ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მაგისტრატურის პროგრამების სტუდენტებს სწავლის საფასური მეტობით გადაახდევინა, რადგანაც უნივერსიტეტის მიერ დადგენილი სწავლის საფასური სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ლიმიტს აღემატებოდა. ჯამში 653-მა სტუდენტმა მეტობით 332,000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
აუდიტის სამსახური წერს:
“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. გრანტის ოდენობა განსაზღვრული იყო 2250 ლარით.
უნივერსიტეტმა კანონდარღვევით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასური 2011 წლიდან განსაზღვრა 2,500 ლარისა და 2,750 ლარის ოდენობით. შედეგად, 2011 წლიდან 2021 წლამდე, 653 სტუდენტმა ზედმეტად გადაიხადა, ჯამში − 332,000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის პერიოდში, წარმომადგენლობითმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილებები სამაგისტრო პროგრამების სწავლის საფასურის შემცირების და ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.
აუდიტის სამსახური უნივერსიტეტს მოუწოდებს, რომ გააძლიეროს შიდა კონტროლის სისტემა, რომლის ფუნქციებიც დეტალურად იქნება გაწერილი და რომელიც მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის იმუშავებს.
bm.ge
კომენტარები