„ალის“ ესაუბრება „კავკასიის სახლის“ წევრი, პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე.
– გასაჯაროვდა სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის მშენებელი თურქულ კომპანია „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება. კონტრაქტი იმდენად კაბალურია ქართული სახელმწიფოსთვის, რომ მსგავსს ვერ ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ უცხოელ ინვესტორთან გაფორმებული არაერთი კონტრაქტი მინახავს. რიონის ხეობის 99 წლით, 116 ლარად გადაცემა თურქული ენერგოკომპანიისთვის, ჩემი აზრით, სახელმწიფო დანაშაულია. ვინ უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი და რა სახით? აქ კიდევ ერთ კითხვას დავსმამ – რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების ამგვარი თავგასულობა, რომელიც საკუთარ ხალხს, ფარული გარიგებით, უყიდის მიწას, ხე–ტყეს, მდინარეებსა და იმ მიწაში არსებულ სხვა ბუნებრივ რესურსებს?
– თქვენს ორივე კითხვაზე პასუხს ერთ პერსონაჟამდე, ნათია თურნავამდე მივყავართ. წარმოიდგინეთ, ეს ქალი 1990-იანი წლებიდან, ქართული ეკონომიკის მართვის სადავეებთან დგას. იგი გახლდათ სახელგანთქმული ავანტიურისტისა და ქვეყნის მასობრივ გაღარიბება-გაძარცვაში ეჭვმიტანილი, ეკონომიკის მინისტრ ვანო ჩხარტიშვილის მოადგილე; იყო მასობრივი პრივატიზაციისა და სახელმწიფოს ქონების საყოველთაო განიავების მთავარი შემოქმედის – ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძის მოადგილე. ამჟამად, თავად აღზევდა სამინისტროს მთავარ სავარძელზე. სახელმწიფო სამსახურიდან თავისუფალ დროს უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობდა ძმები ბეჟუაშვილების კორპორაციაში, რომლის კისერზეც არის ათობით ტყიბულელი მეშახტის სიცოცხლე. იცვლებიან ხელისუფლებები, ნადგურდება ქვეყანა, სახელმწიფო ვერ ახერხებს ეკონომიკური სიდუხჭირის ალყის გარღვევას, არ გვაქვს სერიოზული, ხელმოსაჭიდი პროგრესი, მოსახლეობა 5 მილიონიდან 3 მილიონამდე მცირდება, ნათია თურნავა კი სულ მთავრობაშია, მდიდრდება, გავლენებს იხვეჭს, მას მორალურ პასუხსაც კი არ თხოვს არავინ!!!
შესაბამისად, სანამ კოლექტიურ ნათია თურნავას, ჩამორჩენილი და ფუნდამენტალისტური, ნეოლიბერალური ეკონომიკური ხედვების მქონე ადამიანებს, მხოლოდ საკუთარ შემოსავალსა და ძალაუფლებაზე დაგეშილ, ყველა მთავრობას დაქვემდებარებულ მოხელეებს თავიანთი მშობლების მიერ დატოვებულ ოროთახიან ბინებში არ დავაბრუნებთ, ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება! ნამახვანსაც ააშენებენ, კიდევ 150 ჰესსაც ჩადგამენ ჩვენს მდინარეებზე და განვითარების ელემენტარული რესურსიც აღარ გვექნება. მივიღებთ ჩვენი საზოგადოებისა და ბუნების განადგურების ხარჯზე გამდიდრებულ მოსახლეობის ერთ პროცენტს.
– რას ელით იმ მოლაპარაკებებიდან, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით? ოპოზიციის უმთავრესი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია და დაყაბულდება ხელისუფლება ამ მოთხოვნას?
– როგორი არის ჩვენი პოლიტიკური კლასი? ანუ როგორები არიან ჩვენი პოლიტიკოსები? მათ არ გააჩნიათ პრინციპები, პირველივე დაბრკოლებისას შეუძლიათ უღალატონ თავიანთ სიტყვას, მათთან ერთად შეუძლებელია ელემენტარულ სტაბილურობასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ მაღალი რანგის მედიატორი გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს, რომელსაც პირველივე შესაძლებლობისთანავე, ძალაუფლების მოპოვების ან შენარჩუნების მოტივით, რომელიმე მხარე თავზე დაგვახევს. მაშასადამე, დიდი გარდაქმნების და ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
– ჩემი აზრით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო, ებრძოლა უკეთესი საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობისთვის… ვადამდელი არჩევნები რას შეცვლის? რომელიმე ახალი ძალა გამოჩნდება? უკეთეს არჩევნებს ჩავატარებთ? ღარიბაშვილის ნიკა მელიათი ჩანაცვლება რომელიმე ფუნდამენტურ პრობლემას გადაჭრის? კრიზისი შეწყდება? ყველა აღნიშნულ კითხვაზე ჩემი პასუხი უარყოფითია. ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ პოლიტიკურ ან საარჩევნო სისტემაში რაიმე შეიცვალა! ცვლილებების გარეშე მივიღებთ უარეს შედეგს, ორპარტიულ რეჟიმს, მხოლოდ „ნაცებს“ და „ქოცებს“, ასევე კოლექტიურ თურნავებს.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები