ექიმ-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი:
Front Line COVID-19 Critical Care Alliance (FLCCC) – ამერიკელი ექიმების, უპირატესად კრიტიკული მედიცინის, თუმცა არა მარტო, ექიმთა ასოციაციაა. უკვე ერთ წელიწადზე მეტია არსებობს, აერთიანებს მაღალი რეპუტაციის ექიმებს, რომელთაც დიდი გამოცდილებაა აქვთ კოვიდ-19 ის მართვაში, როგორც სამეცნიერო ისევე პრაქტიკული კუთხით. რეგულარულად დებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს სხვადასხვა დოკუმენტების და პოდკასტების სახით. აქვთ მუდმივად განახლებადი, დინამიური გაიდლაინები კოვიდ-19 ის პრევენციის, ამბულატორიული და ჰოსპიტალური მკურნალობის და პოსტკოვიდური მართვის მიმართულებით. რეკომენდაციები ეყრდნობა სამეცნიერო მტკიცებულებების დეტალურ ანალიზს, კრიტიკულ აზროვნებას და უბრალოდ საღ აზრს. განსხვავებით NIH, CDC, IDSA ზოგჯერ ცოტა მოუქნელი გაიდლაინებისაგან, რომელთაც პანდემიის წელიწადნახევრის თავზეც, ამბულატორიული პაციენტებისათვის ადრეულ ეტაპზე სამკურნალოდ პრაქტიკულად არანაირი რეკომენდაციები არ მოუციათ, გარდა მონოკლონური ანტისხეულებისა, რომელთა ეფექტიც საკმაოდ ზომიერია, განკუთვნილია ძირითადად მაღალი რისკის კატეგორიისათვის, საჭიროებს ინტრავენურ ინფუზიას – რაც ძალიან მოუხერხებელ ლოჯისტიკას განაპირობებს და რაც მთავარია გარდაუვალია ეფექტურობის კარგვა ახლო მომავალში რეზისტენტული შტამების ევოლუციასთან ერთად (რა შემთხვევაშიც ატარებს ანტისხეულით გაძლიერებული დაავადების გამოწვევის რისკებსაც).
NIH/CDC/IDSA გაიდლაინების ამბულატორიული მართვა პრაქტიკულად გვთავაზობს შემდეგ სქემას: თუ დაგემართათ კოვიდი, დაჯექით სახლში, დაელოდეთ სანამ ან სპონტანურად გამოჯანმრთელდებით ან ჰიპოქსიისაგან გალურჯდებით, და თუ ლურჯდებით მოგვმართეთ სტაციონარული მართვისთვის, თუმცა იცოდეთ რომ ამ ეტაპზე თქვენი პროგნოზი უკვე ძალიან სერიოზულია.
არადა ამ ხნის განმავლობაში დაგროვილია უამრავი კვლევა, როგორც რენდომიზირებული ორმაგად ბრმა, მაღალი ხარისხის, ისევე ობზერვაციული კოჰორტული, რეტროსპექტიული კვლევები. ზოგი ძალიან მაღალი სანდოობის, ზოგი სუსტი და ხარვეზების მქონე. თუმცა ამ კვლევებმა გამოკვეთა ბევრი პრეპარატი, რომელთა ეფექტურობაც საკმაოდ გამოხატულია. შეგვიძლია გაუთავებლად ვიდავოთ, რომ არის კვლევებს შორის ხარისხობრივი და რაოდენობრივი განსხვავებები, რომ შესწავლილი პოპულაციები არაჰომოგენურია, მათი ნაწილი ბოლომდე ვერ აღწევს ე.წ. სტატისტიკურ მნიშვნელობას (რაც ხშირად ძალიან პირობითი საკითხია), არის კვლევების შედეგებს შორის გარკვეული უთანხმოებებიც, მაგრამ როდესაც NIH/CDC/IDSA გაიდლაინები, უპირობოდ იღებენ შეიარაღებაში ორ სამკურნალო პრეპარატს რომელთაგანაც ერთს დადასტურებულად არ გააჩნია ეფექტურობა, ხოლო მეორეს შემთხვევაში მხოლოდ მინიშნებაა ეფექტურობაზე ხოლო ხელაღებით უარყოფენ დიდი ხნის გამოცდილ, უმეტესად უსაფრთხო პრეპარატებს, რომელთაც მრავალი კვლევით აქვთ მკაფიო სიგნალი როგორც მორბიდულობის ისე სიკვდილობის მხრივ (მაგალითად: ივერმექტინი, ფლუვოქსამინი, მელატონინი, ანტიანდროგენები, D ვიტამინი, თუთია, ასპირინი და სხვა) და მათთვის თუნდაც მსუბუქ რეკომენდაციასაც ვერ იმეტებენ, ეს რაღა თქმა უნდა ბევრ ამ დარგის პროფესიონალში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს. არადა პანდემიის არაეფექტური მართვა სწორედ პაციენტების გვიან დაწყებულ მკურნალობაშია, რაც იწვევს საავადმყოფოების გადატვირთულობას, რესურსების გამოფიტვას, მორბიდულობის და რაც მთავარია სიკვდილობის ზრდას.
ასე რომ მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ მათ მიერ მოწოდებულ გაიდლაინებს რაც მიმაჩნია, რომ არის არა სხვა გაიდლაინებთან (NIH/CDC/IDSA) რამენაირად დაპირისპირებული, არამედ უფრო კომპლემენტარული და ამ გაიდლაინების შეჯერებით და კრიტიკული ანალიზით, შეიძლება უფრო ოპტიმალური შედეგების მიღწევა. მაგალითად FLCCC-ის რეკომენდაციებიდან სრულიად არ ვეთანხმები ტოცილიზუმაბის უგულებელსყოფას – პირადად ჩემთვის ცალსახაა ტოცილიზუმაბის ეფექტურობა როგორც კვლევების მიხედვით, ისე საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე. ვუწევ რა მთელი პანდემიის განმავლობაში რეგულარულ კონსულტაციებს რამოდენიემე დიდ კოვიდ საავადმყოფოს, ვადასტურებ ამ პრეპარატის გამოხატულ ეფექტურობას (თუ რა თქმა უნდა მისი დანიშვნის აუცილებელი კრიტერიუმები დაცულია). ასევე არ ვარ პროფილაქტიკური მკურნალობის დიდი მომხრეც (გარდა მყიფე, მაღალი რისკის პირებისა) და უფრო ვემხრობი სიმპტომების გამოჩენიდან დაუყოვნებლივ მკურნალობის დაწყებას იმ რეჟიმით, რომელიც მოწოდებულია FLCCC-ის გაიდლაინით, რომელიც წარმოადგენს უკიდურესად უსაფრთხო და მაღალი ალბათობით საკმაოდ ეფექტურ სამკურნალო რეჟიმს.
ისევ დავუბრუნდეთ ე.წ. „repurposed drugs” ანუ სხვა დანიშნულებით ლიცენზირებულ პრეპარატებს, რომლებიც ეფექტური აღმოჩნდნენ COVID-19 ის მართვის დროს. დაგროვდა უკვე საკმაოდ ბევრი კვლევა სხვადასხვა პრეპარატებზე, რაც საშუალებას გვაძლევს გარკვეული მოსაზრებები გამოვთქვათ და ზოგიერთი მათგანის გამოყენება პრაქტიკაშიც დავნერგოთ. რაღა თქმა უნდა ეს პროცესი უნდა ემყარებოდეს კვლევების რეზულტატების საფუძვლიან განხილვას და კრიტიკულ ანალიზს. ამ თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო და პრაქტიკული ვებ გვერდია https://c19early.com/ სადაც ხდება მუდმივ რეჟიმში მსგავს პრეპარატებზე არსებული კვლევების მეტა-ანალიტიკური ფორმატით წარმოდგენა. საიტი საშუალებას გვაძლევს კვლევების ჯამური ეფექტი დავალაგოთ კვლევების სანდოობის (Peer Review პროცესის გავლის მიხედვით), ტიპის (ორმაგად ბრმა რენდომიზირებული თუ ყველა კვლევის ჯამური შედეგი), საკვლევი პრეპარატის მოქმედების (ანტივირუსული ეფექტი), ინტერვენციის დროის (ადრეული თუ გვიანდელი ჩარევა) და გამოსავლის მიხედვით (სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში დაყოვნება). თუ თავად სტატიების დეტალებით დაინტერესდებით, შეგიძლიათ თითოეული მათგანის სრული ტექსტი იხილოთ იქვე. მოკლედ COVID-ის მართვით დაკავებული ექიმებისთვის ძალიან კარგი რესურსია. რა თქმა უნდა მიღებული ინფორმაცია ყველამ საკუთარი ანალიზის პრიზმაში უნდა გაატაროს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკაში გამოყენების კუთხით. და გვახსოვდეს რომ კოვიდის ეფექტური მართვა გადის ადრეულ ამბულატორიულ მკურნალობაზე.
https://c19early.com/?fbclid=IwAR2dG9Se1pSfdDD8CsRg9TjahDbBSqJ7A7oj-EnF1rPzBhKd_9-Xbg5YTP0
ფლუვოქსამინი საკმაოდ წარმატებულ და უსაფრთხო პრეპარატად გამოიყურება ადრეული ამბულატორიული მკურნალობისათვის. TOGETHER წარმოადგენს COVID-19 ის სამკურნალო პრეპარატების კვლევების ადაპტაციურ პლატფორმას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა კანადურ-ბრაზილიური კვლევის შუალედური შედეგები (კვლევა შეწყდა, რადგან ფლუვოქსამინის სარგებლიანობამ მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას). დეტალებისათის შეგიძლიათ გაეცნოთ პრეზენტაციას ქვემოთ. კვლევის შედეგების სტატიის სახით გამოქვეყნება იგეგმება მალე. აქამდე არსებული კვლევებიც მიანიშნებდნენ ფლუვოქსამინის დადებით ეფექტებს, თუმცა ხარისხობრივად და რაოდენობრივად, ეს კვლევა გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას და მონაცემები მაღალი საიმედოობით გამოირჩევა. კვლავ გვახსოვდეს, რომ კოვიდის ეფექტური მართვა გადის ადრეულ ამბულატორიულ მკურნალობაზე.
კომენტარები