ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მხოლოდ ვაკის ოლქში 3989 ბათილი ბიულეტენია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
“საგანგაშოა ბათილების რაოდენობა: ვაკის ოლქში არის 3989 ბათილი ბიულეტენი, რაც არის, საშუალოდ, უბანზე 50 ბათილი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, 7% გამოდის, რაც არის აბსოლუტურად უჩვეულო. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამას ჰქონდა კამპანიური ხასიათი – სპეციალურად არ აწერდნენ ხელს და არ ურტყამდნენ ბეჭედს ისეთ ბიულეტენებს, როცა ცნობდნენ ოპოზიციონერებს და მერე სპეციალურად აბათილებდნენ.
ორი წარმომადგენელი უარყოფს, რომ შესწორების ოქმის დაწერისას იქ საერთოდ ფიზიკურად იყვნენ და მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი ამ შესწორების ოქმზე. მას შემდეგ, რაც ისინი დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ისინი ფიზიკურად იქ არ იყვნენ და ის ხელმოწერა მათი არ არის, უთხრეს, რომ არ შეაწუხეს და მათ მაგივრად მოაწერეს ხელი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ისანში “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში 81-დან უმრავლესობაში, 45 უბანში არ არის ბალანსი.
“ისანში არის 81 საარჩევნო უბანი. აქედან 45 ოქმში არ გვხვდება ბალანსი. არცერთ უბანზე არ არის თანაფარდობა ბიულეტენების და ამომრჩეველი რაოდენობის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ყველა უბანზე დატრიალებულია ე.წ. გაყალბების კარუსელი. ჩვენ ვითხოვთ 45-ვე უბნის გაბათილებას,”-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კომენტარები