15 თებერვალს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი შვილი, ზაზა მეჭიაური ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,უშენობის მძიმე წელი გავიდა, მამა. შენმა გულმა დიდი ტკივილი წაიღო იმქვეყნად. მადლობა, რომ შენი ვაჟკაცობა, შენი ნაკეთები სიკეთე, შენი დანატოვარი სიყვარული ყოველთვის გაგვიძღვება ცხოვრებაში.❤️?”
თამაზ მეჭიაური 1954 წლის 1 დეკემბერს, თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დაიბადა. ის საქართველოს მეოთხე, მეხუთე და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მათ შორის, 1995-1999 და 1999-2004 წლებში თიანეთის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში მეჭიაური „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა. „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თამაზ მეჭიაური კენჭს დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად იყრიდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კანდიდატურა მოხსნა. 2017 წელს თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე იყარა კენჭი და გაიმარჯვა. ეს იყო ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მერის არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში დამარცხდა. მეჭიაურს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ოქტომბერში ამოეწურა და მერის არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ მიიღო.
თამაზ მეჭიაური 2022 წლის 15 თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა.
კომენტარები