პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი:
ამ პოსტში მინდა გაჩვენოთ რატომ არ ვარგა ქართული ოცნების მიერ დაინიცირებული და 2 მოსმენით მიღებული უკრაინული კანონპროექტი – დეოლიგარქიზაციის შესახებ, გაჩვენოთ როგორ არ შეესაბამება ის ჩვენს რეალობას და რატომ არის ეს სინამდვილეში კანონი უფულო ოლიგარქების შესახებ, რომელიც ამავე დროს იმ ხალხსაც ჩაგრავს, ვინც ფული იშოვა, მაგრამ პოლიტიკა არ აინტერესებს.
კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც კანონში მითითებული კრიტერიუმებიდან სულ მცირე 3 პირობას ერთდროულად აკმაყოფილებს, მიიჩნევა ოლიგარქად. კანონპროექტის თანახმად, ეს კრიტერიუმებია:
1. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
2.მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა;
3.ისეთი ბიზნესის ფლობა, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და ისეთი აქტივების ფლობა, რომელის ოდენობა 1000000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
განვიხილოთ ორი შემთხვევა: დავუშვათ ადამიანს არ აქვს ფული, მაგრამ ფლობს მცირე ბიზნესს, რომელსაც დომინანტური მდგომარეობა უკავია ბაზარზე, მაგალითად მხოლოდ მას შემოაქვს ჰოლანდიური ტიტები საქართველოში და ამავე დროს, ფლობს რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, მაგალითად რეგიონულ საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო, ასეთ შემთხვევაში ის აკმაყოფილებს ფორმალურ წინაპირობებს, რომ ოლიგარქთა რეესტრში მოხვდეს ანუ ოლიგარქად ვაცხადებთ უფულო ადამიანს, რაც დამეთანხმებით სრული ნონსენსია.
და მეორე: დავუშვათ ადამიანს აქვს ფული, აქვს ბიზნესი რომლიც დომინანტურია ბაზარზე და ამასთან, რომელიმე მასობრივი ინფორმაციის საშუალების მესაკუთრეცაა, მაგრამ საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც აქვს ინტერესი, გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს პოლიტიკისგან დისტანცირებული პირის ოლიგარქთა რეესტრში ჩარიცხვა და რატომ უნდა წარმოეშვას მას მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ან რატომ უნდა აეკრძალოს ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა. დამეთანხმებით ეს არასამართლიანი შეზღუდვაა და მხოლოდ ამ აპოლიტიკური „ოლიგარქის“ ბიზნესს საქმიანობას დააზარალებს.
ერთი რამ ცხადია ზემოაღნიშნული კანონპროექტი დაწერილია სხვა ქვეყნისთვის, მისი კოპირება და მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას და ოლიგარქთა გადამეტებულ გავლენასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილებას.
კომენტარები