უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთის მხარს ვუჭერდით ფინეთის სწრაფვას NATO-ს წევრობისკენ და მოხარული ვარ, რომ შემიძლია, ეს მოგილოცოთ. როდესაც მეკითხებით, რა სახის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას, გეტყვით, რომ ზუსტად იგივე.
უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იქნება. ნათლად გვესმის, რომ ეს არ მოხდება, ვიდრე ომი მიმდინარეობს, მაგრამ გვინდა, რომ ჩვენი პარტნიორები ღია კარის პოლიტიკიდან უფრო გადამწყვეტ ნაბიჯებზე გადაერთონ, რომ მოხდეს უკრაინული საზოგადოების მოტივირება იმაზე მეტად, ვიდრე ღია კარია. გვსურს, ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერა დღესვე გვქონდეს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრობაა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მეორე პრიორიტეტი უკრაინული არმიის გაძლიერებაა.
“ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვართ NATO-ს წევრი, მაგრამ ჩვენი მიზანი ალიანსის სრულუფლებიანი წევრობაა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. მეორე პრიორიტეტი კი ჩვენი არმიის გაძლიერებაა”, – ამბობს ზელენსკი.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა, რათა სკანდინავიის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების სამიტს დასწრებოდა.
კომენტარები