უშიშროების ყოფილი მდივანი თეონა აქუბარდია პოლიტიკაში მიდის და ის გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ უერთდება.
თეონა აქუბარდია 2008 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრია.
2016 წლის ჩათვლით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე გახლდათ.
თეონა აქუბარდიამ დღეს განაცხადა:
“დღეს პირველად ვიმყოფები ამ ფორმატში, როდესაც არ ვარ სპეციალისტი, არამედ შემოვდივარ პოლიტიკაში. ეს გადაწყვეტილება არ იყო იოლად მისაღები. თუმცა, როდესაც დღეს ვხედავ, რომ ქვეყანაში არა არის არც უსაფრთხოება, არც სტაბილურობა და არც კეთილდღეობა, ვხედავ ქვეყანაში შექმნილ მძიმე პრობლემებს დემოკრატიის კუთხით, დასავლეთის მკაცრ კრიტიკას, რომელიც არ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდეგ და როდესაც ვხედავთ იმ უიმედობას და ნიჰილიზმს, რომელიც გამეფებულია საზოგადოებაში, არ მქონდა უფლება არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და არ შემოვერთებოდი ამ გუნდს.
გიორგი ვაშაძესთან ერთად “სტრატეგია აღმაშენებლის” ფარგლებში ერთი წელი ვიმუშავე და ამ ერთწლიანი დაკვირვების შედეგად მივიღე ეს გადაწყვეტილება”
შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური კოალიციის „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე კოალიციის ძირითადი გუნდი არ წარუდგენიათ, რასაც გიორგი ვაშაძე უახლოეს პერიოდში გეგმავს.
კომენტარები