„ალია“ ესაუბრება დეპუტატს, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ადა მარშანიას:
-ორი დღის წინ პრემიერი გახარია კიდევ ერთხელ წარსდგა პარლამენტის წინაშე და ამჯერადაც უამრავი დრო დახარჯა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლანღვა-გინებაში. თქვენც გამოირჩევით მათი „შემკობით“, თუმცა, გახარია პრემიერია, ხელისუფლებას, თქვენგან განსხვავებით, სხვა ბევრი ბერკეტი ჰქონდა მათ წინააღმდეგ 2012 წლიდან, რაც არ გამოუყენებიათ…
-ბატონი გახარია „პატრიოტთა ალიანსს“ მგონი, საერთოდ არ ელაპარაკება და ოპოზიციად მიაჩნია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ორი ფრთა, რომელიც ჩემთვის ერთია. რას ელაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობას“ გახარია, ჩვენ დიდად არ გვაინტერესებს – ეს დროის ფუჭად ხარჯვაა. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ უნდა იყოს პარლამენტში, ჩვენი აზრით, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ შეგნებულად გაკეთებული. ეს არის რიტორიკა ვერბალურ დონეზე, დემაგოგია, ლაპარაკის და განცხადებების დონეზე, თქვენ ასეთებო და თქვე ისეთებო, კობახიძე მთლად ფაშისტებს ეძახით. თუ ასეთი მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ამგვარ განცხადებას, ეს ფაშისტურ ძალა როგორ მოხვდა პარლამენტში? არ გვითხრან ახლა, რომ ხალხმა აირჩია და იმიტომ არისო – სანამ ხალხი აირჩევდა, უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი – მათ მიერ ჩადენილი კრიმინალი ხომ არსად წასულა? თუ შენ ნორმალურად გამოიძიებდი და ნორმალურად წარადგენდი დოკუმენტაციას პარლამენტში, მათ მოეხსნებოდათ იმუნიტეტი და წაბრძანდებოდნენ ციხეში. იმენიტეტი არ არის დაცვა კრიმინალური ქმედებისგან, იმუნიტეტი იმიტომაა მოგონლი, რომ ადამიანმა მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება თავისუფლად გამოხატოს პარლამენტში. ვიღაცა მოკლა, აწამა, იქურდა, დააქცია ქვეყანა და იმუნიტეტი დაიცავს? ასე უკუღმართადაა გაგებული იმუნიტეტი.
-ნიკა მელიას შემთხვევაში საკმაოდ მარტივად მოხსნეს იმუნიტეტი.
-კი და ზუსტად ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი მელიას იმუნიტეტის მოხსნას – რომ ეს იყო შერჩევითი სამართალი. მელიას ბევრად ნაკლები აქვს დაშავებული, ვიდრე მაგალითად ბოკერიას.
-ვის აწყობს იმ რეზოლუციის არ მიღება, რომელიც “სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას“ ითვალისწინებს და რასაც წლებია სთავაზობთ პარლამენტს?
-არ აწყობს ხელისუფლებას, ეს გამოჩნდა უკვე სიგრძე-სიგანეში, ოპოზიციაში აწყობთ ნაციონალური მოძრაობა, დისკრედიტირებული, დასვრილი, ძალა, მათ ფონზე „ქართული ოცნება“ ისე ცუდი რომ აღარ გამოჩნდეს. ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე ოპოზიცია სჭირდება უვარგის ხელისუფლებას. ნორმალური, ჯანსაღი, ძლიერი, ავტორიტეტიანი ხელისუფლება რომ გვყავდეს, ასეთი ოპოზიციური ფრთის ყოლა იქნებოდა სირცხვილი. როცა ხალხის ზურგს უკან თამაშობ და ამ დისკრედიტირებულ ძალასთანაც კი შავბნელ მოლაპარაკებებში ხარ – გამოდის, თავად ხარ უვარგისი…
-რომელ მოლაპარაკებას გულისხმობთ? არჩევნებს?
-კი, საიდან მოვიდა ის 800 ათასი ხმა – ეს იყო ჩაგდებული, ჩაყრილი, აბა, რა გგონიათ, რატომ სჭირდებათ ის ჯიბის ქალბატონი, ცესკოს თავმჯდომარე, ეს უსირცხვილო, მთელი თავის ნათესავები, დედის, მამის, მეუღლის მხრიდან ცესკოში რომ დაასაქმა?!. ერთი-ორი ნათესავი არ გამიკვირდებოდა, ყველას უჭირს, ყველა იხვეწება, მაგრამ, ნათესავებში არავინ დატოვა რომ არ დაესაქმებინა თავისთან.
-როგორ მართა და როგორ მართავს ხელისუფლება კრიზის, რომელიც კიდევ არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება?
-რა გითხრათ ახლა, არაფერი გასაგიჟებელი, არაჩვეულებრივი და საოცნებო „ოცნებას“ არ გაუკეთებია, ექიმებმა კი ძალიან კვალიფიციურად იმუშავეს. ჩვენ არა ვართ ჩასაფრებული ოპოზიცია, რომ თეთრი და დადებითი ვერ დავინახოთ, კვალიფიციურად მოიქცნენ, ჩვენმა ექიმებმა არა მხოლოდ დაიზღვიეს თავი, გადაიზღვიეს კიდეც და სწორიც ქნეს. ერთი შემთხვევა იყო, სამი-ოთხი, არ იყო საპანიკო სიტუაცია, გადააზღვიეს ქვეყანა და სწორი ქნეს, ყოჩაღ, მადლობა მათ. ამას გარდა, მადლობა ღმერთს, მარტო გახარია ხომ არ არის მთავრობაში, ივანიშვილიც უნდა ვთქვათ – მათ ყველამ დაუჯერეს ექიმებს. კარგი ექიმები გვყავს, მაღალი კვალიფიკაციის და მათ დაუჯერა ხელისუფლებამ, ეს არის მისასალმებელი. თორემ, იცი რა, რომ აფეთქებულიყო, ღმერთმა დაგვიფაროს და გადავსებულიყო ჩვენი საავადმყოფოები, ეს მთავრობა რას იზამდა, არავინ იცი, ჩვენ ნაკლები გვაქვს ბიუჯეტიც და თანხაც, ევროპაში გგონიათ, ცუდი ექიმებია? უბრალოდ იქ ნაკადი იყო დიდი და მაინც რამდენი ექიმი დაიღუპა, ფიზიკურად ვერ უმკლავდებოდნენ. კვალიფიკაციაც აქვთ, ჩვენზე ათჯერ მდიდრებიც არიან და მედიკამენტების დიდი მარაგიც აქვთ. დააკვირდით, გარდა საქართველოსა, აფხაზეთშიც ძალიან კანტი-კუნტად გავრცელდა. ნახეთ რას ამბობენ სპეციალისტები და ვეთანხმები, ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც თავის დროზე გვაქვს მალარია გადატანილი, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობის ხალხს და არეულია ეს მეგრელი, ქართველი და აფხაზი ერთმანეთში და მათ უმეტესობას გადატანილი აქვს მალარია. მოგეხსენებათ, კორონავირუსს მალარიის წამლებით მკურნალობენ. აი, ამაშია საქმე.
-კრიზისი გრძელდება, უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის და დახმარების გარეშე და ამას ემატება ისიც, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულარული ფრენა არ იქნება – არ იქნება ტურისტი.
-მძიმე მომენტია ეს, ეს საკითხი ბევრჯერ დავსვით და ვთქვით. 200 ლარია ცოტაა, მაგრამ ამბობენ, რომ ჯერ ეს საშუალება გვაქვს. დროზე გასცენ, ხალხი უკვე თავისი დანაზოგით 4 თვეა ცხოვრობს, ასეთ უმუშევარ ქვეყანაში 4 თვე შენი დანაზოგით იცხოვრო, ძალიან რთულია. ამიტომ, ბევრჯერ ვთხოვეთ მთავრობას, დროზე გაეცით დახმარება-თქო და დაგვპირდნენ, კი, გავცემთო და ვნახოთ, რას იზამენ. ასევე, კარგია, ევროპიდან რომ მოდის საკმაოდ დიდი თანხა, მთავარია, ამ თანხის გაკონტროლება, მაგრამ, როგორც არ უნდა მოინდომო ამ თანხის გაკონტროლება, ხელისუფლების ხელშია ეს თანხა მაინც, ამიტომ მარტო პოლიტიკურმა პარტიებმა კი არა, მოსახლეობამაც უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება ყაირათიანად, ჭკვიანურად და ეფექტურად განაწილდეს ეს თანხა და არა, როგორც მე ვხედავ, რომ ბანკებისთვის მიცემას აპირებენ. რაც შეეხება ტურისტს, ტურისტები რომ არ ჩამოდიან, ახლა მიზეზი პანდემიაა და მანამდე რა იყო მიზეზი? არ ჩამოდიოდნენ გაბუნიას იდიოტური განცხადებების და 20 ივნისის გამო, არ დასაჯეს ეს ადამიანები, გაბუნია სამსახურიდანაც კი არ დაითხოვეს. ამ ვაჟბატონმა პუტინი გალანძღა მხოლოდ? ჩვენ არ გაგვლანძღა? უწმაწური სიტყვები რომ მოგვასმენინა? ლანძღოს თავისი მეგობრები და ნათესავები, როდესაც ეხება საქმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტს, როგორიც არ უნდა იყოს ის, გაბუნიას უფლება არა აქვს ასე საუბრის. შენ მტერს თუ გინდა რაღაცა უთხრა, ვაჟკაცურად უნდა გააკეთო, სჯობდა ეთქვა, მე შენ გნახავ, პუტინო და იმის გამო, რომ საქართველოს ამდენი დაუშავე, მე შენ მოგკლავ – სჯობდა ეს ეთქვა, ვიდრე ის, რაც თქვა და მერე კიდევ გაიმეორა წელს. იდიოტიზმი სრული. არ დამთავრდება გაბუნიას ამბავი ნორმალურად, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ რაღაც ცუდი მოხდება…
-რას გულისხმობთ? რა მოხდება და როდის?
-არ ვიცი მე როდის, აბა, საიდან ვიცი, რას ემსახურება ეს საუბარი? მტერს ღირსეული სიტყვები უნდა შეუთვალო და არა ასეთი უღირსი. პუტინზე ვარ განაწყენებულიო, გაბუნიამ და მე რა ვთქვა, სახლი წამართვეს, გამომაგდეს და ამდენი წელია სახლში ვერ ჩავდივარ, იქ მარტო სეპარატისტები კი არ იყვნენ, რუსების ბრალი არ არის? რა თქმა უნდა, არის. დავჯდე ტელევიზორში და ვაგინო პუტინს დედა და მამა? რას მივიღებ ამით? ღირსეულად უნდა ეომო და ღირსეულად უნდა ელაპარაკო მტერსაც. უფრო ძლიერიც გამოჩნდება და მტრის თვალშიც პატივისცემას დაიმსახურებ…
-თქვენი პარტია ემზარ კვიციანმაც დატოვა – კიდევ ვინმე ხომ არ აპირებს წასვლას? გავრცელდა ხმები, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ შეიძლება დაიშალოს, ან გაიყოს…
-ჯერ არ გამიგია, ყველას უხარია და ჩასაფრებულია, ხომ არ დაიშლება „პატრიოტთა ალიანსი“. კარგი გუნდია, მებრძოლი გუნდია, რატომ უნდა დაიშალოს? 251-252 პარტიაა დაფიქსირებული და აქედან რამდენიმე ჩანს, ამ რამდენიმეში ყველაზე მებრძოლი ჩვენი პარტიაა და რატომ უნდა დაიშალოს?
-ემზარ კვიციანმა სკანდალური განცხადება გააკეთა – თქვა, რომ ყველა პარტიაში და მათ შორის „პატრიოტთა ალიანსშიც“ სუს-ის აგენტები არიან ჩანერგილი, ხომ ვერ გვეტყვით, ვის გულისხმობდა?
-ვის გულისხმობდა ნამდვილად არ ვიცი, მე ვადასტურებ იმას, რომ ყველა პარტიაში ცდილობს სუს-ი თავისი აგენტი შეაგზავნოს. ყოველთვის ასე იყო, ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული…
-როგორ აპირებთ მათი აგენტების გამოვლენას?
-იმ ადამიანის საქციელით გამოვლინდება, პარტიის წვერების თვალთვალს მე ვერ მოვახერხებ, დრო უნდა, ხალხი უნდა, საშუალება სჭირდება, რომ მანქანით გაჰყვე და ტელეფონს მიუსმინო მისას, ეს როგორ გავაკეთო? სახელმწიფო ორგანოებს აქვთ ამის საშუალება, მე – არა. მე შემიძლია დავაკვირდე, ვინ როგორ იქცევა, აქედან გავაკეთებ დასკვნას. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს ბევრი ადამიანის საქციელი დიდი ხანია.
-თქვენ პარტიაში?
-კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები არ არიან ხელმძღვანელობაში და გადაწყვეტილებების მიმღებებიც არ არიან, უბრალოდ მუშაობენ… ჯერ ვერ დავასახელებ, რადგან 100 პროცენტით უნდა ვიყო დარწმუნებული, თუ დავრწმუნდები, დავასახელებ კი არა, ჩემი ხელით გავაგდებ.
-როგორი იქნება მომავალი პარლამენტი და რა წესებით ითამაშებს წინასაარჩევნოდ „ოცნება“?
-ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, დაიწია ბარიერი თეორიულად მაინც რომ ჰქონდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს პარლამეტში მოხვედრის საშუალება. მე 8 წელია ვაკვირდები „ქართულ ოცნებას“ და დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ არჩევნების ახალ წესს გამოიყენებს ძალიან ბოროტად, გამოიყენებს ცუდად, შეეცდება ისევ დარჩეს ხელისუფლებაში ხელოვნურად. შემოიყვანს ვიღაც ძალებს, ვითომ უცხოებს და მერე ეს ძალები მათივე სატელიტები იქნებიან… შეიძლება ისეთი ხალხი გამოჩნდეს, ვინც ახლა საერთოდ არ არის ჰორიზონტზე და აღმოჩნდეს პარლამენტში.
-ეცდება „ოცნება“ არჩევნების გაყალბებას?
-რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი, აბა, როგორ? არასოდეს არ იტყვის უარს გაყალბებაზე, თუ ამის საშუალება მიეცემა – თუ ხალხი არ მივა არჩევნებში და დარჩება ბიულეტინები. სჯობს მივიდეთ და თუ არავინ მოგვწონს, გადავხაზოთ ბიულეტინები, შენვე უნდა აიღო, შენვე გამოიყენო და შენვე ჩააგდო. ეს არის ყველაზე კარგი დაზღვევა გაყალბებისაგან. ამიტომ უნდა ემზარსაც, რომ სავალდებულო იყოს ყველასთვის არჩევნებში მისვლა, კიდევაც დააყენა ეს საკითხი, მაგრამ კობახიძემ უპასუხა, არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ ეს კანონი არ მიიღო და ადამიანს უფლება აქვს იგნორირება გაუკეთოს არჩევნებსო. შეიძლება ევროპაში ეგრეა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში რაღაცა დროით უნდა უნდა იყოს სავალდებულო.
-დეპუტატის გამოწვევის უფლებაც კარგი საშუალება იქნებოდა.
-კი, ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხიც, ამაზეც იგივე გვიპასუხეს, ევროპა დასცინის, ამერიკას არ მოსწონს… ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, ჩვენი, სპეციფიკური, ევროპამ გამოიარა თავისი გზა, ნუ უყურებ შენ ევროპას… ნუ, ჩვენ ხო ევროპული ფასეულობებით ვცხოვრობთო. კი ბატონო, ვიცხოვროთ, მაგრამ მანამდე ხომ უნდა მიხვიდე ნელ-ნელა? იმ ფასეულობამდე ჯდომით ხომ ვერ მიხვალ? მოკლედ რომ გითხრათ, კარგს არაფერს ველოდები, ისეთი უვარგისები არიან დღეს ხელისუფლებაში, რომ მათგან სიკეთეს არ ველოდები. მხოლოდ მოსახლეობის გონიერების იმედი მაქვს.
თამო კეშელავა, ალია №22
კომენტარები