5 აპრილს, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ შეაჯამა საქართველოში დეცენტრალიზაციის წინსვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, მიმოიხილა მიმდინარე პარტნიორებთან ერთად მიღწეული შედეგები და წარადგინა ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები.
ღონისძიება მოიცავდა ახალი პარტნიორების წარდგენას და მათთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაცვლას, რითაც ოფიციალურად გაფორმდა ადიგენის, ასპინძის, დუშეთის, ხაშურის, ლაგოდეხის, ონის, ფოთის, შუახევის, სიღნაღის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დასაწყისი. მემორანდუმების გაცვლისას, ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ აუდიტორიისთვის და გაეზიარებინათ მოლოდინები პარტნიორობის მიმართ.
ღონისძიება გახსნეს USAID საქართველოს მისიის დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა, პარლამენტის წევრმა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა კევინ მაკლოკლინმა. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, დეცენტრალიზაციის შემდგომი წინსვლის პროცესში.
„მოხარული ვართ, რომ დღეს, ოფიციალურად ვიწყებთ თანამშრომლობას დამატებით 11 მუნიციპალიტეტთან. შედეგად, მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამასთან თანამშრომლობით, 28-ამდე გაიზარდა. ჩვენი ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, ეხმარება მუნიციპალიტეტებს საკუთარი მოქალაქეების საჭიროებების გამოვლენაში და უფრო მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების მიწოდებაში, რაც აუმჯობესებს საქართველოში ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას,“ აღნიშნა USAID-ის მისიის, დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა, პარტნიორობის შესახებ საუბრისას.
მისასალმებელი ნაწილის შემდეგ, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ მოკლე ვიდეო რგოლი, რომელშიც ხაზგასმულია ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და მიმოხილულია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მიზნები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას, ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცებასა და კეთილდღეობის დონის ამაღლებაში, დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებასა და ისტორიული მიზნისკენ – ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ სწრაფვაში. ვიდეო პრეზენტაციისას, აღინიშნა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგები. ასევე, ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების და ფინანსური რესურსების გაზრდის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, რათა მათ უკეთ უპასუხონ მოქალაქეების საჭიროებებს. გარდა ამისა, ვიდეომ აჩვენა, თუ როგორ უწყობს ხელს პროგრამა ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემების და საჯარო სერვისების განვითარების და მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
წარმატებული თანამშრომლობის გაზიარების გაგრძელების მიზნით, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ უმასპინძლა პანელურ დისკუსიას რუსთავის, ქუთაისის, ჩოხატაურის და დმანისის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც ისაუბრეს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე. აღნიშნული დისკუსია მიზნად ისახავდა ახალი პარტნიორებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, პროგრამის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც თანამშრომლობს 28 მუნიციპალიტეტთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თვითმმართველობებში ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, მართვის სისტემების და საჯარო სერვისების განვითარების და მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით. მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომებით და ადვოკატირებით, პროგრამა მუშაობს მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გაზრდაზე და მეტი ფინანსური რესურსის გადაცემაზე, რათა მათ უკეთ უპასუხონ მოქალაქეთა საჭიროებებს.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ: USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. ამ დღიდან USAID-მა 1,9 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა, რაც მიზნად ისახავს ეფექტური და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუციების შექმნას; გაუმჯობესებულ განათლებას, ჯანდაცვას და სხვა საჯარო სერვისებს; ეკონომიკას, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოსახლეობისთვის; ასევე მოქალაქეებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ პროცესებს. ამჟამად, USAID 40 პროგრამას ახორციელებს: ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, განათლების, დემოკრატიული მმართველობის და მრავალი სხვა მიმართულებით. ყველა პროგრამა საქართველოს შიდა პრიორიტეტების საფუძველზე ირჩევა და მიზნად ისახავს ქვეყანის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიის გაძლიერებას, რათა საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში ინტეგრაცია.
სამწუხაროდ ქართული ოცნება განაგრძობს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და შეგნებულად უქმნის პრობლემას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას საქართველოსადმი.
USAID და სხვა დასავლური, დემოკრატიის მშენებლობისკენ მიმართული ორგანიზაციები, რუსული კანონის მიღების შემდგომ აღმოჩნდებიან უცხოური გავლენის მქონე აგენტები, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლური სიკეთეების შემოსვლას საქართველოში.
ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალებით უნდა შევუშალოთ ხელი რუსული კანონის მიღებას, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია.
არა რუსულ კანონს!
კომენტარები