მას შემდეგ, რაც ცოტნე გამსახურდიას დედამ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გამოაქვეყნა ანგარიშის ნომერი და ითხოვა თანხის ჩარიცხვა ცოტნე გამსახურდიას მკურნალობისთვის, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, შეწყვიტა ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის დაფინანსება „ქართუ“ ბანკმა?უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ქალბატონი მანანას პოსტს, ზოგი ბრაზობს, ზოგი ხელფასს ელოდება, რომ თანხა ჩარიცხოს ცოტნეს გადასარჩენად:
„ალია“ ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ანა ჯაბაურს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად.
-პირველ რიგში, როგორია ცოტნეს ჯანმთელობის მდგომარეობა, რას ამბობენ გერმანელი ექიმები?
-ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია. მივყვებით გერმანელი პროფესორების მიერ ცოტნეს რეაბილიტაციისთვის შექმნილ ინდივიდუალურ გეგმას. დაგეგმილია რამდენიმე სამკურნალო პროცედურა, რომლის ჩატარების შემდეგაც გვპირდებიან ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას.
-ქალბატონო ანა, ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ქალბატონი მანანა არჩვაძის ანგარიშის ნომერი მოწოდებით, ჩაურიცხონ ცოტნესთვის სამკურნალო ფული. რა ხდება?- შეუწყვიტა ან შეუზღუდა ქართუ ფონდმა ცოტნეს დაფინანსება? თუ ასეა, მეც და ბევრნი გავიღებთ მოკრძალებულ წვლილს ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის.
-ქართუ ფონდმა ცოტნეს დაფინანსება არამც თუ შეუწყვიტა ან შეუზღუდა, არამედ წინსწრებით უხდის ყოველთვიურად ულიმიტოდ ნებისმიერი რაოდენობის თანხას, რომელსაც ცოტნეს მკურნალობა საჭიროებს. უფრო მეტს გეტყვით – ქართუს გარდა საჭირო თანხისა, ყოველთვიურად წინასწარ შეაქვს დამატებითი თანხაც ცოტნეს სარეზერვო ფონდში, დამატებითი შესაძლო საჭიროების გამოვლენის შემთხვევისთვის. ასე, რომ არამცთუ თქვენ, არამედ მთელ მოსახლეობას მოვუწოდებთ მეც და ცოტნეს ძმებიც – არცერთ ანგარიშზე, სადაც ცოტნეს მკურნალობის ფულის შეგროვებაზე იქნება ლაპარაკი, თანხა არ ჩარიცხოთ, რამეთუ ამ თანხიდან არცერთი თეთრი ცოტნემდე არ და ვერ მივა ორი მარტივი მიზეზის გამო – ცოტნეს ყველაფერი წინასწარ აქვს დაფინანსებული სარეზერვო ფონდის ჩათვლით. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ცოტნეს ფინანსური მხარდამჭერი არის გიორგი გამსახურდია, რომლის გარეშეც ცოტნეს ანგარიშზე თანხა უბრალოდ ვერ მოხვდება და რომელიც კატეგორიულად არ დაუშვებს არავითარი თანხების ცოტნეს სამკურნალო ანგარიშზე დარიცხვას, რადგან ცოტნეს ანგარიშზე უკვე იმაზე მეტია, ვიდრე ის საჭიროებს. გიორგი გამსახურდიამ უკვე ხაზგასმით დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია თქვენს მიერ ზემოთ ნახსენები ანგარიშის გახსნის შესახებ (რასაც ამორალიზმი და პროვოკაცია უწოდა). მის აზრს სრულიად იზიარებს კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელმაც პოზიცია საკუთარ ფეიბუქგვერდზე დააფიქსირა. ბოლოს, თავს უფლებას მივცემ და ერთ რამეს დავამატებ ცოტნეს სახელით – თუ ვინმეს სურვილი და საშუალება გაქვთ ცოტნეს ფინანსური მხარდაჭერისა, ჩაურიცხეთ თანხა იმ გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთაც ეს მართლა სჭირდებათ. ეს იქნებოდა ცოტნეს სურვილიც…
-ცოტნეს ძმები ახსენეთ, როგორც ვიცი აქტიურად არიან ჩართულები ცოტნეს რეაბილიტაციის პროცესში.
-დიახ, ცოტნეს ორი არაჩვეულებრივი ძმა ყავს. ორივე, გიორგიც და კონსტანტინეც, ყოველდღიურ კონტაქტში არიან ჩვენთან, საქმის კურსში არიან ყველა დეტალის შესახებ და გადწყვეტილებებსაც სამივე ერთად ვიღებთ. იშვიათ ძმობასა და მზრუნველობას ავლენენ ორივე. დაუყოვნებლივ აგვარებენ ყველა მცირე პრობლემასაც კი, რასაც კი თავი უჩენია მთელი ამ ცხრა თვის განმავლობაში. ანალოგიურად, მუდმივად ვგრძნობთ გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლის – ანის გვერდში დგომასაც. მოკლედ, ხუთივე მობილიზებულნი ვართ იმ საერთო საზრუნავის ირგვლივ, რასაც ცოტნეს ჯანმრთელობა ჰქვია…
-ვენახზე უნდა გკითხოთ კიდევ და ცოტნეს ქონებაზე – ვიცი რომ სასამართლომ ცოტნეს ქონების მოვლა დაავალა გიორგის, თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი მანანა შევიდა კოშკში და აჩეხა ცოტნეს ნაფერები ვაზი. თუ აპირებთ და რა ფორმით აპირებთ ცოტნეს ქონების დაცვას?
-ცოტნეს ქონების დაცვა გიორგის ევალება მას შემდეგ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა, ცოტნეს ქონებრივ და ფინანსურ საკითხებში მხარდამჭერად გიორგის დანიშვნის შესახებ. რაც შეეხება ვაზის აჩეხვას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა მომაწოდა ამის შესახებ ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, სანამ ინტერნეტსივრცეში არ გავრცელდა ეზოს იმ ნაწილის ფოტო, რომელშიც ცოტნემ ნოემბერში 200-მდე ძირი ვაზი ჩაყარა და რომლის ადგილზეც ახლა ტრიალი მინდორია, ნაცვლად ახალამოსული რამდენიმესანტიმეტრიანი არამსხმოიარე ახალგაზრდა ვენახისა. დიახ, აბსოლუტურად დაუჯერებელი ამბავია ჩემთვის და უზარმაზარი დარტყმა იქნება ცოტნესთვის, როცა გაიგებს…
-ჩვენთვის ცნობილია რომ ქალბატონ მანანას როგორც პრეზიდენტის მეუღლეს აქვს ძალიან მაღალი პენსია, დაახლოებით 7000 ლარი, აგრეთვე წყნეთში მთავრობის მიერ ნაჩუქარი დიდი სახლი, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ჯიპი პრადო, მთავრობის მიერ გამოყოფილი მძღოლით, ვეძისში სახლი, ფაქტია, რომ გადავიდა საცხოვრებლად კოშკში. მეორე მხრივ, თქვენ ამბობთ, რომ ცოტნეს მკურნალობა წინასწარაა დაფინანსებული სარეზერვო ფონდიდან. ხომ ვერ გვეტყვით, რას ემსახურება ცოტნეს მკურნალობის სახელით მოსახლეობისთვის ქალბატონი მანანას მხრიდან თანხის ჩარიცხვის თხოვნა? ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ზვიადის მთავრობის ყოფილ წევრებს წერილები დაეგზავნათ თანხის ქალბატონი მანანას ანგარიშზე ჩარიცხვის მოთხოვნით… ასევე თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, რა ტიპის ფინანსური დახმარება მიგიღიათ ქალბატონი მანანასგან ამ ცხრა თვის მანძილზე და გადმოურიცხავს თუ არა ფული კლინიკის ანგარიშზე, თუ გადმოურიცხავს, რა ოდენობის?
-დიახ, მეც მითხრა ეს ინფორმაცია ზოგიერთმა მათგანმა, თუმცა ამ ყველაფერზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია მხოლოდ ჩემი ნამოქმედარის ახსნა. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ან თანხის გადმორიცხვას – ფულის გადმორიცხვის არც ფაქტი ყოფილა და არც მცდელობა, არც საჭიროება იდგა არასოდეს, როგორც მოგახსენეთ, ცოტნეს წინასწარ აქვს ყველაფერი დაფინანსებული.
ალია
კომენტარები