის მოეცა ის ფული, ხო აიღებდი ამ სტატია, ეხლა იხადოს იქანეც და კიდო იქანაც“
„თუ ჭკუა აქვს, სანამ ჩაურთავს ხირჩლას „მძიმე არტილერია“, ის თანხა უნდა დააბრუნოს.“
„აგერ ტანკისთვის დაერეკა, მოგარიგებდათ უცებ“ – („ტანკი“ გვერდის ერთ–ერთი მომხმარებლის მეტსახელია.)
„კი, აბა რა, მშვენიერი მოსარიგებელი გოგოა“ – პასუხობს „ტანკი“.
კომენტარს: – „შენთვის მოეცა ის ფული, ხო აიღებდი ამ სტატიას“, მასალის ავტორი ასე პასუხობს: „ლოგიკურად ხომ დასაბრუნებელი აქვს?“
რამდენიმე კიდევ უფრო შორს მიდის და წერს, რომ სამშობლოს ღალატიც შეიძლება „შეტენონ“ ადვოკატს, რადგან „საქმეს სჭირდება“, რამის „შეტენვა“ რა საქმეს შეიძლება წაადგეს, არ წერენ, თუმცა, ალბათ, მკითხველისთვის, ისედაც ცხადია.
გარდა ამისა, მასალის ავტორი, აქვეყნებს სქრინებს, და წერს, რომ მას ვიღაც ემუქრება, წერს, რომ ეს პირი, რომელიც ესპანური ნომრიდან წერს, ნინო შავგულიძემ „მიუქსია“. გამოქვეყნებულ სქრინში, ადვოკატის ვინაობა არ ფიგურირებს, თუმცა, არ არის დაფარული ნომერი.
აღნიშნულ ნომერზე, პირი გაგვეცნო გიორგით და გვითხრა, რომ პირადად იცნობს მასალის ავტორს, რომ მასზეც გამოაქვეყნა მასალა და მისივე მტკიცებით, ფულის გამოძალვის მცდელობა ჰქონდა. გარდა ამისა, პირი, რომელიც აღნიშნულ ნომერზე გვპასუხობს, ამტკიცებს, რომ მასალის ავტორს მცდელობა ჰქონდა მისი მეგობრის დაშანტაჟებისაც და ამის დამადასტურებელი სქრინებიც აქვს. ამბობს, რომ კონფლიქტი მასალის ავტორთან სწორედ მისი საქმის გამო აქვს და ადვოკატ ნინო შავგულიძეს არც კი იცნობს.
„ალია“ დაუკავშირდა ადვოკატ ნინო შავგულიძეს, იგი გვიყვება, რომ მას მართლაც სერიოზული რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიადგა, რადგან, გარდა იმისა, რომ როგორც მასალის ავტორი წერს, „იგუგლება“, აღნიშნული მასალები პირად შეტყობინებებად დაეგზავნა მის ახლობლებს, და ნაცნობებს. იგი გვიყვება, რომ პირი, რომელიც მასზე ამ ტიპის შეტყობინებებს აგზავნის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაა.
ნინო შავგულიძე:
–მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავდასხმების ობიექტი გავხდი, სრულიად უმიზეზოდ, მე ვერ და არ მოვახდენ ბრალდებული პირების იდენტიფიცირებას და ამიტომ მინდა გთხოვოთ, იმისათვის, რომ არ მოხდეს ბრალდებულების იდენტიფიცირება, არც მისი დის, ამ შემთხვევაში, მასალის ავტორის იდენტიფიცირება მოვახდინოთ. ეს ადამიანი ჩემზე ცილისმწამებლურ ტექსტებს ფსევდონიმით წერს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩავერთე საქმეში, რომელიც საკმაოდ რთული კატეგორიის იყო. ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულია, 3 ბრალდებულია საქმეში და თითოს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სამივე ადამიანისთვის ეს იყო პირველი მსჯავრი, არც ერთი იყო ნასამართლევი და სამივეს დადებითად ახასიათებდნენ. მომჩივანი იყო სახელმწიფო მოხელე. მართლა ვერ მოვყვები დეტალებს, მაგრამ დიდი სამუშაო გავწიე, რომ საქმე დამესრულებინა საპროცესო მორიგებით და მორიგების პირობები მაქსიმალურად მორგებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე – კონკრეტულად კი, მათ, ნაცვლად 7 წლისა, მიესაჯათ მხოლოდ 1 წლიანი პატიმრობა, პატიმრობიდან 6 თვის შემდეგ, შეუძლიათ სამაჯურით გამოვიდნენ ციხიდან და დარჩებათ პირობითი მსჯავრი. რეალურად, ეს ადამიანები 6 თვეს გაატარებენ ციხეში 7 წლის ნაცვლად. არც ერთ ბრალდებულს ჩემთვის მადლობის მეტი არაფერი უთქვამს. ერთ–ერთი ბრალდებულის დაა ეს ქალბატონი, როგორც მოგვიანებით გავიგე და მართლა ვერ ვხვდები მისი პრეტენზიის მიზეზს.
საქმის მსვლელობისას პრეტენზია არ გამოუთქვამს, როცა მაშინ შევხვდი, ამბავი იკითხა ძმის, მაქო და მადიდა, ერთი რაც არ მომეწონა, იყო ის, რომ მაშინაც, ზოგად საუბარში, განსაკუთრებული ბილწსიტყვაობით გამოირჩეოდა, მაგრამ ეგ, ჩემი, როგორც ადვოკატის საქმე ნამდვილად არ იყო და აღარ მიმიქცევია ყურადღება. ერთხელაც, ახლობელი მირეკავს, ჩამიგდეს რაღაც ლინკი, სადაც თაღლითს გიწოდებენო, მალევე მეორე ახლობელი მირეკავს, შემდეგ დამირეკა კლიენტმა, მეც გამომიგზავნეს და საქმე უნდა წავიღო შენგანო.
თავიდან ვიფიქრე, რომ ყურადღების მიქცევა უნდა, ძლიერი, პრესტიჟული ადვოკატი ვარ, ბევრი მეგობრით და ასევე ბევრი მტრით, მაგრამ შემდეგ, როგორც მისი ახლობელი პირისგან გავიგე, თურმე, თანხა სურს, როგორც მითხრეს, 10 000 ლარზეა საუბარი. თუ ამ თანხას გადავიხდი, როგორც მეუბნებიან, შეურაცხმყოფელ, რეპუტაციის შემლახველ ტექსტებს წაშლის. გარდა ამისა, როგორც მომწერეს, თურმე, როგორც კი გამიცნო, უთქვამს, ფულიანს ჰგავსო. დავიჯერო, თავიდანვე ეგ განზრახვა ჰქონდა? რა გითხრათ, რაც მაქვს, ჩემი შრომით მაქვს ნაშოვნი. როგორც თქვენგან გავიგე, იმ თავის გვერდზე სულაც 15 000 ლარს ითხოვს. ვისი სახელით ითხოვს, ისიც ვერ გავიგე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არც ერთ პირს, სამი პირიდან, პრეტენზია არ აქვს. რაში მდგომარეობს ამ ქალბატონის პრეტენზია ისიც ვერ გავიგე, რადგან შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ტექსტების გარდა, არაფერს წერს. მადლობის მაგიერია, რომ ბიჭები 7 წლის ნაცვლად, 6 თვეში დატოვებენ საპატიმროს? 5 თვე უკვე გავიდა და სადაცაა გამოვლენ ციხიდან.
თავიდან დაწერა, რომ თაღლითი ვარ, რომ ვკითხე რატომ ვიყავი თაღლითი, ჩავასწორე არაპროფესიონალითო, მითხრა და მომაწოდა გასწორებული ლინკი, თან მითხრა, ჩემია ეს გვერდიო და ისიც მოაყოლა, იცი რაც უნდა ქნაო, ანუ, მაჩვენა, რომ ამ გვერდზე მას წაშლაც შეუძლია ტექსტის და ჩასწორებაც და თუ მინდა აიღოს, რაღაც უნდა ვქნა. ორჯერ მომწერა – იცი, რაც უნდა ქნაო – თავიდან მართლა ვერ მივხვდი, რას ითხოვდა ჩემგან, გულწრფელად, მერე, მეორედაც რომ გამიმეორა, იცი, რაც უნდა ქნაო და მისი ახლობლისგანაც შევიტყვე ფულის ამბავი, მივხვდი, რომ „იცი, რაც უნდა ქნა“–ში, ფულის გადახდას გულისხმობს.
რაში უნდა გადავუხადო ფული? იმაში, რომ 7 წლიანი ციხე ავარიდე ბიჭებს და 6 თვით შევუცვალე? იმაში უნდა გადავუხადო ფული, რომ შემეშვას და ასე უსაფუძვლოდ არ მეძახოს თაღლითი? შანტაჟის და ფულის გამოძალვის საქმეებზე თავად ვიცავ ადამიანებს და მე გავხდე შანტაჟის მსხვერპლი და ფულის გამოძალვის? მესმის, რომ ვიღაც ნახავს, ვიღაცას კიდევ გაუგზავნის, და ვიღაც დაიჯერებს კიდეც, ყველა არ მოსთხოვს მტკიცებულებას, ყველა არ დააკვირდება იმას, რომ ფაქტების გარეშე, მხოლოდ ცარიელ შეურაცხმყოფელ სიტყვებს წერს და ვიღაც დაიჯერებს, უკვე მომადგა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი და სავარაუდოდ, კიდევ ეცდება, მაგრამ რაც უნდა გააკეთოს, მე, ადვოკატი, შანტაჟის მსხვერპლი არ გავხდები.
არ ვაპირებდი საჩივრის შეტანას, სიმართლე რომ გითხრათ, მეგონა, როცა დაინახავდა, რომ ვერ დამაშანტაჟებს, გაჩერდებოდა, მაგრამ ახლა ისიც ჩემი ბრალი ყოფილა, ვინც რას მიწერს. წერდა, ვიღაც მემუქრება და ადვოკატმა მომიგზავნაო. ნომერი არ ჰქონდა დაფარული, მივწერე იმ პირს და საერთოდ არ გიცნობთ ქალბატონო, რა გინდათ, ვინ ხართ, მე გამწარებული ვარ მაგ ადამიანისგან და ჩემი პირადი საქმე მაქვსო.
წესით, პირველ რიგში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან უნდა შევიდე საპატიმროში და მათ ვთხოვო, წერილობით დამიდასტურონ, რომ ჩემთან პრეტენზიები არ აქვთ და არ მეძახიან თაღლითს, იმის გამო, რომ 7 წლიანი ციხე ავაცილე, მაგრამ ეგაც არ გამიკეთებია ამ ეტაპზე, არ მინდა მათი ნერვიულობა, ადამიანური მომენტია, დღე–დღეზე ციხიდან გამოსვლას ელოდებიან.
ალბათ, ბოლო გზა, მაინც საჩივრის დაწერა იქნება, რადგან ვფიქრობ, ადვოკატები თუ მივცემთ საშუალებას ვინმეს, ასე მარტივად დაგვაშანტაჟონ, ფული გამოგვძალონ, რეპუტაცია შეგვილახონ მტკიცებულებების გარეშე და იძახონ, ეს ჩვენი აზრიაო, მოქალაქეები რა საფრთხის ქვეშ დადგებიან? თავს თუ არ დავიცავ, მოქალაქეებს როგორ დავიცავ? პირადი აზრი შეიძლება გქონდეს ადამიანის კონრეტულ თვისებებზე და თაღლითობის უმძიმესი ბრალდება როგორ შეიძლება პირადი აზრი იყოს? თაღლითობა სისხლის სამართლის, უმძიმესი დანაშაულია, როგორ შეიძლება თაღლითობას მაბრალებდე და პასუხი მხოლოდ ის გქონდეს, ჩემი აზრია ეგეთი, ასე მომაფიქრდა და უფლება მაქვს დაგაბრალოო? ახლა თუ ჩემ დაშანტაჟებას მოახერხებს, შემდეგ სხვებსაც ასევე მოექცევა, სწორედ ამიტომ არ მაქვს როგორც მოქალაქეს, როგორც ადვოკატს ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვების უფლება.
კომენტარები