ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მომხდარ ყაჩაღობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ცოლ-ქმარი, 80 და 78 წლის გრიშა და იზო პროცენკოები დააბეს, აწამეს და სახლიდან გარკვეული რაოდენობის თანხა წაიღეს.
დაზარალებული ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ შემთხვევის შემდეგ, იზო პროცენკომ დახმარების სათხოვნელად მეზობლებს მიაკითხა. მას ჭრილობები სახის არეში ჰქონდა მიყენებული და მოძრაობა უჭირდა.
“დაახლოებით 8-ის ნახევარი იქნებოდა იზო, რომ გადმოვიდა. სახეზე ჭრილობა ჰქონდა და მთლიანად დასისხლიანებული იყო, ძლივს მოაღწია ჩვენამდე, შველის სათხოვნელად. გვითხრა დაგვაყაჩაღესო, გრიშა ვერ ინძრევა, ლოგინზეაო. ხელი და ფეხი ორივეს გაკოჭილი ქონდა, ძლივს მოვხსენით ყელზე შემოჭდობილი თოკი. წუხელ ცუდი ამინდი იყო და სახლის გვერდით დამხმარე ნაგებობაში, ე.წ. “კუხნაში” დაუძინიათ. ძროხა გაყიდეს ახლახანს, ცოტა პენსიაც ჰქონიათ შეგროვილი, მანდარინის ბაღიც აქვთ. 2000 ლარზე მეტი არის წაღებული.
ეს თანხა რომ აუღიათ, მერე მისულან იქ, სადაც ცოლ-ქმარს ეძინათ. უწამებიათ, გაუკოჭავთ, კიდევ გექნებათ სადმე ფულიო. ძალიან თავისუფლად იქცეოდნენო. მაცივარი გაუღიათ, კომპოტი დაულევიათ. მთელი სახლი გადატრიალებულია. გაგიჟებულები ვართ. ამჟამად ორივე საავადმყოფოშია და ველოდებით როგორ იქნებიან, არაფერი გაგვიგია არავის, სანამ იზოლდამ არ გაგვაგებინა”, – დაზარალებული ოჯახის მეზობელი, ჟუჟუნა ბაქანიძე.
დაშავებულ გრიშა პროცენკოს “მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე ამბობს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ ქალბატონი უფრო მსუბუქად არის დაზიანებული, აღენიშნება თავის ტვინის ტრამვა. მამაკაცს აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრამვა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მოტეხილი აქვს დაახლოებით 10 ნეკნი, ელენთის დაზიანება. ამჟამად დასრულდა მამაკაცის ოპერაცია. მოხდა მარცხენა პლევრის ღრუს დრენირება და ელენთის ამოკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა, მისი მდგომარეობა საერთო ჯამში სტაბილურია”,- განაცხადა დავით მდინარაძემ.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კვირა
კომენტარები