წინა კვირას „ალიაში“ კორონავისურსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე დაიბეჭდა სკანდალური ინტერვიუ სამხედრო ექიმ გიორგი ლილუაშვილთან, რომელმაც მთელი რიგი პრინციპული და გადაუდებელი საკითხი დააყენა მთავრობის წინაშე. მათ შორის ერთ-ერთი იყო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება, რომ სოციალურ სამსახურებს დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინათ დედაქალაქის ქუჩებიდან უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანების გადაყვანა დროებით საცხოვრისებში, რომ ასეთი ადამიანები იზოლაციაში მოექციათ, მათთვის სათანადო პირობები შეექმნათ, რაც სამწუხაროდ არ განხორციელდა.
სამხედრო ექიმი გიორგი ლილუაშვილი ამჟამად ახალი ინიციატივით გამოდის. ის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს ელექტრონული ფოსტით უკავშირდება, მაგრამ რა პასუხი მიიღო ამ სამსახურისგან, ის თავად უამბობს „ალიას“ მკითხველს.
გიორგი ლილუაშვილი:
როგორც აცხადებენ, იმ წესით, დისტანციურად, ელექტრონული ფოსტით მივწერე მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს, რომელმაც ჩემი წერილი არ გაატარა რეგისტრაციაში და მომწერა, რომ აღნიშნული წერილი უნდა გატარდეს ადგილზე, მერიაში და ფიზიკურად უნდა მივიტანო და ჩავაბარო. სწორედ ის შემთხვევაა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო – ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. თვითონ აცხადებენ, ელექტრონულად გამოაგზავნეთ და გიპასუხებთო და ამ დროს მეუბნებიან, აქ მოდით და წერილი თქვენი ხელით ჩაგვაბარეთო. ეს ხომ განაპირობებს ქალაქში ზედმეტ გადაადგილებას, რომელიც ინფექციის გავრცელებას შეუწყობს ხელს. მოქალაქემ ზედმეტად რომ არ იმოძრაოს, ამიტომ შეზღუდეს სამარშრუტო ტაქსები. ამ დროს თვით მერიის ადმინისტრაცია საპირისპიროს აკეთებს და გვაიძულებს, ქალაქში ზედმეტად ვიმოძრაოთ. მე პირადად ინიციატივით მივმართე ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურს, ქალაქის მერს, ქვეყანაში მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე რომ იზღუდება ჩვენი, მოქალაქეების, უფლებები და საგანგებო მდგომარეობის წინა პერიოდია გამოცხადებული. ამ ფონზე გამოვდივარ ინიციატივით:
- დაუყოვნებლივ მოხდეს ქვეყანაში ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი პროდუქტების ფასების განსაზღვრა და აღრიცხვა.
- დადგინდეს ნორმები და თითოეულ ადამიანზე დაიწყოს მომზადება ამ სისტემაზე გადასასვლელად.
- განისაზღვროს მომსახურე პერსონალი, რომლებიც ნორმირებული პროდუქციის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფენ;
- მოხდეს ამ პირების შესაბამისი კომბინიზონებითა და დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა და ამის ორგანიზება უნდა იკისროს სახელმწიფომ, რათა უზრუნველყოს ნორმალური პროდუქტის უფასოდ მიწოდება.
რაც შეეხება იმ პრინციპულ საკითხებს, რაც „ალიაში“ წინა კვირას დაიბეჭდა, ჯერჯერობით მარტო კათარზისი გახსნეს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ სტატიაში ის კი არ გვითქვამს, რომ გაეხსნათ კათარზისი, არამედ ადამიანებთან უნდა მიეტანათ საკვები მისამართებზე. კათარზისის გახსნა ხომ ხანდაზმული ადამიანების თავშეყრას გამოიწვევს. თვითონ გვაფრთხილებენ, გადაადგილება შეზღუდეთ, სახლიდან არ გამოხვიდეთო და ამ დროს თავად ახდენენ ასეთი ხანდაზმული ადამიანების შეკრებას. და ყველაზე პრინციპული საკითხი: უსახლკარო ადამიანებისთვის დროულად უნდა გაიხსნას შესაბამისი საკარანტინო ზონა, სადაც ასეთი ადამიანები იქნებიან განთავსებულნი, ჩაუტარდებათ სანიტარული დამუშავება, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი იზოლაცია შესაბამის საცხოვრისებში.
უფალს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ვირუსის გავრცელება შეაფერხა ტემპერატურის დაცემამ და თოვლმა – ეს ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური საკითხის მოწესრიგებისთვის. ეს შეაფერხებს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას.
მისამართებზე პროდუქტის მიტანას იტალიაში სამხედროები ახორციელებენ. იტალიაში დროულად არ მოხდა პრევენცია და ამიტომ მიიღეს ასეთი მძიმე შედეგი. ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ კარგ მდგომარეობას, რადგან მასობრივად არ ხდება ვირუსის გავრცელება. ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას. ისინი იქ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. სპეცრეისებით უნდა მოხდეს მათი დაბრუნება სამშობლოში. ჩვენ ვალდებული ვართ დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს. ემიგრანტები სოციალურ ქსელში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან: საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან ითხოვენ დაბრუნებას მაგალთად, ესპანეთიდან ხაბულიანების ათსულიანი ოჯახი ითხოვს დაბრუნებას. ოჯახის უფროსმა ტელეფონის ნომერიც კი მიუთითა. მე ყველა შესაბამის სახელმწიფო სამსახურს გადავეცი ეს ინფორმაცია. კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით უნდა იზრუნოს და ჩვენ ვალდებული ვართ დავეხმაროთ.
ნანა სულავა
კომენტარები